ზუგდიდის სასამართლომ გამგეობიდან გათავისუფლებული კიდევ 8 თანამშრომლის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც გამგეობიდან გათავისუფლებული რვა თანამშრომლის ინტერესებს იცავს, აპირებს გაასაჩივროს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 15 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მათი სარჩელი. არ არის ცნობილი, როგორია ამ საკითხზე მუნიციპალიტეტის გამგეობის პოზიცია. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა - გამგეობისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის იურისტებმა - სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვეს.

სასამართლოს მიერ დღეს, 15 მაისს, გამოცხადებული გადაწყვეტილების მიხედვით, დაკმაყოფილდა საიას ერთი სარჩელი სრულად და მოსამართლე ლაურა მიქავამ ბათილად ცნო ის აქტები, რომლითაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უარი უთხრა ორგანიზაციას დასწრებოდა ატესტაციის პროცესს. ეს კი, საიას იურისტის განცხადებით, ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ატესტაციის პროცესი წარმართა საჯაროობის პრინციპის დარღვევით. რაც შეეხება გამგეობიდან გათავისუფლებულთა სარჩელს, ის ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომისიას დაევალა ბათილად ცნოს ყველა ის აქტი, რომლის საფუძველზეც გამგებლის ყოფილი წარმომადგენლები გათავისუფლდნენ, დაევალა ხელახლა ჩაატაროს გასაუბრება და თავიდან გასცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ეს არ ეხება გამგეობის შემოსავლების განყოფილების ყოფილ ხელმძღვანელს, კახა კვარაცხელიას, რადგან მისი პოზიცია რეორგანიზაციის შედეგად უკვე გაუქმებულია. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სარჩელის ნაწილს, სადაც საუბარია გამგეობის თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე, ლაურა მიქავამ თქვა, რომ ამ თვალსაზრისით საკმარისი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი.

საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკადუას განცხადებით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება იმ ნაწილში, რომელშიც მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მათ შორის - პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ნაწილში.

„საკმაო ნიშნები იყო იმისთვის, რომ დისკრიმინაცია დაედგინა სასამართლოს. დაიკითხა არაერთი მოწმე, რომლებმაც აღიარეს, რომ აღნიშნულ პირებზე ხდებოდა ზეწოლები, დაბარებები. ასევე აღინიშნა, რომ კომისიის წევრთა უმრავლეობა იყო „ქართული ოცნების“ წევრი. სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ აღნიშნული გასაუბრება ჩატარდა არჩევნების შემდეგ. აღნიშნულმა პირებმა განმარტეს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათზე ხდებოდა ზეწოლები და ამაზეც არაერთი მტკიცებულებები იქნა გამოკვლეული. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პირების მიმართ მიღებული გადაწყვეტილება იყო დისკრიმინაციული სახის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჯემალ ჭკადუამ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არც გამგეობიდან გათავისუფლებული პირები იზიარებენ. შემოსავლების განყოფილების ყოფილი უფროსის, კახა კვარაცხელიას, განცხადებით, სასამართლოსგან ის მსგავს და უარეს გადაწყვეტილებასაც კი ელოდა:

„სასამართლო არის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი ხელისუფლებისთვის და ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“.

„პოლიტიკური ზეწოლით გაგვათავისუფლეს ჩვენ და დღეს სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა. ისევ იმ ხალხთან დაგვაბრუნა, ვინც ჩვენ ჩაგვჭრა და ახლა ისევ იმათ უნდა ჩავაბაროთ ჩვენ გამოცდები. აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ“, - განაცხადა დავითიანის ადინისტრაციულ ერთეულში გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა, ალიოშა ლანიამ.

თავის მხრივ, მოსამართლე ლაურა მიქავამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა, რომ მან იხელმძღვანელა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით და სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით. მისი განცხადებით, სასამართლოს შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა ატესტაციის მხოლოდ წერითი დავალების შედეგებს, თუმცა ვერ შეისწავლა გასაუბრების ეტაპი, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი არც აუდიო და არც ვიდეოჩანაწერები.

რაც შეეხება სარჩელის დისკრიმინაციის ნაწილს, ლაურა მიქავას განმარტებით, ამ შემთხვევაშიც სასამართლო დაეყრდნო არსებულ მტკიცებულებებს. მისი თქმით, იყო საეჭვო ფაქტები, თუმცა ცალსახა დისკრიმინაცია ვერ გამოკვეთა. ამ მხრივ, წარმოდგენილი მტკიცებულებები ლაურა მიქავამ არასაკმარისად მიიჩნია.

ზუგდიდის სოფელ ყულიშკარის, ახალაბასთუმნის, ერგეტის, ოქტომბრის, ჩხოუშის, კოკის და შამგონის ყოფილი წარმომადგენლების, ასევე გამგეობის შემოსავლების განყოფილების ყოფილი უფროსის მტკიცებით, მათი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა. გამგეობაში ამ ბრალდებას თავიდანვე უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ გათავისუფლების მიზეზი კონკურსანტების არადამაკმაყოფილებელი შედეგები იყო.