ადიგენის რაიონში სამი სოფლის მოსახლეობა 2015 წელს დამწვარი სკოლის ნაცვლად ახალი შენობის აგებას ითხოვს. ღორთუბნის, ზედაუბნისა და აფიეთის სოფლის მცხოვრებლები დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებისგან ელოდებიან. ადგილობრივები სკოლის უქონლობის გამო სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაციის საფრთხესაც ხედავენ.
სკოლის გარეშე დარჩენილი მასწავლებლები ხელისუფლებას დაპირებას ახსენებენ და ამბობენ, რომ მთავრობას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ. მასწავლებელი ლევან ბოლქვაძე სოფელ ღორთუბანში შექმნილი მდგომარეობის გამო პრემიერ-მინისტრს სთხოვს დახმარებას.
Your browser doesn’t support HTML5
სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვები ადგილობრივმა მცხოვრებმა შეიფარა. მაღალმთიანი რაიონის სამი სოფლის მცხოვრებთა დახმარება მრავალსულიანმა ოჯახმა იტვირთა. მათ სკოლას საცხოვრებელი სახლის მეორე სართული უსასყიდლოდ დაუთმეს. საბაზო სკოლის სასწავლო პროცესი 60-მდე ბავშვისთვის 5 პატარა ოთახში მიმდინარეობს. სახლის მეპატრონე მალხაზ ბერიძე სკოლისათვის შენობის აგებას ითხოვს.
ადგილობრივებმა პრობლემის მოგვარების თხოვნით ყველა უწყებასა და კომპეტენტურ პირს მიმართეს. ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, სკოლის მშენებლობის დაწყებას მათ ერთ კვირაში დაპირდა, თუმცა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, მშენებლობა კი, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება.
განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დამწვარი სკოლის გამო შექმნილი პრობლემების შესახებ ახალციხეში ვიზიტის დროს თავად პედაგოგებისგან შეიტყო.