რამდენად ხელშესახები იქნება სამთავრობო ცვლილებები და დაირღვა თუ არა პროცედურა ახალი მინისტრების დანიშვნისას? - მიუხედავად ამ კითხვებისა, ახლად დანიშნული მინისტრები დღეს უკვე მთავრობის ადმინისტრაციაში შეიკრიბნენ და პრემიერსაც შეხვდნენ. თინა ხიდაშელის თქმით, შეხვედრა აუცილებელი იყო, რადგან არის ბევრი საკითხი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად უნდა გადაწყვიტონ:
„ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს უკვე კონკრეტულ თემებზე და, ბუნებრივია, პრემიერთან ერთად უნდა გავიაროთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მაისს ჯერ სამი ახალი მინისტრი წარადგინა, საღამოს კი უკვე თანამდებობებზე დანიშნა: თავდაცვის მინისტრად - თინა ხიდაშელი,სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად - ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვისმინისტრად კი - გიგლა აგულაშვილი.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარმოდგენილ სიას ჯერჯერობით ხელი არ მოაწერა და მთავრობას მოუწოდა ერთი კვირა კიდევ იფიქრონ, თუმცა მისი ეს რჩევა ირაკლი ღარიბაშვილს არ გაუთვალისწინებია.
ჩვენ უნდა განვასხვავოთ ორი რამ: ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასრულებს მოვალეობას. მან გადაწყვიტა მეშვიდე მინისტრი გაეთავისუფლებინა. ამ დროს მთელი მთავრობა ხელახლა უნდა დამოწმდეს საქართველოს პარლამენტის მიერ. შესაბამისად, მანამდე მას არა აქვს ახალი მინისტრის დანიშვნის უფლება...ვახუშტი მენაბდე
ამ პროცესებმა გაუგებრობა წარმოქმნა საზოგადოებაში. კონსტიტუციონალისტების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ მინისტრების ამ ფორმით დანიშნვა არასწორი იყო. უფრო კონკრეტულად ამაზე ვახუშტი მენაბდე ლაპარაკობს:
„ჩვენ უნდა განვასხვავოთ ორი რამ: ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასრულებს მოვალეობას. მან გადაწყვიტა მეშვიდე მინისტრი გაეთავისუფლებინა. ამ დროს მთელი მთავრობა ხელახლა უნდა დამოწმდეს საქართველოს პარლამენტის მიერ. შესაბამისად, მანამდე მას არა აქვს ახალი მინისტრის დანიშვნის უფლება. ამასთან, ღარიბაშვილი, პრემიერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად, არის კანდიდატი პრემიერობის. შესაბამისად, კანდიდატს მინისტრის დანიშვნის უფლება ისევ არა აქვს. ამიტომ ის აქტები, რომლებიც გამოიცა, არ არის კონსტიტუციასთან თანხვედრაში“.
ვახუშტი მენაბდის თქმით, პრეზიდენტს უფლება არა აქვს კანდიდატთა სია ბოლომდე ხელმოუწერელი დატოვოს, თუმცა პარლამენტს შეუძლია მთავრობის ახალი შემადგენლობა დაიწუნოს და ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდება შემადგენლობა კიდევ ერთხელ გადაახალისოს.
ამასთან, ხიდაშელი და აგულაშვილი დეპუტატებიც არიან. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ამბობს, რომ ეს პრობლემას არ ქმნის:
„ქალბატონი თინა და ბატონი გიგლა არიან სრულუფლებიანი მინისტრები და მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ განახორციელონ მინისტრის უფლებამოსილება და, როგორც თქვეს, ორშაბათიდან ისინი ამას აპირებენ“.
პარლამენტი ხიდაშელისა და აგულაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ორშაბათს იმსჯელებს, ოქტომბერში კი შუალედური არჩევნები გაიმართება საგარეჯოში თინა ხიდაშელის ნაცვლად ახალი მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად.
რამდენად შეცვლის ვითარებას სამთავრობო ცვლილებები? ექსპერტები განსაკუთრებულ პრობლემად ლარის კურსის ვარდნას ასახელებენ. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ბოლო კურსით, ერთი დოლარის შეძენა 2 ლარად და 33 თეთრადარის შესაძლებელი. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას მართლაც ცვლილებები სურდა, ეკონომიკური გუნდი უნდა შეეცვალა:
„მთავრობამ შეცვალა არა ის მინისტრები, რომელთა მიმართაც აქვს საზოგადოებას და ოპოზიციას გარკვეული პრეტენზიები, არამედ წავიდა სხვა მიმართულებით. მთავრობას არ უნდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და იმ შეცდომების აღიარება, რომელიც მას ჰქონდა - განსაკუთრებით, ეკონომიკასთან მიმართებაში“.
როგორც კორნელი კაკაჩია ამბობს, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე კიდევ უფრო გამოჩნდა ის დაპირისპირება, რომელიც საქართველოს მთავრობაშია.
„პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ ის გამორიცხავს ყოველგვარ ცვლილებას, მხოლოდ ორი მინისტრის შეცვლაზე იყო ლაპარაკი და, სრულიად მოულოდნელად, მეორე დღეს შეიცვალა აზრი, რაც მიანიშნებს იმას, რომ გადაწყვეტილების მიმღები მხოლოდ ის არ ყოფილა. ამ შემთხვევაში საუბარია ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს ხელისუფლებაზე“.
მისივე თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა არჩევნებამდე რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით მისვლაა. მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს უნდა გაიმართოს.