სატრანსპორტო ბიზნესი ზუგდიდში სადავო ხდება

ზუგდიდი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით დასაქმებული მიკროავტობუსების მძღოლების ინფორმაციით, ზუგდიდში სატრანსპორტო ბაზარზე თურქული კომპანია „მეტრო“ შემოდის, რომელსაც, სერვისის თვალსაზრისით, კონკურენციას ვერ გაუწევენ. მძღოლები შიშობენ, რომ ახალი კომპანიის ამუშავებისთანავე ისინი უმუშევრები დარჩებიან. ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მძღოლის ბესიკ თაქთაქიშვილის განცხადებით, იყო ეჭვი, რომ ახალი კომპანიის გამოჩენით ადგილობრივი ხელისუფლება იყო დაინტერესებული და სწორედ ამ მიზეზით მათ არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია:

„ჩემი ბიზნესის წართმევა უნდათ. ეს ბიზნესი ისე არ მოსულა დალაგებულად და აწყობილად. რა გზა გამოვიარეთ, როგორი ცხოვრება გავიარეთ და ახლა ამათ აწყობილზე უნდათ მოვიდნენ. ვიღაც უცხო ფირმას უნდა, რომ მოვიდეს. არ გამოვა ასე. ჩვენ ბევრი ვართ“.

მძღოლები თხოვნით მიმართავენ მერიას არ დაუშვას თურქული კომპანიის ზუგდიდში შემოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპირებენ ბევრად ფართომასშტაბიანი აქციები გამართონ.

ამის საჭიროებას ვერ ხედავენ ქალაქის მერიაში, სადაც აცხადებენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არანაირი მოლაპარაკება არა აქვს კომპანია „მეტროსთან“. ვიცე-მერის გია გულორდავას განცხადებით, „მეტროს“ მოლაპარაკება ჰქონდა არა მერიასთან, არამედ ყრუ-მუნჯთა კავშირთან, რომ მას ავტოსადგომისთვის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მიწის ნაკვეთი დაეთმო. ამ ტერიტორიაზე ზაფხულში „მეტრომ“ დაიწყო ავტოსადგომის მოწყობა, თუმცა მერიამ იმ მიზეზით, რომ მიწის ეს ნაკვეთი რეკრეაციულ ზონას წარმოადგენს, კავშირის ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობა უკანონოდ ჩათვალა და ის 3 000 ლარით დააჯარიმა.

„მერიის შესაბამისი სამსახურიდან ნებართვა ავტოსადგურის მშენებლობაზე არ გაცემულა და არც გაიცემა. არ შეიძლება იქ ავტოსადგური არსებობდეს“, ამბობს გია გულორდავა.

თავის მხრივ, პრეტენზიები აქვთ ყრუ-მუნჯთა კავშირშიც. აქ ირწმუნებიან, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მიწის ნაკვეთი მათ 2014 წელს 49-წლიანი იჯარით გადაეცათ, ოფიციალურ დოკუმენტში კი არ არის მითითებული, რომ ეს ტერიტორია რეკრეაციული ზონაა და აქ მშენებლობა აკრძალულია. ყრუ-მუნჯთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მაია მეტონიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ კავშირი გაასაჩივრებს მერიის გადაწყვეტილებას დაჯარიმებასა და მშენებლობის აკრძალვასთან დაკავშირებით:

„არანაირი აკრძალვა ქონების მართვის სააგენტოდან არ მიგვიღია მშენებლობის აკრძალვაზე. შესაბამისად, მეიჯარესთან ჩვეულებრივ გავაფორმეთ ხელშეკრულება. ჩვენ კომპანიას ვთხოვთ, რომ არ დატოვოს ჩვენი ტერიტორია“.

მაია მეტონიძის განმარტებით, მოლაპარაკება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს „მეტროსთან“ და კავშირი მზად არის, იმ პირობით, რომ კომპანია დაასაქმებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, დაუთმოს მას საიჯარო ხელშეკრულებით ფართი, სადაც ავტოსადგომი განთავსდება.

თავის მხრივ, მძღოლები არ აპირებენ კონკურენტ კომპანიას ბაზარი გაუნაწილონ და აცხადებენ, რომ საპროტესტო გამოსვლებს გააგრძელებენ. მათ მხარს უჭერს საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია. მისი თქმით, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მძღოლების გვერდით დადგება და მათ ინტერესებს დაიცავს:

„არ შეიძლება დასაქმებული ადამიანების ჯიბეში ვიღაცამ ჩაყოს ხელი და შემდეგ მან თავისი ბიზნესი აწარმოოს“.

ლავრენტი ალანიას თქმით, შეიქმნება მძღოლების საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც ურთიერთობა ექნება მერიასთან, საიდანაც მიიღებენ ინფორმაციას სატრანსპორტო ბიზნესთან დაკავშირებულ გეგმებზე.