ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მუნიციპალიტეტის დათხოვნილი თანამშრომლების, მაია ღურწკაიასა და ქეთო ტაბაღუას, საჩივარი. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ბათილად ცნო გამგებელ ლაშა გოგიას ბრძანება მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა, მისივე გადაწყვეტილებით, მაია ღურწკაია ხელახლა გაივლის გასაუბრების ეტაპს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის პოზიციაზე. სწორედ ეს თანამდებობა ეკავა მას ნოემბრის თვემდე, სანამ ატესტაციის შედეგად არ გათავისუფლდა.
Your browser doesn’t support HTML5
რაც შეეხება ქეთო ტაბაღუას, ის იყო კულტურის განყოფილების უფროსი, მაგრამ ვინაიდან ეს თანამდებობა გაუქმდა და ამჟამად უკვე არა კულტურის, არამედ კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებაა, მისი აღდგენა სამსახურში, მოსამართლის განმარტებით, ვერ მოხერხდება, მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლების ბრძანება ქეთო ტაბაღუას შემთხვევაშიც ბათილად იქნა ცნობილი. არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების პოზიციაზე დასაქმებული ლაშა ჯიქიას დათხოვნის შესახებ.
მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების შეფასებით, სასამართლომ გადაწყვეტილება ზეწოლების პირობებში მიიღო.
„ძალიან შემეცოდა მოსამართლე. ვიცოდი, რომ იქნებოდა ზეწოლები, ვიცოდი, იქნებოდა ზარები. დღეს მოსამართლე ისეთ მდგომარეობაშია, რომ ვერც შამფური დაწვა და ვერც მწვადი. მე ვაგრძელებ ბრძოლას, მივიღებ მონაწილეობას გასაუბრების ეტაპზე და მოვითხოვ ყველა განაცდურის ანაზღაურებას“, - თქვა მაია ღურწკაიამ.
„ეს არის სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება და არანაირი კანონიერი საფუძველი ამას არ აქვს“, - განაცხადა ქეთო ტაბაღუამ, რომელმაც პროტესტის ნიშნად სასამართლოს წინ გაშალა პლაკატები წარწერით: „მოსამართლე ცაცუამ სამართალი მოკლა“, „SOS - სასამართლოზე ზეწოლაა“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოდგილე მამუკა წოწერია უარყოფს ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს. ამასთან, მისი თქმით, როცა განჩინება ოფიციალურად ჩაბარდებათ, იურისტებთან ერთად იმსჯელებენ, რა ზომებს მიმართონ - ამ ნაწილში გაასაჩივრონ გადაწყვეტილება თუ ის პირდაპირ აღასრულონ. რაც შეეხება მოსარჩელეების ბრალდებას, რომ რეალურად მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო, მამუკა წოწერიამ განმარტა:
„სასამართლოზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა - არც გვიკადრია, არც სურვილი გვქონია და არც შესაძლებლობა. უბრალოდ, ჩვენ, კომისიის თითოეული წევრი, მივედით და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენი შინაგანი რწმენით, იმ შედეგებზე დაყრდნობით, რაც წერითი დავალებით და გასაუბრების შედეგად მივიღეთ. მოსამართლემ გადაწყვეტილება ჩვენებებზე დაყრდნობით მიიღო, შინაგანი რწმენით“, - გვითხრა გამგებლის მოადგილემ.
თავის მხრივ, გასაჩივრებას გეგმავს მოსარჩელე მხარე. გამგეობის ყოფილი თანამშრომლების ინტერესების დამცველი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი ლელა მოწონელიძე ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომელშიც მოსმართლემ არ დააკმაყოფილა სარჩელი, გაასაჩივრებენ.
მოსარჩელე მხარეს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა, მათ შორის - ბათილად ეცნოთ გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, სამსახურში აღედგინათ დათხოვნილები და გაცდენილი თვეების ხელფასი და პრემია აენაზღაურებინათ.
ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა. შედეგად სამსახურიდან 28 თანამშრომელი გათავისუფლდა. აქედან 11-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში. მათი ნაწილის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.