საპარტნიორო ფონდის როლი ეკონომიკაში

საქართველოს რკინიგზა

2014 წლის მეორე კვარტალის მონაცემების მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციების შემოდინებამ თითქმის 25 პროცენტით იკლო და მხოლოდ 150.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2005 წლიდან მოყოლებული, ასეთი დაბალი მაჩვენებელი არც ერთ კვარტალში არ ყოფილა. ინვესტიციების შემოდინების მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, დამამუშავებელი მრეწეველობის და ვაჭრობის სექტორებში იყო, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები კი იყვნენ ნიდერნალდები, აზერბაიჯანი და ლუქსემბურგი.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკა დიდწილად სწორედ ინვესტიციების შემოდინებაზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს მთავრობის აქტიურ მუშაობას ქვეყნის უცხოელ ინვესტორებთან პოპულარიზაციის მიმართულებით. ამასთან, კიდევ უფრო იზრდება სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების როლი ინვესტიციების წახალისებასა და საინვესტიციო და ზრდის პოტენციალის მქონე პროექტებში თანხების დაბანდებაში.

ამგვარი საინვესტიციო სახელმწიფო ფონდია საპარნტიორო ფონდი, რომელიც 2011 წელს სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების (საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი, თელასი) კონსოლიდაციის ბაზაზე დაფუძნდა. ფონდის მიზანია კომერციულად მომგებიანი პროექტების მხარდაჭერა ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებში, რაც შემდეგ ხელს შეუწყობს კერძო ინვესტორების მოზიდვას აღნიშნულ სფეროებში. პრიორიტეტულ სფეროებად დასახელებულია აგრობიზნესი, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა, წარმოება, უძრავი ქონება და ტურიზმი. ფონდი უფლებამოსილია მიიღოს მონაწილეობა კაპიტალში და ასევე გასცეს სესხი, თუმცა ფონდის მონაწილეობა პროექტში კერძო ინვესტორის წილს არ უნდა აღემატებოდეს.

ფონდის აქტიური საინვესტიციო საქმიანობა 2013 წლიდან დაიწყო და უკვე დასრულებულია ისეთი პროექტები, როგორიცაა: სასტუმრო „ჯინო ველნეს სპა“ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე; მეცხოველეობის სანაშენე მეურნეობა „კალანდა“ ქვემო ქართლში; სასტუმრო „როიალ ბატონი“ ყვარელში.

ამჟამად მიმდინარე პროექტებია: შავი ზღვის ახალი ღრმა საზღვაო პორტი, 500 მლნ აშშ დოლარი ჯამური ინვესტიციით; ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური სვანეთში, 628 მლნ აშშ დოლარი; გარდაბნის თბოსადგური, 220 მლნ საინვესტიციო ღირებულებით; სასტუმროები რიქსოს ბორჯომი, კურორტი საირმე, რადისონი წინანდალში - სულ, 76 მლნ აშშ დოლარი, სამშენებლო მასალის საწარმო, რომელშიც ჯამური განხორციელებული ინვესტიციაა 6 მლნ აშშ დოლარი, სამაცივრე მეურნეობა - 7 მლნ აშშ დოლარი.

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების წილი მთლიან საინვესტიციო პორტფელში საკმაოდ მაღალია, მიუხედავად რეგიონში არსებული არასტაბილური ფონისა. აქტიური საინვესტიციო პოლიტიკის წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდასა და პრიორიტეტული დარგების განვითარებას.