სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი

ემიგრაცია და ორმაგი მოქალაქეობის საკითხები - ამ თემაზე სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა. მან ემიგრაციის წარმომადგენლებს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შემოდგომაზე მიღებულ ორგანულ კანონთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრის დეტალები გააცნო და მათი მოსაზრებებიც მოისმინა.

სალომე ზურაბიშვილი მსოფლიოში გაბნეული საქართველოს მოქალაქეების მოქალაქეობის უფლებების დაცვას და მოქმედი ორგანული კანონის შეცვლისთვის საკუთარ აქტიურობას, ბრძოლას არ უწოდებს. თუმცა ჯერ იყო მიმართვა ემიგრანტებისადმი, ხელმოწერები, შეხვედრა ესტონეთში მცხოვრებ ემიგრაციასთან, ახლა კი ნიუ-იორკია.

სალომე ზურაბიშვილი: "ეს არის საკითხი , რომელიც არ არის საბრძოლველი, არ არის პოლიტიკური, ერთი პარტიის ან ჩემი. ეს საკითხი ეხება სახელმწიფოს. მე არ გამიგია სერიოზული წინააღდმეგობა და არგუმენტი მის საწინააღმდეგოდ, რადგან ასეთი არც არსებობს. ეს საკითხი რომ გადაწყდება და მე ვარ დარწმუნებული რომ გადაწყდება, სასარგებლო იქნება ყველასთვის - ხელისუფლების, ემიგრანტების და ქვეყნისთვის. არ შეიძლება არ შეიგნოს ქვეყანამ, რომ ეს მილიონნახევარი, რაც ვართ ემიგრაცია დაახლოებით, ქვეყნის გარეთ, ეს არის ძალა."

სალომე ზურაბიშვილი

ნიუ-იორკში რადიოსადგურ "დევიდსონის" დარბაზში მისულ ემიგრანტებთან სალომე ზურაბიშვილმა იმის შესახებ ისაუბრა, რომ კანონი ერთნაირ პირობებში არ უნდა აყენებდეს საქართველოში დაბადებულ და შემდეგ უცხოეთში წასულ ადამიანებს და იმ უცხოელებს, რომლებიც მეორად მოქალაქეობას პრეზიდენტის მხარდაჭერით მიიღებენ. ამ შეხვედრისთვის კანადიდან ნიუ იორკში სპეციალურად ჩამოვიდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენელი მაია ცაბოშვილი. ის უკვე ხუთი წელია რაც ემიგრაციაში იმყოფება. შეხვედრაზე მან ამ კანონის მიმართ კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

მაია ცაბოშვილი: "ქართულ ემიგრაციაში საკმაოდ რთულია მოხდეს წყვეტა საქართველოსთან, ეს არც არანაირად არის სასურველი. იმის თქმა, რომ კანადაში ან ამერიკაში ემიგრანტები მხოლოდ ეკონომიკურად არიან ორინეტირებული, არ მგონია სწორი იყოს. საქართველოში ბოლო რთული წლების განმავლობაში თანხები მიდიოდა ემირგაციისგან და თუ არ გაინტერესებს საქართველო, ეს ასე არ იქნებოდა. დარწმუნებული ვარ ეს ამიტომ არ ხდება და არც არასდროს მოხდება."

კანონი რეალურად საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს და უცხოელებს, ვისაც მანამდე არანაირი შეხება ჰქონიათ საქართველოსთან, თანაბარ მდგომარეობაში აყენებს მოქალაქეობის მინიჭების დროს. სალომე ზურაბიშვილი ამ მუხლის გაუქმებას მოითხოვს და ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დროს აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქემ აღარ უნდა დაკარგოს კუთვნილი პირველადი მოქალაქეობა, თუ თავად არ განაცხადებს ამის სურვილს. ეს მოქალაქე, ზურაბიშვილის აზრით, აღარ გახდება იძულებული პასპორტი ჩააბაროს და გაურკვეველ კრიტერიუმებზე დამოკიდებული დაელოდოს საქართველოს მოქალაქეობის მისთვის ხელახლა მინიჭებას.

აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზე მიღებული კანონი ბარიერს უქმნის იმ ადამიანებსაც, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან. დიმიტრი ტვილდიანი 14 წელია ამერიკაში ცხოვრობს. ის არის უცხოეთში "ქართველ ექიმთა სპეციალიზაციის ფონდის“ დამაარსებელი, სადაც ამჟამად ამერიკასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში მოღვაწე 200-ზე მეტი ექიმია გაერთიანებული. საქართველოში მისი ინიციატივით ამერიკული ჰოსპიტალი შენდება, სადაც ამერიკაში მოღვაწე და აშშ-ში მომზადებული ქართველი ექიმები უნდა დასაქმდნენ. თუმცა თუკი კანონი არ შეიცვალა ის დიდ პრობლემებს წარმოქმნის.

დიმიტრი ტვილდიანი: "სწორედ ეს ექიმები უნდა წავიდნენ სამუშაოდ საქართველოში და თუ ხელსაყრელი პირობები არ შეიქმნა მოქალაქეობის შესახებ, მაშინ ძალიან ძნელი იქნება ამ ექიმების იქ ჩაყვანა. 200 ზე მეტი ექიმი გვყავს მომზადებული, მაგრამ თუ ამათ ხელი არ შეუწყვე, ისინი რათქმაუნდა არ წავლენ."

შეხვედრაზე მსახიობი ცუცა კაპანაძეც იმყოფებოდა, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობის სტატუსი აქვს.

ცუცა კაპანაძე: "პირიქით ხელისუფლება და ქვეყანა რომ ძლიერი იყოს, ჩვენ უნდა გაგვიფრთხილდნენ და თითეული ემიგრანტი დაგვიცვან. მარტო ხმა არა და ამორჩეველი არ უნდა სჭირდებოდეთ. ემიგრაციამ გადაარჩინა საქართველო."

ამ თემაზე ემიგრაციასთან შეხვედრების ინიციატივა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თავად ემიგრაციიდან მოდის. თებერვლის ბოლოს ის საფრანგეთში მცხოვრებ საქართველოს ემიგრაციას შეხვდება. მას დიდი იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება კანონში ცვლილებებს შეიტანს და პეტიცია, 30 ათასი ხელმოწერის შესაგროვებლად, საჭირო არ გახდება.