სანამ შრომის ინსპექცია არ არის

ჭიათურაში, ცენტრალური გამამდიდრებელი ფაბრიკის შენობაში უბედური შემთხვევის შედეგად მუშა დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. პროფკავშირი ფაქტის გამოსაკვლევად შექმნილ კომისიაში ჩართვას ითხოვს, მაღაროებში შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევებზე ლაპარაკობს და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის არაეფექტურობაზე მიუთითებს.

Your browser doesn’t support HTML5

სანამ შრომის ინსპექცია არ არის

58 წლის ზეინკალი 11 აპრილს დაიღუპა. თამაზ დოლაბერიძე, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ზეინკალი სამუშაოს შესრულებისას მეექვსე სართულიდან გადმოვარდა. ის ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომელი იყო:

„საჭრელი დანადგარით მილების დაჭრა ჰქონდა დავალებული. წინასწარი ინფორმაციით, რაც ვიცით, ადგილი, სადაც ის მუშაობდა, დანადგარის დასადგმელად იყო გამზადებული და ხვრელი, რომელშიც უნდა ჩამდგარიყო ეს დანადგარი, არ იყო შემოღობილი და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის სწორედ ამ ხვრელში ჩავარდა“.

პროფკავშირი წერილობით მოითხოვს, რომ ფაქტის გამოსაკვლევად შექმნილ კომისიაში პროფკავშირის შრომის დაცვის ტექნიკური ინსპექტორი ჩართონ, რის შემდეგაც მომზადდება დასკვნა და წარედგინება დამსაქმებელ კომპანია შპს „ჯორჯიან მანგანუმს“. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

ჭიათურის მკვიდრი ლალი ხვედელიძე საბაგირო გზის სიგნალისტია. ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ჭიათურაში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობასა და, მაღაროებში დასაქმებულთა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე მძიმე პირობებზე ლაპარაკობს. ლალი ხვედელიძე ფიქრობს, რომ საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლის გარეშე არაფერი გამოდის:

„როდესაც ადამიანი ცვლებში მუშაობს, ძალიან რთულია, რომ მას მოსთხოვო, გამოდი და ახლა აქ დადექიო. შეძლებაც აღარ აქვს ხალხს, იმდენად ქანცგაწყვეტილები არიან. იცით, ჩვენ არაფრისგან დაცულები არ ვართ. მე თვითონაც სადაც ვზივარ, ხო, შენობის ჭერი არის ჩამოზნექილი და უკვე წლებია წყალი ჩამოდის. რომ ჩამომენგრეს, ვერც გავასწრებ. სხვაგანაც ასეთი სიტუაციაა. აი, ქარხნებში დგანან მუშები, კი აფარიათ „კასკები“ თავზე, მაგრამ ზედ აწვიმთ. როგორ შეიძლება თავზე გაწვიმდეს და ისე მუშაობდე?! არაფერს არ ექცევა ყურადღება, რადგან ეს ყველაფერი ხარჯთან არის დაკავშირებული“.

შემიძლია გითხრათ, რომ იქ არსებული ვითარება სავალალოა და ეს გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში არ არის სათანადო შრომის ინსპექცია და ის მექანიზმი, რომელიც შექმნილია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სახით...
თამაზ დოლაბერიძე

თამაზ დოლაბერიძის თქმით, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა სტატისტიკა შემაშფოთებელი და მზარდია. 2016 წელს სამუშაო ადგილზე 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება კონკრეტულად მაღაროებს, მისივე თქმით, იქ დაღუპულთა სტატისტიკა არ არის მზარდი, თუმცა ის, რომ საწარმოო შემთხვევები მაღაროებში არ არის იშვიათი, ფაქტია. თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ შპს „ჯორჯიან მანგანუმში“, შრომის უსაფრთხოების ვითარების მხრივ, მდგომარეობა მძიმეა:

„შემიძლია გითხრათ, რომ იქ არსებული ვითარება სავალალოა და ეს გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში არ არის სათანადო შრომის ინსპექცია და ის მექანიზმი, რომელიც შექმნილია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სახით, რომელმაც არაერთხელ შეამოწმა ჭიათურის საწარმოები, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ეფექტს არ იძლევა“.

როგორც პროფკავშირი, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთი წელია მოითხოვენ, აღდგეს 2006 წელს გაუქმებული შრომის ინსპექცია, რომელიც იქნება უფლებამოსილი არა მხოლოდ რეკომენდაციები გასცეს დამსაქმებლებისათვის, არამედ, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიებს კონკრეტული სანქციები დააკისროს. იმას, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მუშაობა არაეფექტურია, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს ამბობდა დეპარტამენტის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. როგორც მან მაშინ გვითხრა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შექმნის უმთავრესი ფაქტორი ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას უკავშირდება, რომელიც ავალდებულებდა და ავალდებულებს ქვეყანას, ჰქონდეს ეფექტური შრომის ინსპექცია. თუმცა მაშინ ისიც ითქვა, რომ დეპარტამენტი მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება. დღესდღეობით ლევან ჟორჟოლიანი აღარ იკავებს აღნიშნულ თანამდებობას. დეპარტამენტის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ რადიო თავისუფლებას ესაუბრა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია. მისი თქმით, დეპარტამენტი გეგმიურ შემოწმებებს კომპანიებთან შეთანხმებით ახორციელებს და მათ ფუნქციას რისკების შეფასება და უბედური შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ მობილურმა ჯგუფებმა რამდენჯერმე შეამოწმეს შპს „ჯორჯიან მანგანუმში“ არსებული ვითარება და მათ მიმართ რეკომენდაციებიც გაიცა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ რეკომენდაციებს არა აქვს სავალდებულო ძალა. ელზა ჯგერენაიას თქმით, რეკომენდაციების გაცემიდან რამდენიმე ხანში მობილური ჯგუფები კომპანიებში გადამოწმების მიზნით მიდიან და ხშირ შემთხვევაში მათი რეკომენდაციები შესრულებულია:

„თუმცა 100 %-ით არ ხდება ამ რეკომენდაციებსა და წინადადებებზე რეაგირება, მაგრამ არის კომპანიები, სადაც შვიდი რეკომენდაციიდან გასწორებულია ხუთი. თუმცა რჩება ერთეული კომპანიები, სამწუხაროდ, სადაც რეაგირება ჯერჯერობით არ მომხდარა. ჩვენ წელსაც ვაპირებთ რეინსპექტირებას იმ კომპანიებში, რომლებიც ჩვენ მიერ იქნა შემოწმებული და, შესაბამისად, ეს სტატისტიკაც იქნება განახლებული“.

იმისათვის, რომ სიტუაცია შეიცვალოს და დეპარტამენტის მუშაობა უფრო ეფექტიანი გახდეს, ელზა ჯგერენაიას თქმით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით მომზადდა კანონპროექტი „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, რომელსაც მთავრობა უახლოეს მომავალში განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში შრომის ინსპექტირების გასაძლიერებლად სახელმწიფოს, ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულების თანახმად, კონკრეტული ვადები აქვს დაწესებული და ეს ვადა 2019 წელს იწურება.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ დაგვიკავშირდა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ პიარდირექტორი ზაქარია ზალიკაშვილი: „ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს. ჩვენ ვიყავით შემთხვევის ადგილზე და ორაზროვანი შეფასებები მოვისმინეთ. და არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო კონკრეტულად ამ უბედური შემთხვევის დადგომასთან დაკავშირებით. ყოველი ასეთი შემთხვევა ჩვენთვის ტრაგიკული შემთხვევაა. იქ ბევრი ემოციური შეფასება მოვისმინე და მე არ შემიძლია ვთქვა, რომელი ვერსიაა სწორი, ამიტომ დაველოდებით გამოძიებას. კომპანიაში ბევრი პრობლემა გამოვასწორეთ ტექნიკური უსაფრთხოებისა და შრომითი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ ამან შედეგები მართლაც მოგვიტანა. ოცდაათჯერ მაინც შემცირდა საწარმოო შემთხვევათა მაჩვენებელი, თუმცა, სამწუხაროდ, შემთხვევები ისევ გვაქვს. ჩვენ ვცდილობთ, რომ შეგნების დონემდე დავიყვანოთ, რომ პირადი უსაფრთხოება ეს არის პირველ რიგში თავად დასაქმებულთა დასაცავი“.