სოფელ ყარაფილას სიახლოვეს, ცენტრალური ავტომაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, მძიმე ტექნიკა მუშაობს, რომელსაც გზა გაჰყავს. ტექნიკა ყოველ დილით რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზიდან გამოდის და ეგრეთ წოდებულ საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან გრუნტის გზას აკეთებს. ამ სამუშაოების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა დღეს სამოქალაქო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წევრებმა გაავრცელეს.
Your browser doesn’t support HTML5
63 დღეა ეს მოძრაობა ადგილზე სამოქალაქო დაკვირვების რეჟიმშია და საოკუპაციო ძალების ქმედებებსა და გადაადგილებას აკვირდება. ნიკა თარაშვილი ამ მოძრაობის წევრია, მან დღეს დილითაც დაინახა და დეტალურად მოინიშნა რა ტექნიკა რა დროის განმავლობაში მუშაობდა საოკუპაციო გამყოფ ხაზთან.
სამოქალქო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა მიიჩნევს, რომ ცენტრალურ ავტომაგისტრალთან 300 მეტრში საგანგაშო ვითარებაა და საოკუპაციო რეჟიმი ხნულების ნაცვლად უკვე კაპიტალურ გრუნტის გზას აშენებს. მას ამის შესახებ რამდენიმე ვერსია აქვს. მისი აზრით, ეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს პატრულირების გამარტივებისთვის სჭირდებათ ან ახალი საგუშაგოს მოწყობას უშუალოდ მაგისტრალის სიახლოვეს გეგმავენ. ქაცარავა როგორც საქართველოს ხელისუფლებას ისე საერთაშორისო საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუხმობს.
ზაფხულის დასაწყისში დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ღიად დააფიქსირეს, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში ოსური და რუსული მხარეები ეგრეთ წოდებულ საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებთან ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას დაიწყებდნენ. ეს ხნულები ყარაფილას სიახლოვეს მართლაც გაავლეს. საქართველოს ხელისუფლებამ ხნულების გავლება განგრძობითი ოკუპაციის ახალ ფორმად შეაფასა. სექტემბრის ბოლოს კი ვითარება კვლავ იცვლება და ხნულებთან ახლოს უკვე გზა გაჰყავთ. ქართული და ოსური მხარეები ოფიციალურ განმარტებას ჯერ არ ავრცელებენ. 3 ოქტომბერს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეკრებაზე მხარეების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს და ყარაფილას სიხლოვეს გზის მშენებლობასთან დაკავშირებით უფრო მეტი გახდება ცნობილი. მანამდე კი სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.