ნინო ცაგარეიშვილი და თამარ ავალიანი ICC-ს მიერ აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიებაზე
Your browser doesn’t support HTML5
18 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: თამარ ავალიანი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურიდიული სამსახურის უფროსი და ნინო ცაგარეიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელი. მათ ილაპარაკეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ საქართველოში 2008 წლის ომის პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის გამოძიების პროცესზე. კერძოდ, "ადამიანის უფლებათა ცენტრი" და კიდევ 5 არასამთავრობო ორგანიზაცია: "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი თვლიან, რომ ICC-ს მიერ წარმოებულ გამოძიების პროცესს ახლავს გამოწვევები და რეკომენდაციებს სთვაზობენ სასამართლოს. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად იურისტები, რომლებიც აგვისტოს ომით დაზარალებულთა ინტერესებს იცავენ, თვლიან სასამართლოს საზოგადოებასთან, დაზარალებულებთან კომუნიკაციას, რისთვისაც აუცილებელია ICC-ს ადგილობრივი ოფისის გახსნა საქართველოში. ის მოემსახურებოდა სასამართლოს მიერ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასაც და გაზრდიდა თავად სასამართლოს ინფორმირებულობას ადგილობრივი და რეგიონული კონტექსტის შესახებ. ოფისის გახსნით დაზარალებულებს გაუადვილდებოდათ კომუნიკაცია სასამართლოსთან და აგრეთვე დაეხმარებოდა მათ გამოძიების პროცესში ჩართვის მოტივაციის გაზრდაში. 17 ივლისის განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები თვლიან, რომ ადგილობრივი ოფისი"სასწრაფოდ" უნდა გაიხსნას. დაზარალებულებისა და მოწმეების მოძიებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოძიებისთვის, რადგან დიდწილად მათ მაქსიმალურად მობილიზაციაზე დამოკიდებული 2008 წლის ომის დანაშაულების გამოძიების მასშტაბი და ეფექტიანობა. "დილის საუბრების" სტუმრებმა გადაცემის დასასრულს ილაპარაკეს საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებებზეც მიმდინარე გამოძიების ფონზე.