საოკუპაციო ზოლი და მილსადენების პოლიტიკა

რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევის შედეგად, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთი გამყოფი ხაზის მიღმა აღმოჩნდა. ამ ფაქტს გამოეხმაურნენ როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, ისე საერთაშორისო სტრუქტურებიდან. რა სტრატეგიული ინტერესები შეიძლება იკვეთებოდეს საოკუპაციო ხაზის ბანერებთან?

10 ივლისს სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი ბანერი რუსმა სამხედროებმა ისეთ ადგილზე დაამონტაჟეს, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ერთ-ერთი მონაკვეთი თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრებზე ცხინვალის ჯგუფის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ მოუწოდა მილსადენის ოპერატორ კომპანიას „ბრითიშ პეტროლიუმს“ ბაქო-სუფსის მილსადენის თემაზე მოლაპარაკებები ცხინვალთან აწარმოოს. მილსადენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტრანზიტის საფასურის გადახდის შესახებ ისაუბრეს ცხინვალის სხვა წარმომადგენლებმაც, თუმცა „ბრიტიშ პეტროლიუმში“ აღნიშნავენ, რომ კომპანია შესაბამისი ხელშეკრულებების მიხედვით მოქმედებს და მას ვალდებულებები ეკისრება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და მთავრობის მიმართ, თავის მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია ნავთობსადენის უსაფრთხოებაზე.

მართალია, ჯერჯერობით ბაქო-სუფსის ექსპლოატაცია ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ უკვე მისი მეორე მონაკვეთი აღმოჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ ფაქტს „განსაკუთრებით საგანგაშო“ უწოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ან ბრასორმა. 16 ივლისს მისი სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

ან ბრასორი

„შევიტყვე უაღრესად შემაშფოთებელი ინფორმაცია საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - სამხრეთ ოსეთის - ადმინისტრაციული საზღვრის ცალმხრივად შეცვლისა და იქ უწყვეტად მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის შესახებ, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ. განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ ეს ქმედებები ხორციელდება ბაქო-სუფსის მილსადენის სიახლოვეს, რომელსაც გადამწყვეტი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის“.

საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე პროცესებში ევროსტრუქტურების შეშფოთების საფუძველს ხედავენ ქართველი ანალიტიკოსებიც. ისინი იმ მოტივაციაზე მსჯელობენ, რომელიც საოკუპაციო ძალებს შეიძლება ამოძრავებდეს.

მაგალითად, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას რამდენიმე ძირითად ვერსიას აყალიბებს და ერთ-ერთი ასეთი ვერსია თურქმენული გაზის შესაძლო ტრანზიტს უკავშირდება:

კახა გოგოლაშვილი

„თურქმენეთი ბოლო დროს ამჟღავნებს საკმაოდ დამოუკიდებელ პოზიციებს რუსეთთან მიმართებით და რუსეთს შეეშინდა, რომ თურქმენეთის გაზი არ წამოვიდეს საქართველოს გავლით. ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება ამ რეგიონის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების დეგრადაცია. ამით ის აჩვენებს, რომ საქართველოზე გაყვანილი ნებისმიერი გაზსადენი ან ნავთობსადენი არ იქნება გარანტირებულად დაცული“.​

როგორც ცნობილია, გაზაფხულზე გადაწყდა მუშაობის დაწყება სამართლებრივ ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელიც მოამზადებს ნიადაგს ბუნებრივი აირის თურქმენეთიდან ევროკავშირში ტრანსპორტირებისთვის სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის გამოყენებით.

დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მხარეებმა, ევროკომისიის მხარდაჭერით, ხელი მოაწერეს დეკლარაციას... და სრულიად გასაგებია ამ კონტექსტში თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში...
ლიანა ჯერვალიძე

სამხრეთის დერეფნის საკვანძო შემადგენელია საქართველო, რომლის გარეშეც თურქმენეთის გაზის მარაგების რუსეთის ალტერნატიული მარშრუტით ტრანსპორტირება თითქმის შეუძლებელია. სწორედ ამ საკითხებზე მოლაპარაკებას უკავშირდებოდა თბილისში თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც საოკუპაციო ზოლთან განვითარებულ მოვლენებამდე ორი კვირით ადრე შედგა. გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სატრანსპორტო და ენერგოდერეფანი, რომელიც თურქმენეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს მოიცავს, დიდი პოტენციალის მატარებელი უნდა იყოს:

„დაგეგმილია შეიქმნას კასპიისა და შავი ზღვის ქვეყნების სამხრეთ კავშირის დერეფანი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკის ზრდას“.​

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი

გურბანგული ბერდიმუჰამედოვის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას კასპიისა და შავი ზღვის აუზის ენერგოპოლიტიკის ანალიტიკოსი ლიანა ჯერვალიძე აღნიშნავს, რომ „ტრანსკასპიური“ მილსადენის მშენებლობის აუცილებლობის შესახებ მოლაპარაკებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ევროკავშირთან რუსეთის ურთიერთობები დაიძაბა:

„დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მხარეებმა, ევროკომისიის მხარდაჭერით, ხელი მოაწერეს დეკლარაციას... და სრულიად გასაგებია ამ კონტექსტში თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში“.

ამ ძალისხმევის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად მიიჩნევენ ექსპერტები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საზღვრის გადმოწევის პროცესს. მაგრამ, როგორც ჩანს, სამხრეთის დერეფნის მონაწილეებისა თუ ინვესტორების გეგმებს ეს ჯერჯერობით ვერ ცვლის. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, „ბრიტიშ პეტროლიუმი“, ბაქო-სუფსის მილსადენის განახლებასაც კი აპირებს, რაც ზოგიერთი მონაკვეთის მარშრუტის შეცვლას არ გამორიცხავს.