ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების ინიციატივით გამოდის. ამ მოთხოვნით მიმდინარე კვირის დასაწყისში თბილისში, პარლამენტის შენობასთან, აქციაც გაიმართა. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას არ ეწინააღმდეგება თავდაცვის მინისტრი და ამ თემაზე ღია დისკუსიას ხსნის. პარალელურად, უწყებაში ლაპარაკია 2016 წლიდან სისტემის რეფორმის დაწყებაზე.
27 წლის ჰერმან საბომ ერთი წელი იმსახურა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ჯარში 2012 წელს სწავლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს. მისი ერთწლიანი საქმიანობა ე.წ. ყარაულობა იყო. ის თბილისში ერთ-ერთ ობიექტს იცავდა. 12 თვის შემდეგ, ანუ როცა ჰერმანმა სამხედრო სავალდებულო სამსახური დაამთავრა, მიიღო სამხედრო ბილეთი, სტატუსით „მსროლელი“, თუმცა ჰერმანი მეუბნება, რომ ის არ ფლობს არანაირ უნარ-ჩვევას, რომელიც სამხედრო საფრთხის შემთხვევაში უნდა გამოავლინოს. ერთადერთი, რაც მან სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნისას ისწავლა და რაც დღესაც ახსოვს, ეს მწყობრში სიარულია. საერთო ჯამში, მსროლელმა ჰერმანმა ერთი წლის მანძილზე სულ 19 ტყვია გაისროლა:
„სანამ ობიექტზე გამანაწილებდნენ, გავიარე, დაახლოებით, ორკვირიანი კარანტინი. ამ ორი კვირის მანძილზე გვასწავლეს მწყობრში სიარული, ე. წ. „შაგაობა“, და კარანტინის დასასრულს ვისროლეთ ათი ტყვია. ამ ერთი წლის მანძილზე ერთადერთხელ მოგვიწია პოლიგონზე გასვლა, იქაც ვისროლეთ ცხრა ტყვია, ანუ, ჯამში, მე მაქვს ნასროლი 19 ტყვია. როდესაც ადამიანს 19 ტყვია აქვს ნასროლი, როგორ შეიძლება ის ჯარისკაცი იყოს? პირიქით, ასეთი დაბალი უნარ-ჩვევების მქონე ჯარისკაცი ჯარისთვის ბრძოლის ველზე წარმოადგენს პრობლემას და არა დამხმარე ძალას“.
სავალდებულო სამსახურის გადავადება ჰერმანმა ვერ მოახერხა. როგორც ჰერმანი მიყვება, იმ პერიოდში, როდესაც ჯარში გაიწვიეს, ოჯახი მისი და დედის ყოველთვიური შემოსავლით ცხოვრობდა, სამსახურის ერთი წლით მიტოვება კი ამ შემოსავალს გაანახევრებდა. ჰერმანმა გაწვევის გადასავადებლად დაწესებული გადასახადის - 2000 ლარის - გადახდაზეც იფიქრა, თუმცა მას ჯარში წასვლა მაინც მოუწია:
„ოჯახში ძალიან რთული პირობები მქონდა. მამაჩემი მძიმე ავადმყოფი იყო. ვიფიქრე გადასავადებელი თანხის გადახდაზე, იმისათვის რომ სამსახური არ დამეკარგა, მაგრამ იმის გამო, რომ არ ვიცოდი წესები, რა პროცედურა უნდა გამევლო, ტექნიკურად ვერ მოვახერხე თანხის გადახდა და წელიწად-ნახევრით გადავადება“.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის მონაცემებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეების გაწვევის თაობაზე მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2015 წლის გაზაფხულზე, მთლიანობაში, 3 100-ზე მეტი ახალგაზრდა გაიწვიეს. მათგან თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გაიწვიეს 549. დანარჩენი შსს-ს დაცვის პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე გადანაწილდა.
„ჩვენ გვჭირდება ჯარისკაცები და არა კარისკაცები!“ „ფულიანები - სახლში, უფულოები - ჯარში“;„არ მინდა ვიყო უფასო მუშა“.; „ ნუ გვაოცნებებთ დედისერთობას“ - მიმდინარე კვირის დასაწყისში თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ახალგაზრდებმა ამგვარი პლაკატებით გამოხატეს მოთხოვნა, გაუქმდეს სამხედრო სავალდებულო სამსახური. აქციის ორგანიზატორი იყო ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას გულისხმობს, პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ზურაბ ჯაფარიძეს, ეკუთვნის. საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში 2015 წლის 16 ივლისს დარეგისტრირდა, ცვლილება კი შეეხება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს. ცვლილების ინიციატორი ზურაბ ჯაფარიძე სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების აუცილებლობას ასე ხსნის:
„ახალგაზრდებს, რომლებიც მიჰყავთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რეალურად უწევთ უფასო შრომა სხვადასხვა უწყებების დაცვაში ან სხვადასხვა დაწესებულებაში. რეალურად, ჩვენი გათვლებით, ამ ახალგაზრდების მხოლოდ 30 % გადის სამხედრო სამსახურს, თუმცა ეს ხარჯი, ჩვენი აზრით, არის არაეფექტური და უკეთესი იქნება, თუკი ამ თანხების მიმართვა მოხდება პროფესიულ არმიაზე და თანამედროვე თავდაცვის სისტემაზე და ეს გაცილებით წაადგება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ეს სისტემა არის შესაცვლელი და გასაუქმებელი, რადგან თანამედროვე სამყაროში უკვე დიდი ხანია აქცენტი აღარ კეთდება იმაზე, მეტი ჯარისკაცი ჰყავს ქვეყანას თუ ნაკლები. თანამედროვე სამყაროში აქცენტი კეთდება თანამედროვე თავდაცვის სისტემებზე და პროფესიულ არმიაზე, პროფესიონალ ჯარისკაცებზე, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ გამოიყენონ ასეთი თავდაცვის სისტემები“.
ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ინიციატივა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების თაობაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 16 ნოემბერს უნდა განხილულიყო, თუმცა, საბოლოოდ, ეს საკითხი კომიტეტის დღის წესრიგში ვერ მოხვდა. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, განხილვის გადადების მიზეზი გახდა რიგი პროცედურული საკითხების შეუსრულებლობა:
„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ამ კანონპროექტთან მიმართებაში არის წამყვანი კომიტეტი. შესაბამისად, რეგლამენტის მიხედვით, მან უნდა გაიაროს სავალდებულო კომიტეტების მოსმენები. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძე რამდენჯერმე მიიწვია კომიტეტზე, თუმცა ის არ გამოცხადდა. მან თავად რამდენჯერმე მოითხოვა ვადის გაგრძელება, რადგან თავად არ ესწრება კომიტეტის სხდომას და სწორედ ამიტომ მე მისი ეს ინიციატივა პოპულიზმთან გავაიგივე და, შესაბამისად, როგორც კი გაივლის სავალდებულო საკომიტეტო მოსმენებს, რეგლამენტის მიხედვით, მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია წამყვან კომიტეტს ჩაატაროს სხდომა“.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი შეიქმნა, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ესაა ზრუნვა, ერთი მხრივ, როგორც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე, ისე იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც, მისი აზრით, ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის ერთ წელს ხარჯავენ არა ისე, როგორც თავად ახალგაზრდებს სურთ, არამედ ისე, როგორც ამას გადაწყვეტს სახელმწიფო ბიუროკრატია. ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ამ სისტემის შეცვლას არ სჭირდება რამდენიმე წელი და რამდენიმე თვე. ის ფიქრობს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.
ზურაბ ჯაფარიძის ამ აზრს კატეგორიულად ეწინააღმდეგება გოჩა ხარშილაძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2003 წლიდან სწორედ ეს უწყება არის პასუხისმგებელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესზე. მისი სიტყვებით, კანონპროექტის განმარტებით ნაწილში მითითებულია, რომ საომარი მდგომარეობის დროს ყველა მოქალაქისთვის აუცილებელი იქნება მოიხადოს სამხედრო ვალდებულება. აქედან გამომდინარე, გოჩა ხარშილაძეს მიაჩნია, რომ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შემთხვევაში, ქვეყანაში მობილიზაციის დროს მივიღებთ აბსოლუტურად მოუმზადებელ რეზერვს, რომელსაც არც ათი ტყვია ექნება ნასროლი და არც 19. რაც შეეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურის დროს მიღებულ გამოცდილებასა და კანონპროექტის ინიციატორების მთავარ შენიშვნას ერთი წლის მანძილზე ე. წ. ყარაულში დგომის შესახებ, გოჩა ხარშილაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ეს შენიშვნა არაკვალიფიციურია. მისი თქმით, ნებისმიერი ინტერვენციის დროს გაწვრთნილი გუშაგის გარეშე სპეცობიექტები ვერ იქნება დაცული და მცდარია აზრი, რომ გუშაგად მუშაობის პროცესში ეს ადამიანები სამხედრო სამსახურს არ ასრულებენ:
„ასეთი დამოკიდებულება ყარაულის მიმართ ძირშივე არასწორი და მცდარია, ვინაიდან ნებისმიერი ინტერვენციის დროს ყარაული არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტი ზოგადად თავდაცვის კუთხით. და თუ ჩვენ რამე არ მოგვწონს, მაგალითად, ის, რომ პიროვნება გუშაგის ფუნქციას ასრულებს, აუცილებლობა ის კი არაა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავაუქმოთ და ხელი ავიღოთ სისტემაზე, არამედ უნდა ვიზრუნოთ სისტემის ტრანსფორმირებაზე, შინაარსობრივ ცვლილებაზე, გაუმჯობესებაზე, საწვრთნელი პროცესის ოპტიმიზაციაზე, ვადების შემჭიდროებაზე და ა. შ.“
ახალგაზრდებისათვის შეთავაზებული იქნება მოქნილი სისტემა, რათა მათ თვითონ დაგეგმონ თავიანთი კარიერა, თავად გადაწყვიტონ, აირჩევენ სამხედრო ვალდებულებას 18 წლის ასაკში თუ 25 ან 27 წლის ასაკში მოიხდის თავის ვალდებულებას, რათა მან კარგად დაგეგმოს თავისი მომავალი...გიორგი თავდგირიძე
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებისა თუ ტრანსფორმაციის თაობაზე ღია დისკუსიის გახსნა მიზანშეწონილად მიიჩნია თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა. ამის შესახებ მან ილაპარაკა ნოემბრის დასაწყისში პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ანგარიშით გამოსვლისას. თინათინ ხიდაშელი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას ემხრობა, თუმცა დასძენს:
„მე არ ვამბობ, რომ სამხედრო სავალდებულო გაწვევა უნდა დარჩეს, მაგრამ თუკი უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, მაშინ თავდაცვის სამინისტროს აქვს ძალიან კონკრეტული პოზიციები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ვიწვევთ ახალგაზრდას ჯარში, მას უნდა გავატაროთ სრული საწვრთნელი კურსი იმისათვის, რომ რეალურად შემძლე იყოს უპასუხოს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს, რაც არასდროს არ ყოფილა საქართველოში. ნურც ამას ნუ წარმოვაჩენთ ისე, რომ ეს მხოლოდ ახლა ხდება. ეს სისტემა ყოველთვის მახინჯი იყო. არასდროს არ პასუხობდა ჯარის რეალურ აუცილებლობას, ქვეყნის საჭიროებებს. ჩვენ გვინდა, რომ ეს შევცვალოთ. თუკი უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ გაწვევა უნდა დარჩეს, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი აღარ იქნება ყარაულში. ეს ხალხი იქნება ქვეყნის სამსახურში, საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულების პროცესში, როგორც ამას ამბობს ქვეყნის კონსტიტუცია“.
ის, რომ თავდაცვის სამინისტრო 2016 წლიდან გეგმავს სამხდრო სავალდებულო სამსახურის ტრანსფორმაციას, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს გიორგი თავდგირიძე, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადების შემცირება, როგორი იქნება თავდაცვის უწყების დამოკიდებულება სამხედრო ვალდებულების მიმართ- ეს და სხვა საკითხები, გიორგი თავდგირიძის თქმით, სამხედრო სავალდებულო სამსახურისადმი ახალ მიდგომებს გულისხმობს. მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა რეფორმის მოდელზე, რომელიც თავად ახალგაზრდების საჭიროებებზე იქნება მორგებული:
„ახალგაზრდებისათვის შეთავაზებული იქნება მოქნილი სისტემა, რათა მათ თვითონ დაგეგმონ თავიანთი კარიერა, თავად გადაწყვიტონ, აირჩევენ სამხედრო ვალდებულებას 18 წლის ასაკში თუ 25 ან 27 წლის ასაკში მოიხდის თავის ვალდებულებას, რათა მან კარგად დაგეგმოს თავისი მომავალი. ასევე ჩაიდება დასავლური პრინციპები გაწვევის პროცესში, რათა არ შეილახოს ადამიანის უფლებები და ღირსებები - ეს იქნება სამედიცინო შემოწმება თუ გამწვევ პუნტქში მიყვანა. ჩვენთვის ეს ახალგაზრდები არ არის ადამიანების მასა, რომელსაც უნდა სტაცო ხელი და წაიყვანო ჯარში“.
გიორგი ნონიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი, ფიქრობს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური არ უნდა გაუქმდეს. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სამხედრო სავალდებულო სამსახური არ უნდა გაუქმდეს, ეს საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობაა. მისი თქმით, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა შვეიცარია, ნორვეგია, ავსტრია, კვლავაც მყარად დგანან სამხედრო სავალდებულო სამსახურის საჭიროების პოზიციაზე. თუმცა, გიორგი ნონიაშვილის თქმით, ისიც ცალსახაა, რომ დღეს არსებული სამხედრო სავალდებულო სამსახური სრულიად არაეფექტურია და ის დაუყოვნებლივ რეფორმას საჭიროებს:
„ჩვენი შვილი თუ ცუდად იქცევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უნდა გავაშვილოთ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მისი საქციელი გამოვასწოროთ. ანალოგიური შემთხვევაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა დავიწყოთ რეფორმირების პროცესი და ამ საკითხით დაინტერესებულმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ ხედვა, თუ როგორი არმია უნდათ. მაგალითად, შვეიცარიას ეს პროცესი დროში აქვს გადანაწილებული და მათ წელიწადში ერთხელ თვე-ნახევრით უწევთ სამხედრო სამსახურში ყოფნა, ანუ რეკრუტის მომზადება არის დროში გადანაწილებული, მაგრამ, ამავდროულად, ეს დრო საკმაოდ ეფექტურად არის ათვისებული და ისინი, დამიჯერეთ, ავტომატსაც ნახულობენ და ბევრ სხვა რამესაც. ამ ქვეყნების თავდაცვისუნარიანობა საკმაოდ მაღალ დონეზეა აყვანილი“.
თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი თავდგირიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით 2016 წელს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს რამდენიმე ცვლილების განხორციელებას კანონმდებლობაში, მათ შორის, შეიქმნება ნორმატიული აქტები თუ რეგულაციები შემცირებული ვადებისა და პროცედურების შესახებ. მისივე თქმით, 2016 წელს არ განხორციელდება ახალგაზრდების გაწვევა თავდაცვის უწყების შეიარაღებულ ძალებში, რათა 2017 წლისთვის უწყება მომზადებული შეხვდეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის ახალ მოდელსა და სისტემას.