საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო უფლებამოსილია

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

„საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო დაკომპლექტებულია და უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას“ - ეს განცხადება გასული კვირის მიწურულს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საბჭოს კანდიდატურების არჩევნების შემდეგ გააკეთა.

შეგახსენებთ, ეს სწორედ ის საფინანსო ზედამხედველობის სამსახურია, რომლის გამოყვანამაც ეროვნული ბანკის დაქვემდებარებიდან საქართველოში საკმაოდ სერიოზული ვნებათაღელვა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების რჩევა-გულისწყრომაც გამოიწვია.

2015 წლის 1 ივლისიდან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში” შესული ცვლილების თანახმად, ეროვნული ბანკს გამოეყო საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ჩამოყალიბდა. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო შვიდი წევრისგან შედგება. საქართველოს მთავრობა პარლამენტს ხუთ წევრს წარუდგენს, ერთ წევრს საბჭო აირჩევს და მეშვიდე წევრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება.

პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ვეტო 81 ხმით დაძლია, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ხელი მოაწერა.

სწორედ ამ კანონის საფუძველზე, გასული სასესიო კვირის ბოლო დღეს პარლამენტმასაფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრებად მთავრობის მიერ წარდგენილი ოთხი წევრი აირჩია.მმართველმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საბჭოს წევრად 5 წლის ვადით წარდგენილ ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურას, ხოლო 7 წლის ვადით - ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურებს. საბჭომ თავისი შემადგენლობიდან ხელმძღვანელად ირაკლი კოვზანაძე აირჩია,ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი კი 7 წლის ვადით კოტე სულამანიძე გახდა. მის კანდიდატურას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. სააგენტოს უფროსის კანდიდატურა სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ საბჭოსთან შეთანხმებით წარადგინა. მას „პროგრეს-ბანკში“, მანამდე ბანკ „რესპუბლიკაში“, „ვითიბიში“ მუშაობის გამოცდილება აქვს.

შეგახსენებთ, რომ „პროგრეს-ბანკი“ კახა კალაძის კომპანიის დაფუძნებულია და მის წილს ბიძინა ივანიშვილი ფლობს. ეფრემ ურუმაშვილი კომპანია ”ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების” ერთ-ერთი დამფუძნებელია. კომპანია ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორებს იურიდიულ მომსახურებას უწევს. 1999-2000 წლებში გახლდათ „თბილკომბანკის“ ფილიალისმთავარი ბუღალტერი. 2000-2010 წლებშისს „საქართველოს ბანკში“ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 2010 წლიდან იგი არის ბიზნესმენთა ასოციაციის საგადასახადო კომიტეტის წევრი და „საქართველოს ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი. 2012 წლიდან ეფრემ ურუმაშვილი გახლავთ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო კოდექსის განმარტებების კომისიის წევრი, 2013 წლიდან კი - ბიზნესმენთა ასოციაციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი „ფასიანი ქაღალდების კანონში“ ცვლილებებზე.

ეკატერინე გალდავა ბანკ ”ქართუს” შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორია. აქვს ეროვნული ბანკის დირექტორის მოადგილედ მუშაობის გამოცდილება;

საშა ტერნესი ”პროკრედიტ” ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორია, 90-იან წლებში შედიოდა „საქართველოს ბანკის“ მმართველ საბჭოში; „პროკრედიტ ბანკის“ დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ კი იგიგერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს წევრი და დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი იყო საქართველოსა და სომხეთში;

საბჭოს მეოთხე წევრია ირაკლი კოვზანაძე, რომელიც სს ”საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელია. ალბათ გახსოვთ, რომ იგი რამდენიმე მოწვევის პარლამენტარი გახლდათ. არის თსუ-ს პროფესორი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბჭოში ასევე შევლენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც თავად ეროვნული ბანკის საბჭო დანიშნავს.რჩება ერთი ვაკანსია, რომელიც მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად მოგვიანებით იქნება წარდგენილი.

მედია უკვე აქტიურად წერს ამ პირების ბიზნესკავშირებზე ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან. ხელისუფლება ამ საბჭოზე საკმაოდ დიდ იმედებს, თავად ლარის კურსის დასტაბილურების იმედსაც კი ამყარებს. მეორე მხრივ, არის მოსაზრებები საბჭოს დამოუკიდებლობის საეჭვოობის შესახებ, რაც სავალუტო და, ზოგადად, საბანკო სისტემაზე, შესაძლოა, მძიმედ აისახოს.

რომელი პროგნოზი გამართლდება, ამას, სავარაუდოდ, უკვე მომავალი თვეები გვაჩვენებს.