საკონსტიტუციო სასამართლო და პოლიტიკის აჩრდილი

საკონსტიტუციო სასამართლო

მოსამართლეთა ერთი ნაწილი, მერაბ ტურავას ლიდერობით, ისევ ლაპარაკობს საკონსტიტუციო სასამართლოს წიაღში გამოვლენილ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც, მათ შორის, სარჩელების შეცვლის ბრალდებებს უკავშირდება. ამ ბრალდებებზე ლაპარაკობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებიც და პროცესებში „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ხედავენ. ბრალდებათა ადრესატი მოსამართლეები ყველაფერს უარყოფენ და მოითხოვენ შეწყდეს თავდასხმები პოლიტიკოსების მხრიდან. პოლიტიკურ გავლენებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტის შელახვაზე ლაპარაკობენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ბოლო პერიოდში გახმაურებული ბრალდებები მოსამართლე მერაბ ტურავამ 4 აგვისტოს ისევ გაიმეორა და ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პრობლემური საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა:

Your browser doesn’t support HTML5

საკონსტიტუციო სასამართლო და პოლიტიკის აჩრდილი

„პარასკევს შემოსული სარჩელი, დარეგისტრირებული ნომრით, შაბათ-კვირას არის სხვა სარჩელით შეცვლილი და ორშაბათს წარმოებაში მიღებული. ამის შესახებ მოსამართლეებს არ შეიძლება, რომ სცოდნოდათ... (გამოვლინდა) არა მხოლოდ გვერდების რაოდენობის (შეცვლა), არამედ კონსტიტუციის მუხლთან მიმართება, მოთხოვნების დასაბუთებულობა და ასე შემდეგ“.

არ შეიძლება, რომ მოსამართლეებს ამის შესახებ სცოდნოდათო, აღნიშნა მოსამართლე მერაბ ტურავამ, მაგრამ მას აღარ დაუკონკრეტებია, თავად მან საიდან გაიგო ეს ყველაფერი. ტურავას სასამართლოში ოთხი თანამოაზრე ჰყავს. სწორედ ამავე ბრალდებებზეა ლაპარაკი 29 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში, რომელსაც მის გარდა კიდევ ოთხი მოსამართლე აწერს ხელს. ესენი არიან ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი და ოთარ სიჭინავა.

პრინციპულად არასწორი მგონია, როდესაც პოლიტიკოსები ასე უაპელაციოდ და თავგამოდებით ესხმიან თავს მოსამართლეებს და აიძულებენ მათ, პრაქტიკულად, თავი ჩაიყენონ თავის მართლების რეჟიმში...
ქეთევან ერემაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი თანამოაზრეების მისამართით ბრალდებათა შემცველი რიტორიკა ისმის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდანაც. ამასთან, მაგალითად, როგორც ეკა ბესელია აღნიშნავს, პროცესების უკან „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები იკვეთება:

„დაჩქარებული ვადებით სარგებლობენ მხოლოდ ერთი კატეგორიის, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“, წარმომადგენლები, რომლებსაც შეაქვთ სარჩელები. პირველი კოლეგიის მხოლოდ სამ მოსამართლეს ეწერება ყველა ეს სარჩელი... მოსამართლეთა იმ ნაწილმა, რომელმაც გაავრცელა განცხადება, სწორედაც რომ ამხილა ეს ფაქტები და ეს არის უსერიოზულესი კანონდარღვევა, რომელიც საჭიროებს შესწავლას“.

ბრალდების ადრესატი მოსამართლეების ჯგუფი - მათ შორის, კონსტანტინე ვარძელაშვილი - ყველაფერს უარყოფს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონი არც „რუსთავი 2“-ის სარჩელის შემთხვევაში დარღვეულა და არც ე. წ. „კაბელების საქმის“ შემთხვევაში. ბრალდებები კატეგორიულად არის უარყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის (ქეთევან ერემაძის, მაია კოპალეიშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის) მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში. ტექსტში დაწვრილებით არის აღწერილი პროცედურები და ხაზგასმულია, რომ კანონი არანაირად არ დარღვეულა. მოსამართლე ქეთევან ერემაძე 4 აგვისტოს მედიას პოლიტიკოსთა მხრიდან შეტევაზე ელაპარაკებოდა:

„პრინციპულად არასწორი მგონია, როდესაც პოლიტიკოსები ასე უაპელაციოდ და თავგამოდებით ესხმიან თავს მოსამართლეებს და აიძულებენ მათ, პრაქტიკულად, თავი ჩაიყენონ თავის მართლების რეჟიმში“.

გიორგი გოცირიძე

ჯერჯერობით საქმის დეტალებს არ იცნობს, მაგრამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე რადიო თავისუფლებასთან ამ ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მსჯელობს. მისი ვარაუდით, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით კანონდარღვევა არ უნდა დადასტურდეს, ხოლო ე. წ. „კაბელების საქმესთან“ მიმართებით საკითხი ძირეულ შესწავლას მოითხოვს. გიორგი გოცირიძის განმარტებით, ძველ სარჩელში მუხლის დამატება ანდა სასარჩელე მოთხოვნის გაზრდა არ არის დაშვებული და ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონი ახალი სარჩელის შეტანას მოითხოვს. საიას იურისტის მსჯელობა მოსამართლე ქეთევან ერემაძის, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის, უფლებამოსილებას უკავშირდება:

„როგორც ვხვდები, ამ შემთხვევაში მოხდა ის, რომ სარჩელში მუხლის გამორჩენა, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის მიერ მიჩნეულ იქნა ფორმალურ უზუსტობად. ეს შეიძლება ნამდვილად სადავო იყოს, თუ რამდენად არის ეს ფორმალური უზუსტობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთი რაღაც მოხდა... კანონი განსაზღვრავს ორ ადამიანს, რომლებმაც ეს უნდა შეაფასონ - რა არის შინაარსობრივი და რა არის ფორმალური. პირველ რიგში, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილი თანამშრომელი – ჩვეულებრივ შემთხვევაში ეს არის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი და საბოლოო გადაწყვეტილებას (იღებს), ანუ საორგანიზაციო სამსახურის უფროსს აკონტროლებს ამ საკითხში საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი“.

ამან არ შეიძლება, რომ არ შეგვაშფოთოს, ვინაიდან ხდება ძალიან სერიოზული კონსტიტუციური კონტროლის სახელმწიფო ორგანოს გადაქცევა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად. ეს არის დაუშვებელი, ეს არის ძალიან საშიში და ამან, შესაძლოა, ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააყენოს ქვეყანა...
გია მეფარიშვილი

უსარგებლია თუ არა პირადად მას ამგვარი შესაძლებლობით? – რადიო თავისუფლების ამ შეკითხვაზე გიორგი გოცირიძეს უარყოფითი პასუხი აქვს. მისი განმარტებით, როდესაც მუხლის შეცვლა იყო საჭირო, ყოველთვის მზადდებოდა ცალკე სარჩელი და მას არასოდეს მისცემია შესაძლებლობა არსებული სარჩელის ფარგლებში ახალი მუხლი დაემატებინა.

ის, რაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წიაღში და მის გარშემო ხდება, შემაშფოთებელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, გია მეფარიშვილისთვის. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საუბარია პოლიტიკური ინტერესებისთვის ბრძოლაზე და ვიღაცები ამ ვნებათაღელვაში „თევზის დაჭერას“ ცდილობენ:

„ამან არ შეიძლება, რომ არ შეგვაშფოთოს, ვინაიდან ხდება ძალიან სერიოზული კონსტიტუციური კონტროლის სახელმწიფო ორგანოს გადაქცევა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად. ეს არის დაუშვებელი, ეს არის ძალიან საშიში და ამან, შესაძლოა, ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააყენოს ქვეყანა“.

საქართველოში კვლავაც პრობლემურია სასამართლოს დაცვა პოლიტიკური ზეგავლენებისგან – ამ შინაარსის განცხადება 4 აგვისტოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გააკეთა. საკითხის ძირეულად შესწავლის გარეშე, ანა ნაცვლიშვილი თავს იკავებს კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან, თუმცა, მისი განცხადებით, ამ მხრივ საქართველოში სახარბიელო სიტუაცია არ არის. საია დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, სამართლებრივი ინსტიტუტები არ უნდა იდგნენ პოლიტიკური საფრთხეების წინაშე.