სასულე ორკესტრის მრავალი ფერი

ნინო ჯამერაშვილი. პირველი ტუბისტი ქალი ამიერკავკასიაში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრში სამოცდასამი შემსრულებელია. ორკესტრი ყოველდღიურად გადის რეპეტიციას იმისათვის, რომ შემდეგ მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებაში, რიტუალურ უზრუნველყოფაში, ქვეყნის პირველი პირების ოფიციალურ შეხვედრებში და, გარდა ამისა, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონცერტებში. ორკესტრის რეპერტუარი მრავალფეროვანია - სამხედრო მარშებიდან დაწყებული, თანამედროვე ჰიტებით დამთავრებული.

Your browser doesn’t support HTML5

სასულე ორკესტრის მრავალი ფერი

საყვირი, ფაგოტი, ფლეიტა, საქსოფონი, ტუბა, ლიტავრა, ვალტორნა, ტრომბონი, ქსილოფონი და სხვა... ახლა ყველა საკრავი ერთად უკრავს, თავდაცვის სამინისტროს საკონცერტო დარბაზში სასულე ორკესტრის წევრებს ნამდვილი კაკაფონია გაუმართავთ. თამარი საქსოფონს აწყობს, ირაკლი ფლეიტას, ვენგული საყვირს ირგებს, ნინოს ტუბა შემოაქვს დარბაზში. ორკესტრის დირიჟორის მოსვლამდე მუსიკოსების ნაწილი დარბაზში აწყობს საკრავებს, ნაწილი კი ბგერებს ფოიეში, სარკის წინ ამუშავებს.

ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის ყოველდღიური საქმიანობაა. 63 მუსიკოსისგან შემდგარ ორკესტრში ნაწილს სამხედრო ჩინი აქვს, ნაწილი სამოქალაქო პირია. ორკესტრში სამი ქალი უკრავს. მათ შორისაა 23 წლის ნინო ჯამერაშვილი. პირველი ტუბისტი ქალი ამიერკავკასიაში. სასულე ორკესტრში ხუთი წლის წინ მივიდა. 12 კგ-იან საკრავს სარეპეტიციო ოთახში ინახავს, ხუმრობს, ჩემი შვილის წონა აქვსო. 11 წლის იყო, ტუბაზე დაკვრა მუსიკის პედაგოგის რჩევით რომ დაიწყო. სწორედ ასე იქცა ის პირველ ტუბისტ ქალად ამიერკავკასიაში. ერთ-ერთი პირველი ღონისძიება, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო, ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ჩამოსვენების ცერემონიალი იყო:

„ახალი მოსული ვიყავი ორკესტრში, როდესაც ავღანეთში შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ეს კადრები. ეს მძიმე ტრავმა იყო როგორც მთლიანად საქართველოსთვის, ისე, ცხადია, პირადად ჩვენთვისაც. მძიმე მომენტი იყო ჩემთვის ამ პროცესში მონაწილეობის მიღება“...

Your browser doesn’t support HTML5

სასულე ორკესტრი, მარში და "Happy"

ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი 1991 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასთან ერთად შეიქმნა. სწორედ იმ დროიდან უკრავს ორკესტრში გოჩა თაბუაშვილი. ის ამჟამად ორკესტრში დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს, თუმცა პროფესიით ვალტორნისტია. გოჩა ამბობს, რომ დღეს თანამედროვე სასულე ორკესტრი მხოლოდ სამხედრო მარში არ არის და მისი რეპერტუარი გაცილებით მრავალფეროვანია:

„ზოგისთვის სამხედრო ორკესტრი მარტო მარშია. ეს მარტო მარში არ არის, აქ ვუკრავთ სხვადასხა საესტრადო ნაწარმოებებს, ვასრულებთ ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. სასულე ორკესტრი ნამდვილად არ არის ერთფეროვანი. როცა სულით და გულით მუსიკოსი ხარ, როცა მაყურებელს მოსწონს შენი შესრულება და აპლოდისმენტებით გაჯილდოებს, ეს პოზიტიური განწყობით გვავსებს“...

ორკესტრის რეპერტუარი კი, მართლაც, მრავალფეროვანია - სამხედრო მარშებიდან დაწყებული, თანამედროვე ჰიტებით დამთავრებული. ორკესტრი მუსიკალურად აფორმებს როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა ოფიციალურ პოლიტიკურ თუ სამხედრო ღონისძიებას, ასევე აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონცერტებში, უკრავენ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად. ორკესტრს კაპიტანი კობა მერმანიშვილი ხელმძღვანელობს:

„ამ ორკესტრს, მე ვფიქრობ, იგივე დატვირთვა აქვს, რაც ქვეყნის ჰიმნსა და დროშას“.

დღეს სასულე ორკესტრისთვის ნაკლებად იწერება ახალი ნაწარმოებები, სამხედრო მარშები, ამიტომ კობა მერმანიშვილი სიმფონიური ორკესტრისათვის შექმნილი თუ სხვა ჟანრის ნაწარმოებების არანჟირებას თავად აკეთებს და მათ სასულე ორკესტრს არგებს:

„მინდა მოვუწოდო ყველა კომპოზიტორს, რომ გამოიჩინონ უფრო მეტი ცოდნა და დაკვირვებულობა, რომ დაინტერესდნენ ამ ტიპის ორკესტრის შემადგენლობით და დარწმუნებული ვარ, უფრო გემოვნებიანი, უფრო გამართული ნაწარმოებები დაიწერება, რადგან, სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს ბევრი ნაწარმოები სასულე ორკესტრისთვის და გვიწევს ქართული ნაწარმოებების არანჟირება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, რითიც ვამაყობთ, ეს არის რევაზ ლაღიძის „საჭიდაო“.

საქართველოში სასულე ორკესტრის ისტორია ჯერ კიდებ 1917 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც მუსიკოსმა ვალერიან მიზანდარმა კადეტთა კორპუსის პირველ და მეცხრე ცხენოსანთა პოლკში 65 მუსიკოსი შეკრიბა და შექმნა დიდი სამხედრო სასულე ორკესტრი, რომლის მსგავსიც მანამდე არ ყოფილა. 1918 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მას სახალხო გვარდიის ორკესტრი ეწოდა. 2010 წელს კონსერვატორიაში სწორედ იმ პერიოდით დათარიღებული მარშების 30-მდე პარტიტურა აღმოაჩინეს, რომლებიც ვალერიან მიზანდარის შთამომავალს, ასევე მუსიკოსსა და მუსიკის ისტორიის მკვლევარს, ლევან მიზანდარს გადაეცა:

„აღმოჩნდა დამოუკიდებელი საქართველოს დროინდელი მარშების ნაწილი. ამ ორკესტრს ჰქონდა ძალიან დიდი რეპერტუარი. გარდა მარშებისა, უკრავდნენ სიმფონიურ, საგუნდო ნაწარმოებებს და სწორედ ამ ბიბლიოთეკის ნაწილი აღმოჩნდა კონსერვატორიაში. იქ იყო მარში „მერანი“, „სამგლოვიარო მარში“, საცხენოსნო დივიზიის მარში და იმ პერიოდისთვის სხვა აქტულური მარშები. სამწუხაროდ, ამ მარშების ბედი ისე განვითარდა, რომ გასაბჭოების შემდეგ სახალხო გვარდიის ორკესტრი წითელი გვარდიის ორკესტრად გარდაიქმნა და მერე რაღაც პერიოდში, დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ შეწყვიტა არსებობა - სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროს - და, ბუნებრივია, ამ მარშებმაც დიდი ხნით დაიძინეს“.

2010 წელს აღმოჩენილი მარშები დღემდე დაუმუშავებელია. ლევან მიზანდარი ფიქრობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის რეპერტუარში საკმაოდ მწირია ქართული მარშები, ერთი საუკუნის წინანდელი მარშების აღდგენა და მათი გაცოცხლება დიდი შენაძენი იქნება ქართული სასულე ორკესტრისთვის:

„რამდენჯერმე იყო მცდელობა სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომ აღედგინათ ეს მარშები. ამ მარშების აღდგენას სჭირდება რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომელიც კარგად იცნობს სამხედრო მუსიკას, სასულე ორკესტრის სპეციფიკას. ამიტომ ეს ადამიანები უნდა დასხდნენ და ეს ხელნაწერები, პარტიტურები უნდა გადაიტანონ ციფრულ ფორმატზე, რათა შემდეგ ორკესტრმა მათი შესრულება შეძლოს“.