ავტორი: ელისაბედ გედევანიშვილი
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში უამრავი სტუდენტი ტრიალებს... ზაფხულია, გამოცდების დროა. სტუდენტებს შორის არიან სალომე სილაგაძე და ვანო კალმახელიძეც. ისინი არა მარტო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები არინ, არამედ „ნით ნითის“, სათამაშოების „სტარტ-აპის“ , დამფუძნებლებიც.
Your browser doesn’t support HTML5
სალომე სილაგაძე და ვანო კალმახელიძე სტუდენტები არიან. მათი დაკვირვებით, საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა და, ამავე დროს, ხელმისაწვდომი სათამაშოები არ იყიდება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს საკუთარი მცირე ბიზნესი წამოეწყოთ და შეეკერათ რბილი სათამაშოები, რომლებიც არც გარემოს დააბინძურებდა და არც ბავშვის ჯანმრთელობისთვის იქნებოდა საშიში. საუბრისას ვანო კალმახელიძემ აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ნაწარმის ხარისხი:
“ჩვენი წამოწყების შირმად განისაზღვრა ეკოლოგიური სისუფთავე, პროდუქტის ნატურალურობა და ის, რომ ეს ბავშვისთვის მავნებელი არ არის. გამოხმაურებაც, შესაბამისად, იყო და არის კიდეც ძალიან დადებითი”.
სალომეს ქსოვა ბავშვობიდან ეხერხება. დედისგან ნასწავლი ხელობის გარეშე კი „ნით ნითი“ (neat knit) ვერ იარსებებდა, რადგან მათ მიერ დამზადებული სათამაშოები სწორედ მოქსოვილია. სანამ ქსოვას შეუდგებიან, იწყება სამზადისი. სათამაშოს შექმნა პერსონაჟის, დიზაინის არჩევით იწყება. სალომე ამბობს:
“დიზაინს საერთო ძალებით ვარჩევთ, ვქმნით, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი ყურადღებით ვარჩევთ ფერებს, რომ არ იყოს ბავშვისთვის გამაღიზიანებელი, იყოს მისთვის დამაწყნარებელი”.
შემდეგ მონახაზს ადგენენ. პირველ სათამაშოს სალომე ქმნის, რის შემდეგაც მქსოველები შეუდგებიან საქმეს და სათამაშოებს კერავენ. დამზადების ტექნოლოგია, ანუ ქსოვა, შრომატევადი საქმეა.
“მარტივი არ არის ნამდვილად, დრო უნდა, ყურადღება უნდა და ნებისმიერ დეტალს აქვს მნიშვნელობა. ერთი რაღაც რომ შეგეშალოს, შემდგომ უკვე თოჯინა კარგავს იმ ვიზუალს, რომელიც უნდა ჰქონდეს”, ამბობს ვანო, სალომე კი ტექნოლოგიაზე უფრო დეტალურად გვიამბობს:
“რაც შეეხება მასალას, ჩვენი სათამაშოები 100 %-იანი ბამბის ძაფისგან იქსოვება, რომელიც ანტიალერგიულია, საღებავები და ფერი არ გადადის გარეცხვის შემდეგ. ვცდილობთ მაქსიმალურად მსუბუქი იყოს, რომ ბავშვმა კარგად შეძლოს ამ სათამაშოთი თამაში”.
სუფთა სათამაშოები მეტად აქტუალურია უცხოეთში. ევროპაში 1980-იან წლებში გაიზარდა მოთხოვნა სათამაშოების უსაფრთხოებაზე. დღეს ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმი ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა. ამ განხრით 2017 წელს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა კვლევა ჩაატარა. ცენტრის წევრებმა მაღაზიებში ნაყიდი სხვადასხვანაირი სათამაშოები გერმანიის ლაბორატორიაში შესამოწმებლად გაგზავნეს, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 44-დან მხოლოდ 22 სათამაშო აკმაყოფილებდა ევროპულ სტანდარტებს. სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, კანონი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ საქართველოში მხოლოდ 2019 წელს შევა ძალაში.
„ნით ნითი“ სწორედ ამ მოწოდების პასუხად წამოიწყეს სტუდენტებმა. ის მხოლოდ სამი თვეა, რაც შეიქმნა. სალომემ და ვანომ საქმე ისე დაიწყეს, რომ ფინანსური მხარდამჭერი არ ჰყოლიათ.
“უპირველესად, მატერიალური რისკი იყო, გაამართლებდა თუ არა ეს ჩვენი წამოწყება. და მას შემდეგ, რაც უკვე გავრისკეთ და ვცადეთ წამოგვეწყო ჩვენი საკუთარი კერძო ბიზნესი, მივხვდით, რომ ამ იდეამაც გაამართლა”, ამბობს სალომე.
მარი ჭელიძემ შვილისთვის „ნით ნითის“ არაერთი სათამაშო შეიძინა. ეკოლოგიურობა და ორიგინალური დიზაინი გადამწყვეტი აღმოჩნდა სათამაშოს არჩევისას. მარი ამბობს:
„ძალიან მოხარული ვარ, რომ მოიფიქრეს ასეთი კარგი რაღაც. ჩემი ინფორმაციით, არ არის სხვა ეგეთი ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო, რაც მნიშვნელოვანია პატარისთვის“.
ბიზნესს ინგლისური სახელი დაარქვეს, რაც, ავტორთა თქმით, ზოგში პროტესტს იწვევს. კითხვაზე, თუ რატომ არ შეურჩიეს ბიზნესს ქართული სახელწოდება, სალომემ რამდენიმე მიზეზი დაასახელა:
“ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ სახელზეც. გვინდოდა, რომ ადვილად დასამახსოვრებელი ყოფილიყო, გამოსათქმელადაც ადვილი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის ინგლისური სახელწოდება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი გეგმები მხოლოდ საქართველოს არ უკავშირდება და მომავლის პერსპექტივაც გავითვალისწინეთ“.
სათამაშოებზე მოთხოვნა დღეს უკვე დიდია. „ნით ნითის“ გუნდს ხშირად მიმართავენ მშობლები, რომლებსაც სათამაშოები სჭირდებათ. მოქსოვილი ნაწარმი კი საშუალებას აძლევს კომპანიას, მსურველებს ნაირ-ნაირი სათამაშოები ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს.