საკრებულოს სხდომა ბორჯომში ამჯერად 28 თებერვალს უნდა ჩატარდეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ კვორუმი შედგა და ამ მიზეზით სხდომა მეხუთედ არ ჩაიშალა. სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საშტატო ნუსხის დამტკიცება და ანაზღაურების მომატებაა, რის გამოც მერიის თანამშრომლებს ხელფასები, უკვე ორი თვეა, არ მიუღიათ.
Your browser doesn’t support HTML5
ჩაშლილი საკრებულოს სხდომები
- ორი თვეა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 120 თანამშრომელი ანაზღაურების გარეშე მუშაობს;
- არშემდგარი კვორუმის გამო საკრებულოს სხდომები ბორჯომში ოთხჯერ – 31 იანვარს, 1, 2 და 3 თებერვალს - ვერ ჩატარდა.
- ადგილობრივი მოსახლეობა იმ პრობლემებზე ლაპარაკობს, რომლებიც მათ სწორედ საკრებულოს სხდომების ჩაშლით შეექმნათ.
ორი თვეა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 120 თანამშრომელი ანაზღაურების გარეშე მუშაობს. უხელფასოდ დარჩენილი საჯარო მოხელეები ფიქრობენ, რომ ვითარების ასე გაგრძელების შემთხვევაში პრობლემები ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებასაც შეექმნება. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მაია პაიჭაძე ადგილობრივ მედიასთან იმ პრობლემებზე ლაპარაკობს, რომლებიც ბორჯომში ე.წ. ,,საკრებულობანას“ თამაშმა გამოიწვია.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ვანო შალუტაშვილი შექმნილ ვითარებას „საკრებულობანას თამაშს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ მმართველი ძალა ახალი მოწვევის საკრებულოს არალეგიტიმურად მიიჩნევს. სწორედ ამ მიზეზით, ისინი ბოიკოტირების რეჟიმზე გადავიდნენ და სხდომებს 20 ნოემბრის შემდეგ აღარ ესწრებიან.
საკრებულოს სხდომის განსახილველი 27 საკითხიდან ორი საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხასა და ხელფასების გაზრდას ეხება. შექმნილი ვითარების გამო მერიის თანამშრომლებს, საკრებულოს აპარატის 25 თანამშრომლისგან განსხვავებით, ხელფასები ამ დრომდე არ მიუღიათ. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი მედიასთან განმარტავს, რომ მოსახლეობას ამის გამო ხელი არაფერში შეშლია.
ბორჯომელები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს არ ეთანხმებიან. ადგილობრივი მოსახლეობა იმ პრობლემებზე ლაპარაკობს, რომლებიც მათ სწორედ საკრებულოს სხდომების ჩაშლით შეექმნათ.
არშემდგარი კვორუმის გამო საკრებულოს სხდომები ბორჯომში ოთხჯერ – 31 იანვარს, 1, 2 და 3 თებერვალს - ვერ ჩატარდა. დაგეგმილი 4 სხდომიდან ორი მუნიციპალიტეტის მერმა მოიწვია, თუმცა „ქართული ოცნების“ დეპუტატები არც ამ სხდომებს დასწრებიან.