საქართველოს ეწვია ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით. დღესვე თბილისში გაიხსნება ნატო-საქართველოს კომისიის ორდღიანი სხდომა, რომელზეც განიხილავენ ნატოში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მნიშვნელობაზე: „ეს ვიზიტი გახლავთ უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი ქვეყნის განვითარების მხარდაჭერის კუთხით. ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხითაც და რა თქმა უნდა, საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიზაციის რეფორმების მხარდაჭერისა და აღიარების კუთხით", განაცხადა კვირიკაშვილმა. ნატო-საქართველოს კომისიის ორდღიან სხდომას უხელმძღვანელებს იენს სტოლტენბერგი, რომელიც საქართველოში სტუმრობისას ასევე აპირებს ქვეყნის ხელისუფლების პირველ პირებთან, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას.