კონსტიტუციური თუ არაკონსტიტუციური კანონპროექტი სასამართლოს შესახებ?

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი

”სასამართლო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები” - ასე აფასებს კანონპროექტს ”საერთო სასამართლოების შესახებ” კონსტანტინე კუბლაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, და აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის რამდენიმე პუნქტი არაკონსტიტუციურია. საპირისპირო აზრის არიან იუსტიციის სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პარლამენტში წარდგენამდე დისკუსია კანონპროექტის გარშემო კვლავაც გაგრძელდება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწერილმა კანონპროექტმა ”საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის კრიტიკა დაიმსახურა. კანონრპროექტი, რომლის შესახებ სასაუბროდ და განსახილველად 11 დეკემბერს ერთ მაგიდას შემოუსხდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მაშინვე გადაიქცა დისკუსიის საგნად. ”სასამართლო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები”, - ასეთ შეფასებას აძლევს კონსტანტინე კუბლაშვილი იუსტიციის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ შექმნილ კანონპროექტს და აცხადებს, რომ კანონპროექტში გაწერილი რამდენიმე პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პირველ რიგში, იმ მისთვის მიუღებელ პუნქტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესს განსაზღვრავს:

“ეს ცვლილებები გულისხმობს იმას, რომ კანონის მიღებისთანავე მოქმედ წევრებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო ხელისუფლებიდან არჩეულ წევრებს, უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება, რაც ჩვენ მიგვაჩნია მიუღებლად, დაუშვებლად, პირდაპირ სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაში ჩარევად საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. და მეორე, ეს გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევის სისტემა, სადაც ეკრძალება არჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად სასამართლოს თავმჯდომარეს, მოადგილეს, კოლეგიის და პალატის თავმჯდომარეს”, - აცხადებს კონსტანტინე კუბლაშვილი.
კანდიდატების ექსკლუზიურად დასახელების უფლება რატომღაც აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც, ამავე დროს, არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც, ამავე დროს, ხელმძღვანელობს მოსამართლეთა კონფერენციას ...
ალექსანდრე ბარამიძე

კონსტანტინე კუბლაშვილისგან განსხვავებით, სრულიად სხვაგვარად აფასებს კანონპროექტს ”საერთო სასამართლოების შესახებ” იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და ამბობს, რომ სწორედ დღეს არსებული კანონი არღვევს დემოკრატიისა და კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს და ამის მიზეზს ის იმ პროცედურებით ხსნის, რაც დღესდღეობით მოქმედ კანონშია გაწერილი. მისი თქმით, კომპლექტაციის წესი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებას განსაზღვრავს, არის ანტიკონსტიტუციური და დაუყოვნებლივ ცლილებას მოითხოვს:

”იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის უფლება აქვს მოსამართლეთა კონფერენციას, რაც ასეც უნდა იყოს, მაგრამ, ალბათ, გაინტერესებთ, ვის აქვს კანდიდატების დასახელების უფლება და რა წესით ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს. კანდიდატების ექსკლუზიურად დასახელების უფლება რატომღაც აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც, ამავე დროს, არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც, ამავე დროს, ხელმძღვანელობს მოსამართლეთა კონფერენციას, მოსამართლეთა ადმინისტრაციულ კომიტეტს და მის მიერ ექსკლუზიურად შემოთავაზებულ კანდიდატებს მოსამართლეთა კონფერენცია კენჭს უყრის ღია წესით”, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.

სწორედ ამიტომ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ ბრალდებები სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის თაობაზე აბსურდია. თუკი მის სიტყვებს გავიმეორებთ, სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი გასულ წლებში და მას ახორციელებდა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანო.

თამარ ზამბახიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, კანონპროექტზე საუბრისას საკმაოდ თავშეკავებულია და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება. როგორც ის ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, მსგავსი ტიპის დისკუსიები ხელს შეუწყობს ძლიერი სასამართლო სისტემის შექმნას, ხოლო რაც შეეხება კანონპროექტში არსებულ სადავო პუნქტებს, მისი თქმით, საკითხი განხილვის პროცესშია და ის ისეთი ფორმით ჩამოყალიბდება, რომელიც, საბოლოო ჯამში, მისაღები იქნება ხელისუფლების ყველა შტოსთვის.
თვითონ სასამართლო ხელისუფლებას აქვს ბევრი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით. მათ გარკვეული ჩანაწერები მიაჩნიათ არაკონსტიტუციურად, მაგრამ მე მათ ვერაფრით დავეთანხმები ...
თამარ ჩუგოშვილი

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც 11 დეკემბერს გამართულ დისკუსიას ესწრებოდნენ, აღნიშნავენ, რომ იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტი სწორედ მათი რეკომენდაციების საფუძველზე მოამზადა და, შესაბამისად, მათ განსაკუთრებული შენიშვნები კანონპროექტის მისამართით არ აქვთ. ”სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი” - ასე უწოდებს თამარ ჩუგოშვილი, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, კანონპროექტს და ამბობს, რომ, მისი დამტკიცების შემთხვევაში, რეალურად გაიზრდება სასამართლოს დამოუკიდებლობა და მოსამართლის როლი სასამართლო სისტემის შიგნით:

”თვითონ სასამართლო ხელისუფლებას აქვს ბევრი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით. მათ გარკვეული ჩანაწერები მიაჩნიათ არაკონსტიტუციურად, მაგრამ მე მათ ვერაფრით დავეთანხმები. მიმაჩნია, რომ ის კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაიზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი აღარ იყოს ისეთი არადემოკრატიული, როგორიც ის ახლაა და სასამართლო სისტემაში იწვევს სერიოზულ პრობლემებს”, - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტში მიუღებლად მიაჩნია, ეს არის სასამართლო დარბაზში აუდიო-ვიდეოჩაწერის დაშვება. ანუ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სასამართლო სხდომების ვიდეოგადაღება არა მხოლოდ სასამართლოს მიერ, არამედ მინიმუმ ერთი მედიასაშუალების -”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ იქნება შესაძლებელი. სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასამართლო სხდომების გაშუქება წარმოადგენს პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მათ მოსაზრებას არ ეთანხმება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი და აცხადებს, რომ სასამართლო სხდომა არის საჯარო სივრცე და, შესაბამისად, აუდიო-ვიდეოჩაწერა არ უნდა განიხილებოდეს როგორც პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა.