სანდრო წერეთლის კონცერტი ვაშინგტონში

ღონისძიებაზე „კონცერტი ჰარდინგის თეთრ სახლში“ 14 წლის სანდრო წერეთელმა ბახის, შოპენის, შტრაუსის და ბარტოკის ნაწარმოებები შეასრულა

„კონცერტი ჰარდინგის თეთრ სახლში“ - ამ სახელწოდებით ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე ლევინის მუსიკალური სკოლის ორი ნიჭიერი პიანისტი 14 წლის სანდრო წერეთელი და 13-ის ეივერი გალიანო მიიწვიეს. თეთრი სახლის ისტორიული საზოგადოების მიერ მოწყობილი კონცერტი ამერიკის ყოფილი პირველი ლედის, კლასიკური მუსიკის დიდი მოყვარულის -ფლორენს ჰარდინგის- მიერ 1923 წელს თეთრ სახლში მოწყობილი შურა ჩერკასკის კონცერტის ერთგვარი რეპლიკა იყო.

ლესლი ჯონსის, ასოციაციის ერთ-ერთი დირექტორის თქმით, ფლორენს ჰარდინგი თეთრ სახლში ფორტეპიანოზე დღეში თითო საათი მაინც მეცადინეობდა და კონცერტებს ახალგაზრდა შემსრულებლებსაც ხშირად უწყობდა. „მსგავსი ღონისძიებები დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ... საჯარო პროგრამები მიზნად თეთრი სახლის ცხოვრების ახლოს გაცნობას, მის დაფასებას და ისტორიისადმი პატივისცემის გაზრდას ისახავს მიზნად. საშობაოდ თითო პრეზიდენტს და თეთრ სახლში მისი ცხოვრების პერიოდს ვარჩევთ. წელს ეს პრეზიდენტი ჰარდინგი იყო, რომლის დროსაც თეთრი სახლიდან კლასიკური მუსიკა ხშირად ისმოდა“ - ამბობს ის.

ახალგაზრდა პიანისტები სანდრო წერეთელი და ეივერი გალიანო, დამსწრეებს სარა უილსონმა, ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი მუსიკალური სკოლის -ლევინის მუსიკალური ცენტრის- დირექტორის მოადგილემ წარუდგინა.

„იმოდენა პატივია აქ ყოფნა, განსაკუთრებით ამ ისტორიულ დღეს... თეთრი სახლის გვერდით შენობაში ფორტეპიანოზე დაკვრა უამრავი ვაშინგტონელი ბავშვის სანუკვარი ოცნებაა. ეს საოცრებაა! მართლა გადასარევია!“ – გვიზიარებს თავის შთაბეშდილებას ეივერი, რომელმაც კონცერტზე შუმანის, ბეთჰოვენის, შტრაუსის და ლისტის ნაწარმოებები შეასრულა.

ლევინის სკოლის პედაგოგი სესილია ჩო ამბობს, რომ საპატიო სტიპენდიანტები სანდრო და ეივერი სკოლამ განსაკუთრებული ნიჭის და შრომისმოყვარეობის ნიშნით შეარჩია. „სანდრო სრულიად გამორჩეული ნიჭის პატრონია. ის ჩვენმა სკოლამ აარჩია... გაცნობისთანავე მივხვდი, რომ ძალიან ნიჭიერი ბიჭია, გვერდით გულგრილად ვერ ჩაუვლი, მდიდარი სულით, უჭკვიანესი, არტისტული ბუნებით და შესანიშნავი სმენით“ - ყვება პედაგოგი.

სანდროს თქმით, მისთვის უდიდესი პატივია ისტორიულ შენობაში ბახის, შოპენის, შტრაუსის და ბარტოკის ნაწარმოებების შესრულება. პატარა პიანისტს, რომელიც 14 წლის სულ რამდენიმე დღის წინ გახდა, სამომავლოდ სერიოზული გეგმები აქვს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ისტორიულ ადგილას უნდა დამეკრა და კარგად დაკვრა იყო საჭირო. ვაპირებ გავაგრძელო მუსიკალური კარიერა და პიანისტობა. მინდა, რომ კომპოზიტორი გავხდე. ანუ, საბოლოო ჯამში მინდა, რომ პიანისტი და კომპოზიტორი ვიყო“ - ამბობს სანდრო წერეთელი.

შენობა, რომელშიც სანდროს და ეივერის კონცერტი გაიმართა, მართლაც ისტორიულია. ის 1819 წელს თეთრი სახლის გვერდით აშენებული პირველი ნაგებობა იყო. გასულ საუკუნეში ამ სახლში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტები, სახელმწიფო მდივნები, თუ უცხოეთის ელჩები ცხოვრობდნენ.