"მე დავბრუნდები..."
ჯემალ სეფიაშვილი
ახლაც ყურში ჩამესმის ამ გენიალური სიმღერის ტექსტი!
არ ვიცი, კერძოდ რა იწინასწარმეტყველეს მაიას ტომების ჯადოსნებმა, მაგრამ ჩვენმა დიდმა სახალხო ჰიმნოსანმა კომპოზიტორმა რომ ზუსტად განჭვრიტა არჩევნებისშემდგომი მომავალი, ფაქტია...
პარადოქსია: ის, რაც პრინციპში ვერ შეძლო ბეთჰოვენმა, სეფიაშვილს გამოუვიდა - იდეალი (თუ შეგონება), რომელიც მის მელანქოლიურ და პროვოკაციულ შედევრში გაჟღერდა, სულ მალე ხელშესახებ რეალობად იქცა: დაიწყო დიადი პერსონალური დაბრუნებების ეპოქა!
აგერ, ორმა თვემ განვლო არჩევნების შემდეგ და ახალი მთავრობა ჯერჯერობით მხოლოდ ორი საქმით გახლავთ დაკავებული: დაჭერებით და დაბრუნებებით...
ამან კი, როგორც უზადო ავტორიტეტი და ყოვლისმცოდნე მრჩეველ-ესქპერტ-ფინანსისტ-პოლიტიკოს-ბრძენ-გულთმისან-მორალისტ-ტელემჭევრმეტყველი გ. ხუხაშვილი ბრძანებს, შეყოლა იცის... თუკი დაბრუნებებისა და დაჭერების აზარტს აჰყევი, შესაძლოა, საარჩევნო წლებმაც ისევე სწრაფად გაირბინონ, როგორც ამ ორმა თვემ... საჩივრების დამწერს კი რა გამოლევს საქართველოში: ბერიას დროიდან წერენ. რაღაც დროს ტყუილ-მართალსაც ვეღარ გაარჩევ ერთმანეთისგან.
მერე კი, ღმერთმა ნუ ქნას, "ფიგაროსა" და "ნიუ-იორკ ტაიმსში" აღარც გვახსენებენ - მარტო "პრავდასა" და "იზვესტიაში" დაგვიწყებენ ქებას. ოღონდ ამასაც დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ.
და სადაც ქალბატონთ-ქალბატონი ლ. ელიაშვილი ითვლება თანამედროვეობის უდიდეს არასნობ ტელემენეჯერად, იქ მალე შოთა გორგოძეც მოუნდებათ შინაგან საქმეთა მინისტრად...
მაშინ, უკაცრავად, დაგვიბრუნეთ პავლე გილაშვილიც! ან რით იყო მიუღებელი ოთარ ჩერქეზია? და მძლეთა-მძლე რაზმაძე - გენ-პროკურორი... მუჭში ჰქონდათ მთელი საქ. სსრ! სადღა ნახავ ასეთებს! ჭითანავაც არ იყო ცუდი.
გამაგონეთ სოკოლოვოს ხმა "მეცხრე არხზე" - სხვანაირად ვერ დავიჯერებ, რამე კარგი თუ ხდება ჩემს ქვეყანაში!
და დადეთ კუნჭულიაც... ღირსეული ტალავერით თავზე. შეიძლებოდა მისი დავიწყება? აღადგინეთ დიქტორის ინსტიტუტი... ფურცლის გვერდზე გადადება და დათაფლული ხმით თქმა: "ახლა კი შესვენება ოც საათამდე".
თუმცა ისიც ხომ ცხადია, რომ დროს ვერ შეანელებ...
ხომ ხედავთ, რა სწრაფად გავიდა ეს შემოდგომა.