კამპანია „ეს შენ გეხება“ და კითხვა - რას შვრება გამოძიება

მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეები საგამოძიებო ორგანოებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების ინტერნეტში გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით ქმედითი და ეფექტური გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ. ისინი მმართველი კოალიციის წარმომადგენელი დეპუტატის თამაზ მეჭიაურის განცხადებასაც გამოეხმაურნენ, რომელიც მან 24 მარტს გააკეთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თაობაზე. „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ კამპანიის ფარგლებში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები ფარული მიყურადება-თვალთვალის თაობაზე კანონის გამკაცრებას მოითხოვენ და სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულთა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის ინიციატივითაც გამოდიან.

კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საგამოძიებო ორგანოები რეაგირებას აგვიანებენ 11-და 14 მარტს ფარული ჩანაწერების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნების ფაქტზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, ეფექტური გამოძიება საჭიროა არა მხოლოდ იმ კონკრეტულ ვიდეოებზე,არამედ იმ უზარმაზარ არქივთან მიმართებითაც, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობდა - ვინ იდგა ამ არქივების შეგროვების უკან, ვინ გასცემდა და ვინ ასრულებდა ამ ბრძანებებს:

„დღეს ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, როცა ამ არქივებიდან გასულია კადრები და, შესაბამისად, საგამოძიებო უწყებას არ აქვს პასუხი არც ამ კადრებთან მიმართებით, არც მათ მფლობელთან მიმართებით. ეს არის უდიდესი პრობლემა და ეს არის სამართალდამცავთა პასუხისმგებლობა, საზოგადოება დღეს რომ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა“.

ეკა გიგაური

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდმარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, კამპანიის ფარგლებში, სამოქალაქო სექტორი მოითხოვდა იმგვარი საგამოძიებო ფორმატის შექმნას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ადგილობრივ საგამოძიებო ორგანოებთან ერთად უცხო ქვეყნის ექსპერტ-გამომძიებელთა ჩართვას საგამოძიებო პროცესში, რაც, ერთი მხრივ, გამოძიებას მეტ ეფექტურობას შესძენდა, მეორე მხრივ კი, გაზრდიდა გამოძიების მიმართ საზოგადოების ნდობას. ანა ნაცვლიშვილის თქმით, საზოგადოებამ ახლაარ იცის, აქვს თუ არა გამოძიებას ხელშესახები პროგრესი. ამასთან, ჩნდება კითხვა, თუ როგორია ხელისუფლების რეალური ნება და ძირითადი მესიჯი, ვინაიდან კოალიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, თამაზ მეჭიაურის, განცხადება, ფაქტობრივად, ჩადენილი დანაშაულის ლეგიტიმაციას ახდენს:

„მეტიც, ამ ტიპის კომპრომატების შეგროვების წახალისება მოახდინა, როდესაც თქვა, რომ ადამიანებმა, რომლებზეც კომპრომატები არსებობს, უნდა დატოვონ პოლიტიკური და საჯარო ცხოვრება. ამით მან სრულიად განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. დეკლარირებულია პოლიტიკა, რომელიც პრემიერის და მმართველი გუნდის მხრიდან არსებობს, მაგრამ მისი პოზიცია საეჭვოდ დაემთხვა ვიდეოების გამავრცელებლების პოზიციას“.

„უმაღლესი თანამდებობის პირები, ვინც იკავებდა ან იკავებენ, ან მომავალში აქვთ პრეტენზია დაიკაონ [თანამდებობა], მათზე თუ არსებობს მაკომპრომეტირებელი მასალა, მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით გახდება ის ცნობილი, ასეთი მასალა თუ არსებობს, ალბათ, უნდა დატოვონ [თანამდებობა]“.

თამაზ მეჭიაურის ეს განცხადება მმართველ კოალიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტიის წრამომადგენლებმა შეაფასეს. ლევან ბერძენიშვილის თქმით, თუ ვინმე ამგვარი კადრების გავრცელების გამო დატოვებს თანამდებობას, გამოვა, რომ ეს ქმედითი იარაღი ყოფილა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. რესპუბლიკელი თამარ კორძაის თქმით კი, არც ერთი ადამიანი შანტაჟს არ უნდა დანებდეს, ვინაიდან ეს იქნება მარცხი:

„პირიქით, თითოეული ჩვენგანი შანტაჟის მიმართ გაცილებით ძლიერი უნდა იყოს და თუ ვინმეს აქვს მცდელობა ამ ფორმით პროცესებზე იქონიოს გავლენა, ამას არავინ უნდა დანებდეს“.

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, თამაზ მეჭიაურის ეს განცხადება, ალბათ, უფრო ერთი დეპუტატის მოსაზრებაა, ვიდრე მთლიანად მმართველი კოალიციის, და მიუთითებს მის არაკომპეტენტურობაზე. თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ თამაზ მეჭიაური პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის ხმას წარმოადგენს და, ამდენად, მისი განცხადებები შემთხვევითი არ არის. აკაკი მინაშვილის თქმით, შესაბამისად, ეჭვები აღარ არსებობს, თუ ვისი გამოქვეყნებულია ეს კადრები:

„მე მგონი, კითხვები აღარავის აღარ ებადება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გამოაქვეყნა ეს კადრები. ეს არის ივანიშვილი, რომელიც ცდილობს ამით გავლენა მოახდინოს ქვეყანაში, შექმნას ნერვული ვითარება ქვეყანაში და ამით შეინარჩუნოს ხელისუფლება და ამაზე საუბრობს სწორედ მეჭიაური“.

რაც შეეხება 11 და 14 მარტს ინტერნეტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თაობაზე გამოძიებას, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 22 მარტს მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ არის სიახლეები, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. მან თქვა, რომ სხვა ქვეყნების საგამოძიებო ორგანოების ჩართვის გარეშე საქმის გამოძიება გაჭირდება დაამიტომ არაერთი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობაა გაგზავნილი სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებში.