ჩემო საყვარელო და ამაყო ქართველებო,
ნუ ღელავთ, დამშვიდდით, ჩვენს თავს არაფერი ხდება უჩვეულო და ახალი...
ნუ შფოთავთ, ნუ ბრაზობთ!
ყოველთვის მომწონდა თქვენი შეურიგებელი მაქსიმალიზმი! დიდებული თვისებაა, ვერაფერს იტყვი...
აგერ, მშვენივრად ჩაკალით ამ ბოლო წლებში ჩვენი დიდი განძი - "ქურდული" მენტალიტეტი... და შედეგმაც არ დააყოვნა: ახლა ისინი წამებულები არიან და არა ქურდები!
ჰო, აბა... ჩემი აზრით, ის აღარცაა "ქურდი", ცოცხს რომ შეთხრი უკანალში, თავზე ნიღაბს ჩამოაცმევ (სისხლჩაქცევები რომ არ დაეტყოს) და ხელებს ზურგს უკან შეუკრავ, - ეგ წამებულია! კაცი რომ თავის პრინციპს არ უღალატებს (იმას რაღა მნიშვნელობა აქვს, რა პრინციპი აქვს) და ამისთანა რამეს გაუძლებს, "ქურდად" ნამდვილად ვეღარ ჩაითვლება... სხვა რაღაც დაერქმევა! ჰო, წამებული (შეიძლება გმირიც, რატომაც არა), მაგრამ თქვენ აწი რა გენაღვლებათ, თქვენ ხომ მთავარ მიზანს მიაღწიეთ - ამათ ახლა კაციშვილი აღარ მოიხსენიებს "ქურდებად"!
მეც სულ მაგას ვამბობდი: "გადით ქუჩაში, ნახეთ, რა უსაფრთხო გარემო გვაქვს, შეხედეთ, რამდენ სანიმუშო და თვალწარმტაც შენობა-ნაგებობას ვაშენებთ..." ისინი კიდევ: "გულაგი, გულაგი..." რა "გულაგი"! "გულაგი" რა ჯანდაბაა! შენ რას იყურები მაგ "გულაგებში"! უყურე იმას, რაც ლამაზია, რასაც ხედავ! აგერ, ფანტანს, ბატონო! აგერ, ახალ რიყეს (ჩემ დროს სახეშეცვლილს, სხვათა შორის)! იარე ახალ გზებზე (მართლა კარგია), რას იქექები ჯურღმულებში, სად ყოფ ცხვირს, შენი რა საქმეა, როგორ ვებრძვი (ან როგორ ვებრძოდი) მავნე ელემენტებს? მავნებლურ მენტალიტეტს...
დიახ, გაუშვი ბავშვი ქუჩაში! ხომ აღარ გეშინია? საშიში კი იცი, საცაა... და მავნე თუა და ჩემთან მოხვდა, შენ თავს დააბრალე! შენ რომ არ ურტყი თავის დროზე, მე მაგიტომ ვურტყამ! ისიც სხვას ურტყამს მერე და ის სხვაც კიდევ სხვას...
ოღონდ ყველა მრტყმელის და მწამებლის დასჯაც არ ივარგებს, საჭირო ხალხია... კიდევ გამოგადგებიან, დამიჯერეთ... პრობლემებს რა გამოგვილევს - ყოველთვის დაგვჭირდებიან...
თან ჩვენი ტრადიცია! ტრადიციებს კი, მოგეხსენებათ, გაფრთხილება უნდა!
იაგოდა და ეჟოვი მთხლეები იყვნენ ჩვენთან შედარებით! ჩვენ, ქართველებმა, ვასწავლეთ ნახევარ მსოფლიოს, როგორ უნდა მოეპყრო სამართლიანად და შედეგიანად (!) შენს ხელთ ჩავარდნილ ტუსაღს...
ორმა ქართველმა სრულვყავით ეს დიდებული მეთოდი...
ხოდა ნუ დავივიწყებთ, ხალხო, ამას! რაც ჩვენია, რაც ჩვენგან ამოვიდა, რაც ჩვენშია ჩასახულ-ნაზარდი, ნუ ამოვძირკვავთ! არაა ეს სირცხვილი... ჩვენი კულტურის ნაწილია ეს; სად და როდის დაგვჭირდება და სად ამოსკდება, ვინ უწყის... ერთ ცოცხს ნუ გადავაყოლებთ ჩვენ "ნოუ ხაუს!", მენდეთ... ვიცი, რასაც ვამბობ... კარგად გიცნობთ...
მუდამ თქვენი,
ლავრენტი ბერია