16 წლის სანდროს სათბური კოლხური ბზის გადასარჩენად

სანდრო ნარსია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მცხოვრებმა 16 წლის სანდრო ნარსიამ, საკუთარი ძალებით, სახლის სარდაფში კოლხური ბზის სანერგე მეურნეობა მოაწყო. მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ უკვე 200 ტოტი დააკალმა და 1300 მარცვალი დათესა. სანდრო ამ გზით ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს გადაშენების პირას მისული კოლხური ბზის გადარჩენაში. მსგავსი მეურნეობის მოსაწყობად მან საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გასულ წელს სოფლის საჯარო სკოლაში მიიღო, სადაც თანაკლასელებთან ერთად 250 ბზის ტოტი დააკალმა.

Your browser doesn’t support HTML5

16 წლის სანდროს სათბური კოლხური ბზის გადასარჩენად

მანამდე კი სანდრომ და მისმა თანატოლებმა ინფორმაცია კოლხური ბზის დააავადებების შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისგან (CENN) შეიტყო, რომელიც პრობლემის მოგვარებაში, მოზარდების ჩართულობის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს.

სანდრო ყვება, რომ მისი დაინტერესება ბზის მიმართ მაშინ დაიწყო, როცა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოზარდები სოფელ ურთის მთაზე ბზის თესლის შესაგროვებლად წაიყვანეს:

სანდრო ნარსია

„აქედან იწყება ყველაფერი. იმ დღეს – 2015 წლის ზაფხულში, ივლისში, შევაგროვეთ კოლხური ბზის თესლი. ამის შემდეგ აქვე, ჩემს ეზოში აღებული კალმებით მოვახერხეთ სკოლაში 245 ძირი კოლხური ბზის ნერგების გამოყვანა. გაიხარა, დაახლოებით, 50%-მა, რომლის ნაწილიც გადავიტანეთ სკოლის ეზოში, ნაწილი კი გავაჩუქეთ. შემდეგ CENN-ის ორგანიზებით, მოხდა ჩემი წასვლა ბანაკში, სადაც მივიღე თეორიული ცოდნა, ძირითადად, გარემოს დაცვის საკითხებისა და ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. ასე გადავწყვიტე მომეწყო კერძო სანერგე მეურნეობა“, – ამბობს სანდრო ნარსია.

სოკოვანმა დაავადებამ, რომელიც „ბზის სიდამწვრის“ სახელითაა ცნობილი და მავნებელმა მწერმა ალურამ 2010 წლიდან დასავლეთ საქართველოს ბზის კორომების დიდი ნაწილი, მათ შორის, ბუნების უნიკალური სახეობები გაანადგურა. სამეცნიერო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შექმნილი სიტუაცია შეფასდა, როგორც ეკოლოგიური კატასტროფა.

სწორედ ამიტომ, სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ჩართულობით, შეიქმნა კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლის დღის წესრიგშიც დგას კოლხური ბზის, როგორც სახეობის, გადარჩენა. პროგრამაში ჩართული კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) წარმომადგენლის, მაია კოდუას განცხადებით, სამეგრელოში ეს პრობლემა შეეხო ყველა მუნიციპალიტეტს, განსაკუთრებით კი მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებსა და კოლხეთის სატყეო უბანს.

მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მცენარე, ენდემური სახეობა გამომეყვანა მე თვითონ და ჩემი წვლილი შემეტანა კოლხური ბზის გადარჩენაში...
სანდრო ნარსია

„აუცილებელია მრავალჯერადი შეწამვლა, რადგან ეს სახეობა წლის განმავლობაში 4-5 თაობას იძლევა. მცენარის მწვანე ნაწილებიდან, ფოთლებიდან და ახალგაზრდა ყლორტებიდან წოვს მცენარის წვენს და მცენარე შეიძლება 2-3 დღეში გახმეს“.

სპეციალისტების შეფასებით, ჩატარებულ ღონისძიებებს გარკვეული შედეგი უკვე აქვს, თუმცა, საჭიროა შეწამვლითი სამუშაოების გაგრძელება.

ბზის გადასარჩენად ახალგაზრდებისთვის ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის შედეგია სოფელ ხეთაში სანდრო ნარსიას სათბურიც. მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ბზის კალმებს ყოველ დღე რწყავს და უვლის:

„მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მცენარე, ენდემური სახეობა გამომეყვანა მე თვითონ და ჩემი წვლილი შემეტანა კოლხური ბზის გადარჩენაში“.

ზაფხულში, როცა უკვე დაკალმებული ტოტები ღია გრუნტში გადასატანად მზად იქნება, სანდრო მათ გააჩუქებს, შემოდგომაზე კი ტოტებს ისევ დააკალმებს.