სამართალდამცველებს ახალქალაქში ზეწოლაში ადანაშაულებენ

ახალქალაქის რაიონის სოფელ ხანდოს მცხოვრებნი სამართალდამცველებს შეურაცხყოფასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ახალქალაქის პოლიციის შენობაში დაკითხვისას ადგილობრივებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სოფელ ხანდოს მცხოვრებლებს შორის ცოლაკ მელიქიანი ერთ-ერთია, ვინც სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე ღიად ლაპარაკობს. მისი თქმით, 1 სექტემბერს ახალქალაქის პოლიციის შენობაში დაკითხვაზე წაიყვანეს. მელიქიანი ირწმუნება, რომ პოლიციის უფროსი და მისი ქვეშევრდომები, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში აწამებდნენ და ადგილობრივი მკვიდრის, 78 წლის ქალის, მკვლელობის აღიარებას მოითხოვდნენ.

Your browser doesn’t support HTML5

სამართალდამცველებს ახალქალაქში ზეწოლაში ადანაშაულებენ

„მაიძულებდნენ მეთქვა, რომ დანაშაული მე ჩავიდინე. აღიარეო, მეუბნებოდნენ. შემდეგ ხელბორკილები დამადეს. ერთი საათი ასე დამტოვეს. მერე მითხრეს, ერევანში წავიდეთ, თუ თბილისშიო. ბევრი მირტყეს. ახლა თირკმელები და გული მტკივა ძალიან".

ცოლაკ მელიქიანის გარდა, ახალქალაქის პოლიციის უფროსსა და მის ქვეშევრდომებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში სხვა ადგილობრივებიც ადანაშაულებენ. სირაჟ შირინიანი ამბობს, რომ სამართალდამცველები მას ოჯახის წევრების გაუპატიურებით დაემუქრნენ.

„საქმის გახსნისთვის მუშაობა საჭიროა, მაგრამ არა ასეთი მეთოდებით“, – აცხადებს სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი წარმომადგენელი და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი. არსენ კარაპეტიანი შესაბამის სტრუქტურებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის გამო სამსახურიდან გათავისუფლდა ახალქალაქის პოლიციის უფროსი, მისი მოადგილე და ერთი თანამშრომელი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფისა და ზეწოლის ფაქტებსა და თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში 78 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი მეზობლებმა 28 აგვისტოს იპოვეს. ახლობლების თავდაპირველი ვარაუდით, მარტოხელა ქალს წნევამ დაარტყა, თუმცა დაკრძალვის დღეს ყელისა და გულის არეში ჭრილობა შეამჩნიეს. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც მუხლი გადაკვალიფიცირდება.