რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაამკაცრეს „საზღვრის" კონტროლი

საოკუპაციო გამყოფი ზოლი შიდა ქართლში

სოფელ აძვში მოსახლეობას მსხვილფეხა პირუტყვი საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმართულებით აღარ გადაჰყავს. გარდა ამისა, აძველები სოფლის სალოცავში მისვლასაც ვეღარ ახერხებენ, რადგან იქვე ახლოს რუსეთის მესაზღვრეები დგანან. სოფლის მცხოვრები ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ, სიფრთხილის მიუხედავად, დაკავებები მაინც ხდება, რადგან სოფლის ტერიტორიაზე თვითონ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შემოდიან.

გასული რამდენიმე დღის განმავლობაში შიდა ქართლში საქართველოს ხუთი მოქალაქე "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. აქედან ორი არასრულწლოვანი იყო, რომელთა გათავისუფლება სწრაფად მოხერხდა, სხვა დაკავებულები კი ცხინვალში სასამართლო პროცედურების ჩატარებასა და გათავისუფლების სანაცვლოდ ჯარიმის გადახდას ელოდებიან.

ტრადიციულად, მაისის ბოლოს საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს საქართველოს მოქალაქეების დაკავება ხშირდება ხოლმე. ეს ჯონჯოლისა და სოკოს კრეფის სეზონთანაა დაკავშირებული. საჩხერისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების იმ სოფლების მცხოვრებლები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს იმყოფებიან, მაისის შუა რიცხვებიდან მინდვრებში და ტყის მასივებში ჯონჯოლის საკრეფად მიდიან ხოლმე, რაც მათი ოჯახებისთვის დამატებითი შემოსავალია. შარშან მაისში ასეთი გასვლების დროს საოკუპაციო ძალებმა ათეულობით ადამიანი დააკავეს.

ჯონჯოლის კრეფის მოახლოებული სეზონი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრაზეც განიხილეს. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ ქართველ სამართალდამცავებს მოსახლეობასთან განმარტებითი სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდა, რაც, მისი აზრით, დაკავებების რაოდენობას მინიმუმამდე შეამცირებს.

ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ენუქიძემაც ისაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმი მაისის შუა რიცხვებიდან გამყოფი ხაზის გასწვრივ პატრულირების რეჟიმს ამკაცრებს. შალვა ენუქიძის თქმით, დე ფაქტო ხელისუფლება უხეშად არღვევს მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების უფლებას.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების იქ ყოფნას გმირობის ტოლფასად მიიჩნევს. მისი თქმით, ადამიანების დაკავება ყველა კონფლიქტის თანმდევი პროცესია და თუმცა საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დაკავებულთა მოკლე დროში გათავისუფლებას, ეს, რა თქმა უნდა, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთა მდგომარეობას არ ამსუბუქებს, ამიტომ იგი იქაურ მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.