მომღერალი და კომპოზიტორი სარა ალექსანდრა ლიმა ტავარეში 1978 წელს ლისაბონში დაიბადა. მისი მშობლები კაბო-ვერდედან იყვნენ და პორტუგალიის დედაქალაქში უკეთესი ცხოვრების იმედად ჩამოსულიყვნენ.
გოგონა ბავშვობიდანვე მღეროდა და დამოუკიდებლად ცდილობდა გიტარაზე დაკვრის უნარების განვითარებას. ცოტა წამოიზარდა თუ არა, რამდენიმე სატელევიზიო ვოკალურ კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, 1994 წელს კი დუბლინში გაემგზავრა, რომელიც იმხანად ევროვიზიის კონკურსს მასპინძლობდა. ახალგაზრდა მომღერალმა პორტუგალიური სასიყვარულო ბალადა შეასრულა და, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მე-8 ადგილი ერგო, ეთნიკური მუსიკის მცოდნეთა თუ დამფასებელთა ყურადღება მიიქცია.
სარა ტავარეშის პირველი სტუდიური ალბომი "Mi Ma Bô" 1999 წელს გამოიცა. ნამუშევარმა მრავალრიცხოვან ჯილდოებთან ერთად, ოქროს სტატუსიც მოუტანა. მას შემდეგ არტისტი მხოლოდ საკონცერტო საქმიანობაზე გადაერთო, სტუდიისთვის კი მხოლოდ 7 წლის თავზე მოიცალა. ჯერ გამოსცა დისკი "Balancê", რომელსაც მალევე მოჰყვა პროექტი "Xinti". ეს იყო კრებული პორტუგალიურ ენაზე შესრულებული სიმღერებისა, რომელთა ნაწილი ხალხური მელოდიების ინტერპრეტაცია გახლდათ, ხოლო ნაწილი - თავად მუსიკოსის საავტორო ნაწარმოებები. ხსენებულმა ალბომმა სარა ტავარეშს შორს გაუთქვა სახელი და ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა მსოფლიო ეთნომუსიკალურ სცენაზე. კრიტიკოსებმა მომღერალი რეინკარნირებულ სეზარია ევორადაც კი მოიხსენიეს, კაბო-ვერდული ფოლკლორის ახალი ტალღის წარმომადგენლად, რომელმაც ინდივიდუალური თანამედროვე სტილის შექმნა მოახერხა.
სარა ტავარეში მეტწილად პორტუგალიურ ენაზე მღერის, თუმცა ზოგჯერ ინგლისურად და აფრიკის ხალხთა დიალექტებზეც მეტყველებს. გარდა იმისა, რომ ჩინებული ვოკალური მონაცემები აქვს, საკომპოზიტორო ნიჭითაც გამოირჩევა. მისი მუსიკა კრეოლურ ფესვებზე დგას, მაგრამ, ამასთანავე, ხარბად შთანთქავს და ითავისებს სხვა კულტურათა მუსიკალურ გამოცდილებას: კაბო-ვერდეს, ანგოლის ფოლკლორს, კუბურ და ბრაზილიურ მოტივებს ისეთ ჟანრობრივ ფორმებში აქცევს, როგორიცაა ფანკი, გოსპელი, სოული და, რა თქმა უნდა, პორტუგალიური ფადო.
ახლა კი კაბო-ვერდედან მალიში გადავინაცვლებ და ახალგაზრდა მუსიკოს ფატუმატა დიავარას შესახებ მოგახსენებთ, რომელიც საფრანგეთში გაიზარდა. თავდაპირველად მსახიობობაზე ოცნებობდა. რამდენიმე ფილმში გადაიღეს კიდეც, თეატრალურ სცენაზეც მოსინჯა თავი, თუმცა, საბოლოო ჯამში, გიტარა მოიმარჯვა და მუსიკოსის კარიერა არჩია. მსმენელს თავი საკუთარი კომპოზიციებით გააცნო, რომლებიც მალიში გავრცელებული ტრადიციული მუსიკის "ვასულუსა" და პო-ჯაზის სინთეზის მცდელობები გახლდათ. მისმა ექსპერიმენტებმა მალევე მიიქცია პროდიუსერების ყურადღება და 2011 წელს გამოიცა სადებიუტო დისკი Fatou. მასალაზე მუშაობაში დიავარას ისეთი არტისტები დაეხმარნენ, როგორებიც არიან, მაგალითად, აფრო-ბიტის ფუძემდებელი, ცნობილი ნიგერიელი დრამერი ტონი ალენი და ბასგიტარისტი ჯონ პოლ ჯონსი. ბრიტანულმა ჟურნალ "Uncut"-მა ალბომი წლის საუკეთესო 50 პროექტს შორის დაასახელა, ხოლო გაზეთ "სანდი ტაიმსის" რეცენზენტებმა პირველი ადგილი მიაკუთვნეს "მსოფლიო მუსიკის" ჟანრის კატეგორიაში.