მარიამ ორჟონია თავშესაფრის მაძიებელთა უფლებებზე

Your browser doesn’t support HTML5

12 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ ორჟონია, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) იურისტი/ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა საქართველოში თავშესაფრის მინიჭების კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე. IDFI-მ შეისწავლა 2012-2017 წლებში თავშესაფრის მაძიებელთა და მათი საქმეების განხილვის სტატისტიკა. ხუთ წელიწადში ლტოლვილთა სამინისტრომ (ერთადერთი ორგანოა, რომელსაც პასუხისმგებელია თავშესაფრის მაძიებელი პირის განცხადების მიღებაზე) თავშესაფრის მაძიებლად 5885 პირის განცხადება დაარეგისტრირა. მათგან 206-ს მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი, 1254-ს - ჰუმანიტარული სტატუსი. საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესწავლით ირკვევა, რომ სახელმწიფოს შეუძლია თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრას იმ საფუძვლით, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყანას. ამგვარი გადაწყვეტილება უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას ეფუძნება და თავად ამ ინფორმაციის დეტალები არ არის საჯარო. განმცხადებელი ვერ გებულობს რა მიზეზით თვლის მას საქართველოს ხელისუფლება საფრთხედ. შესაბამისად მას და მის დამცველს არ ეძლევათ საშუალება სრულფასოვნად განახორციელონ დაცვის უფლება. თავშესაფრის მაძიებლის საკითხის განხილვა სააპელაციო სასამართლოში სრულდება. მარიამ ორჟონიამ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის განსხვავებულ გამოცდილებასა და ევროსასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზეც ილაპარაკა და თვლის, რომ  თავშესაფრის მაძიებლებსა და მათ ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოდ მოაზრებულ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლო გადაწყვეტილებებს. IDFI-ს შეფასებით, "ინფორმაციის საჯაროობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს დააბალანსებს, თუ სასამართლო გადაწყვეტილებებში მითითებული იქნება ზოგადი დეტალები მაინც, მათ შორის - სავარაუდო კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებასთან და სხვა". თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების უკეთესად დაცვის დამატებით ალტერნატიულ გზად ორგანიზაცია ხედავს სახალხო დამცველისთვის უარის თქმის კონკრეტული საფუძვლის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის უფლების მინიჭებას.