სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობა უკომპენსაციოდაა დარჩენილი

ახალციხე

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ცენტრალურმა ხელისუფლებამ არაერთი ინიციატივა შეიმუშავა. კახეთში გაცემული კომპენსაცია სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობაში კითხვებს აჩენს. სამხრეთ საქართველოში ფიქრობენ, რომ მათთვის ვერც „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ მოიცალა და ვერც „ქართულმა ოცნებამ“.

მნიშვნელოვანი ზარალი მოუვიდა ვალეს მოსახლეობას. ლევონ დანელიანი თავს სათბურით ირჩენდა. 19 ივლისის სტიქიის შემდეგ კი ამბობს, რომ შემოსავლის წყარო დაკარგა.

19 ივლისის სტიქიამ განსხვავებული მასშტაბებით ქვეყნის სამი რეგიონი დააზარალა. კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას ძლიერი სეტყვის შედეგად გაუნადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაუზიანდა საცხოვრებელი სახლები, ჩაემსხვრა სახურავები და მინები, გაუნადგურდა პირუტყვის სადგომები, დაეხოცა შინაური ფრინველი. როგორც პრეზიდენტის სამხარეო ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი ია გოგატიშვილი აცხადებს, სტიქიამ პრობლემები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ ძლიერმა სტიქიამ ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა, მთავრობაში რეგიონის დასახმარებლად არანაირი სახის ინიციატივა არ შესულა. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის კომპენსაციის შესახებ საკითხი პარლამენტში ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვაჟა ჩიტაშვილმა დააყენა.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის კომისია შეიქმნა, რომლის მიზანიც სტიქიით დაზარალებულების დახმარებაა, თუმცა, როგორც გაირკვა, მათ რიცხვში სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობა არ მოხვდა. ,,ეს მხოლოდ კახეთის ცალკეულ რაიონებზეა გათვლილი“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი.

სამცხე-ჯავახეთში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 2012 წელს, ივლისის თვეში, ოთხჯერ დაისეტყვა. მარტო ამ თვეში მიყენებულმა ზარალის ოდენობამ, რეგიონის მაშინდელი ხელმძღვანელობის მონაცემებით, დაახლოებით 5 მილიონ ლარს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერმა სტიქიამ სამხრეთ საქართველოს სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა, მთავრობაში რეგიონის დასახმარებლად არანაირი ღონისძიება არ გატარებულა.