საქართველოს მთავრობამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. მიმოვიხილოთ მიმდინარე წელს ეკონომიკური მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები.
საქართველოს ექსპორტის სტრუქტურის დივერსიფიკაციისთვის რიგი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ - მეწარმეობის განვითარების სააგენტო - გეგმავს ექსპორტის მართვის კურსების ორგანიზებას, სავაჭრო ვებპორტალის განვითარებას და განახლებას, ფინანსური დახმარების პროექტების განხორციელებას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სავაჭრო გამოფენებში ქართველი ექსპორტიორების მონაწილეობის ხელშეწყობას. მეწარმეობის განვითარების კუთხით დაგეგმილია მცირე და საშუალო საწარმოთათვის საგანმანათლებლო სახის პორტალის შემუშავება და ბიზნესის ამ სეგმენტის ტექნიკური მხარდაჭერის ინსტრუმენტების შემუშავება.
მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება სურსათის უვნებლობის სტრატეგიის და კოდექსის შემუშავებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან მათი ჰარმონიზაციის მიმართულებით: მომზადდება, განიხილება და მიიღება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები ისეთ საკითხებში, როგორიცაა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია; ცხოველთა დაავადებათა კონტროლის ღონისძიებები; სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლი, ჰიგიენური წესები; მცენარეთა მავნე ორგანიზმების კონტროლი და მცენარეთა დაცვის საშუალებების ბაზარზე განთავსება. ამ მიმართულებით დაგეგმილია ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მოთხოვნებთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება ახლად მიღებული ან შესწორებული კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელებისთვის. ქართული ბიზნესის მომზადებისა და ადაპტაციის ხელშეწყობისთვის იგეგმება კერძო სექტორთან თანამშრომლობა და ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებაში მისთვის დახმარების გაწევა, განსაკუთრებით ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და კვლევის მეთოდების გაცნობის გზით.
საქართველოს ტრანზიტის საერთო პროცედურების კონვენციასთან მიერთების მიზნით, იგეგმება საბაჟოს თანამშრომლების გადამზადება, საბაჟო რისკების სისტემის დახვეწა, პარტნიორ ქვეყნებთან ინფორმაციის წინასწარი გაცვლის სისტემის დანერგვა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კონტრაბანდის საწინააღმდეგო სისტემების დანერგვაში.
ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა სახის ღონისძიებები დაეხმარება საქართველოს სხვადასხვა სფეროში დაუახლოვდეს ევროსტანდარტებს და, შესაბამისად, მიმზიდველი გახადოს ქვეყანა ბიზნესისა და საინვესტიციო თვალსაზრისით, ასევე კონკურენტული გახადოს ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე. დღის წესრიგში მოცემული ღონისძიებები დაფინანსდება სხვადასხვა წყაროებიდან და, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გარდა, გამოყენებული იქნება შემდეგი დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა: ევროკავშირი, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამა (CIB), ავსტრიის განვითარების სააგენტო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), გაერო, მსოფლიო ბანკი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).