ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გასაწევრიანებლად ქვეყნის თანმიმდევრული და მიზანმიმართული სტრატეგიის საჭიროებაზე ლაპარაკობენ სპეციალისტები, რომლებიც, ბოლო წლებია, ინტეგრაციის თემაზე აქტიურად მუშაობენ. მსჯელობის საგანია ქვეყნის რეგიონალური იდენტობა და საქართველოსადმი ნატოსა და ევროკავშირის გაცხადებული პოლიტიკა. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარის, დავით სიხარულიძის, შეფასებით, ქვეყანამ მეტი ძალიხმევა უნდა გასწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ხელისუფლების გზავნილები უნდა იყოს მეტად მკაფიო, რადგან საერთაშორისო ურთიერთობებში მორიდება და ბუნდოვანება მომგებიანი პოზიცია არ არის.
Your browser doesn’t support HTML5
დავით სიხარულიძისავე განცხადებით, ნატოში საქართველოს გაწევრიანება ორმხრივი დღის წესრიგის მთავარი საკითხი უნდა იყოს ალიანსის წევრ ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის სკეპტიკურად განწყობილ ისეთ ქვეყანასთან, როგორიც გერმანიაა. დავით სიხარულიძის თქმით, საერთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ხედვა და მისი მხარდაჭერის ერთგვარი გამოვლინებაა საქართველოსთვის ანტისატანკო სისტემაზე, ჯაველინზე, ხელმისაწვდომობის გაზრდა. ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელის აზრით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს მეტი შანსი აქვს პროგრესი განიცადოს ნატოში გაწევრიანების გზაზე:
ისტორიულმა დინამიკამ მოიყვანა პროცესები ისე, რომ ჩვენ აღმოვჩნდით ეპიცენტრში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის, რომელიც ახლა ყალიბდება...
„აშშ-ის დღევანდელი კონგრესის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკვე გვაქვს ძალიან სერიოზული საკანონმდებლო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომლის ნაწილიც არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი. ხუთი მიზეზია ჩამოთვლილი, თუ რის გამოა შემოღებული სანქციები და მათ შორის არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ასევე არის სხვა საკანონმდებლო ნაბიჯები გადადგმული, რომლებიც, ვფიქრობ, რომ კარგად ასახავს კონტურებს, თუ რა იქნება საერთაშორისო პოლიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. მე ვფიქრობ, რომ პროგრესისთვის სერიოზული შანსი გვაქვს“.
მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, საქართველოსთვის ისტორიული შანსის გაჩენის შესაძლებლობაზე ლაპარაკობს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელიაც. მისი განცხადებით, აუცილებელია საქართველო განიხილებოდეს შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის და და არა როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანა. ბათუ ქუთელიას აზრით, 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ, დასავლეთის სახელმწიფოებს თითქმის 8 წელი დასჭირდათ, რომ რეალურად გაეაზრებინათ რუსეთის აგრესიული და არალიბერალური პოლიტიკა და მისი შედეგები და 2016 წლის ვარშავის სამიტზე ნატოსთვის მთავარ საფრთხეებად მიჩნეულ იქნა ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ და რუსეთი:
„ისტორიულმა დინამიკამ მოიყვანა პროცესები ისე, რომ ჩვენ აღმოვჩნდით ეპიცენტრში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის, რომელიც ახლა ყალიბდება. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს მომენტი ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ბუნებრივია, კარგად უნდა გავიგოთ, რა ხდება შავ ზღვაზე, თუ რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელობის ნატოსთვის, ევროპის ქვეყნებისთვის და ჩვენ რა უნდა მივიღოთ აქედან. დღეს პროპაგანდისტული მანქანებისთვის მთავარი ამოცანა და სამიზნე არის საზოგადოებრივი აზრის და კონსენსუსის ეროზია, იმიტომ რომ დანარჩენი ტექნიკურად იოლი შესასრულებელია იმისთვის, რომ ჩვენ გადავუხვიოთ ჩვენს არჩევანს. ეს დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის ევროპულ განზომილებაში გადმოვიდა შავ ზღვაზე“.
ევროკავშირი ბოლო 20–25 წლის განმავლობაში ცდილობდა და მილიონობით ევრო მიმართა იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასია შემდგარიყო, როგორც ერთიანი რეგიონი, დაახლოებით ისეთი მოდელით, როგორც იყო ბალტიისპირეთი. რეალურად ეს ვერ შედგა სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთი – მიმდინარე კონფლიქტი ყარაბაღში, ჩვენი კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში...
ბათუ ქუთელიას ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებში რუსული პროპაგანდის შესაჩერებლად გარკვეული ქმედებები უკვე დაიწყეს. თავის მხრივ, რუსეთი დიდ თანხას ხარჯავს იმისთვის, რომ მსოფლიოში ნომერ პირველ საფრთხედ აღქმული იყოს არა რუსული პროპაგანდა, არამედ ტერორიზმი. ბათუ ქუთელიასავე აზრით, შავ ზღვაზე რუსეთის გაფართოება ემსახურება მის სტრატეგიულ ინტერესებს, რომელთა შორისაა დასავლეთის გაფართოების შეჩერება, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო დერეფანზე კონტროლის მოპოვება და ენერგეტიკულ რესურსებზე წვდომის გაზრდა. საქართველო კი სტრატეგიული მდებარეობის გამო ყველა ამ კომპონენტში მთავარი ქვეყანაა. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ, ქვეყნის გარეთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პარალელურად, აუცილებელია საქართველოს ჩამოუყალიბდეს იდენტობა, რადგან ამ დრომდე ის ძირითადად მოიაზრება როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანა ან სამხრეთ კავკასია. კორნელი კაკაჩიას აზრით, ბოლო პერიოდში გაჩნდა ტენდენცია, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს შავი ზღვის აუზის ქვეყნად:
„ევროკავშირი ბოლო 20–25 წლის განმავლობაში ცდილობდა და მილიონობით ევრო მიმართა იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასია შემდგარიყო, როგორც ერთიანი რეგიონი, დაახლოებით ისეთი მოდელით, როგორც იყო ბალტიისპირეთი. რეალურად ეს ვერ შედგა სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთი – მიმდინარე კონფლიქტი ყარაბაღში, ჩვენი კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ანუ დღეს სამხრეთ კავკასია არის არშემდგარი რეგიონი და რეალურად პერსპექტივა არ არსებობს, რომ იგი შედგება, როგორც პოლიტიკური რეგიონი. ამ ფონზე საქართველო ბოლო პერიოდში ცდილობს კავკასიისგან „გაიქცეს“, ანუ სტრატეგიულად „გაიქცეს“, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობთ, რეალურად, სტრატეგიულად მოვწყდეთ პოსტსაბჭოთა სივრცეს და ასევე სამხრეთ კავკასიას“.
ამ საკითხზე და, ზოგადად, ევროკავშირის პრობლემა არის ის, რომ ის მუშაობს კონსენსუსის პრინციპით. განსაკუთრებით, როცა საკითხი ეხება გაწევრიანებას, გადაწყვეტილებას ყველა წევრი სახელმწიფო უნდა დაეთანხმოს...
„ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ივანე ჩხიკვაძის, შეფასებით, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე საუბრისას აუცილებელია მთავრობამ და მოქალაქეებმა გაიაზრონ ამჟამინდელი მდგომარეობა და დაფიქრდნენ სამომავლო პერსპექტივებზე. ივანე ჩხიკვაძის განცხადებით, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება შეკითხვა, თუ როდის გაიხსნება ფანჯარა საქართველოსთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად:
„ამ საკითხზე და, ზოგადად, ევროკავშირის პრობლემა არის ის, რომ ის მუშაობს კონსენსუსის პრინციპით. განსაკუთრებით, როცა საკითხი ეხება გაწევრიანებას, გადაწყვეტილებას ყველა წევრი სახელმწიფო უნდა დაეთანხმოს. დღეს შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დათანხმდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ საფრანგეთში შეიძლება გვკითხონ, რომ სად არის, საერთოდ, საქართველო? ევროპა ხართ თუ არა ხართ? ეს კითხვები დღეს ისმის. ნუ წარმოვიდგენთ, რომ ჩვენ გვთვლიან, რომ აუცილებლად ევროპა ვართ. ჯერ კიდევ დასამტკიცებელი გვაქვს, ვართ თუ არა ევროპა“.
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების აზრით, ქვეყნის მთავრობამ და მოსახლეობამ ერთობლივად უნდა გაიაზრონ თანამედროვე გამოწვევები და ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად სამომავლო პერსპექტივებზე იზრუნონ.