საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ხნულების გავლება განახლდა

ხურვალეთი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთისა და ყარაფილის მიმდებარე ტერიტორიაზე ხნულების გავლება განაახლეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოჩნდა, რომლებსაც "ნივის" მარკის ავტომობილით აცილებდნენ. ტრაქტორებმა მუშაობა საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს დაიწყეს. მათი ქმედებები პირველად სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრებმა დააფიქსირეს, ინფორმაცია და ფოტოვიდეომასალა სოციალური ქსელებით გაავრცელეს. სამოქალაქო პატრულის ჯგუფის დაკვირვებით, ტექნიკა რამდენიმე საათს მუშაობდა. მოძრაობის წევრი, ირაკლი საჯაია აცხადებს, რომ ტექნიკა და მათი გამცილებლები ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანის მხრიდან შემოვიდნენ.

Your browser doesn’t support HTML5

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ხნულების გავლება განახლდა

ხურვალეთში, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, როინ ადიკაშვილის განცხადებით, დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა იგივე ხნული განაახლეს, რომელიც, დაახლოებით, ორი თვის წინ გაავლეს. ადიკაშვილის თქმით, სხვა ტერიტორიებზე ამ წუთებში ტექნიკა არ მუშაობს და არც ახალი ხნულები გაუკეთებიათ. იგი არ გამორიცხავს, რომ ხნულების განახლება რამდენიმე დღის წინ გაჩენილ ხანძარს უკავშირდებოდეს.

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ ტექნიკას და მის მუშაობას ადგილობრივი მოსახლეობაც თვალყურს ადევნებდა. ტრაქტორები, რომლებიც ხნულებს ავლებდნენ, თბილისი-სენაკის ცენტრალური ავტომაგისტრალიდანაც კარგად ჩანდა.

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ხნულები ხანძარსაწინააღმდეგოა და არაფერი კავშირი აქვს ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ნაგებობებთან. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამუშაოების წარმოება რამდენიმე თვის წინ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დააანონსეს.