ზუგდიდის სასამართლოში, სადაც გამგეობის ყოფილი 11 თანამშრომლის სარჩელი განიხილება დამსაქმებლის წინააღმდეგ, უახლოეს დღეებში ახალი საჩივარი შევა - ამჯერად დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლისგან. სამსახურიდან დათხოვნილები მიიჩნევენ, რომ ისინი უსამართლოდ გაათავისუფლეს და ამის დამტკიცებას სასამართლოს გზით ცდილობენ.
შაბათს ცნობილი გახდა, რომ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან სამი თანამშრომელი დაითხოვეს. ეს ამბავი ჟურნალისტებს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აცნობა მუზეუმის ყოფილმა ექსკურსიამძღოლმა ელზა ზოდელავამ. მისი თქმით, ფოსტით მიღებული წერილით შეიტყო, რომ სამსახურიდან დათხოვნილია, ხოლო რა მიზეზით, ეს წერილში დაკონკრეტებული არ იყო. ელზა ზოდელავას სიტყვებით, მას შეატყობინეს მხოლოდ ის, რომ ხელშეკრულება შეუწყდა და პირველი თებერვლიდან გათავისუფლებულია. მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ ის მუზეუმში ერთადერთი რუსულენოვანი ექსკურსიამძღოლი იყო, სამსახურიდან გაშვების მიზეზი კი მუზეუმის დირექტორთან დაპირისპირებაა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან კულტურის სამინისტროს მიმართა დირექტორის მიერ სამსახურებრივი თანამდებობის ბოროტად გამოყენების თაობაზე.
„1 თებერვლიდან უკვე გათავისუფლებული ვარ და მე მაინტერესებს, ეს რის საფუძველზეა. ეს უფრო პირადი ინტერესების გამო ხდება, რომელიც არის ძალიან სამწუხარო - იმის გამო, რომ სამინისტროში მქონდა წერილი გაგზავნილი, თუ როგორ პირობებში ვიყავით ჩვენ აქ“, -განაცხადა ელზა ზოდელავამ, რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. რაც შეეხება მასთან ერთად გათავისუფლებულ კიდევ ორ თანამშრომელს, ისინი ჟურნალისტებთან სასაუბროდ არ გამოსულან. ელზა ზოდელავას სიტყვებით, ერთ მათგანი დამლაგებელია, რომელიც სამსახურში არასდროს უნახავთ, მეორე კი, ბიბლიოთეკარი, დირექტორის ნათესავია და ჩივილს არ აპირებს.
თავის მხრივ, მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია აცხადებს, რომ მან სამსახურიდან თანამშრომლები რეორგანიზაციის შედეგად გაათავისუფლა. მისი თქმით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2017 წლის ბიუჯეტში მუზეუმს, გასულ წელთან შედარებით, 24 ათასი ლარით ნაკლები თანხა გამოუყო და საჭირო გახდა თანამშრომელთა შემცირება.
„მე მყავს აქ თანამშრომლები ქართულ-ინგლისურის, ქართულ-რუსულის, ქართულ გერმანულის სპეციალისტები. ჩვენ საქართველოში ვართ და ის ქართულად ვერ ატარებს. ამიტომ ახლა ხომ ვერ გავუშვებდი იმას, ვინც ქართულ-რუსულად ატარებს?!“ - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა.
თავის მხრივ, ელზა ზოდელავა უკვე სარჩელის მზადების პროცესშია.
არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით სარჩელი უკვე მოამზადეს გამგეობიდან გათავისუფლებულებმა, რომელთა საქმე სასამართლომ წარმოებაშიმიიღო. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის - ბათილად იქნეს ცნობილი საკონკურსო საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდნენ.
„შეთითხნილია ის, რასაც კონკურსზე აცხადებენ. ჩემ მიმართ განხორციელებული ეს ქმედება ეხება პირდაპირ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, პირდაპირ იმ პარტიას, რომლის წარმომადგენელიც დღეს ვარ“, - განმარტა მაია ღურწკაიამ, რომელიც გამგეობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად მუშაობდა. ის რესპუბლიკური პარტიის წევრია.
გამგეობაში ყოფილი თანამშრომლების პრეტენზიებს არ იზიარებენ. გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს არაერთხელ განუცხადა, რომ საჯარო მოხელეების დათხოვნის მიზეზი მხოლოდ ტესტირების შედეგები გახდა
„გადაწყვეტილება, რომელიც კოლეგიალურად იქნა მიღებული, ემყარება ანალიზს მათი საქმიანობის, თუ რამდენად ეფექტურები იყვნენ“, - აღნიშნა გამგებლის მოადგილემ.
ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა, რის შედეგადაც სამსახურიდან 28 თანამშრომელი გათავისუფლდა. მათგან 11-მა მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა.