საკონსტიტუციო ცვლილებები ვადამდე ამოქმედების მოლოდინში

უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ხუთი დღის წინ დაწყებულ მოლაპარაკებებს, შეიძლება ითქვას, შედეგი მოჰყვა. მხარეები საკონსტიტუციო ცვლილებების ვადამდე ამოქმედებაზე შეთანხმდნენ. როგორც უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, ისინი მზად არიან ახალი კონსტიტუციის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხს ეხება, დღესვე ამოქმედდეს. პოლიტოლოგთა ნაწილი მხარეებს შორის შეთანხმებას რთული პოლიტიკური სიტუაციიდან კარგ გამოსავლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ კონსტიტუცია კვლავაც გადახედვას საჭიროებს.

15 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ ის და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე უკვე რამდენიმე დღეა განიხილავენ იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ვადამდე ადრე ამოქმედების შესაძლებლობას, რომელიც, 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ძალაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს:

”ამ ცვლილებების მიხედვით, მნიშვნელოვნად მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, იზრდება პრემიერის უფლებამოსილება და ბალანსდება პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები”.

დავით უსუფაშვილის განცხადებას კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების ვადამდე ამოქმედების თაობაზე რამდენიმე საათში გამოეხმაურა უმცირესობის ლიდერი, დიალოგის მთავარი მონაწილე დავით ბაქრაძე. ის, თანამომლაპარაკებლისგან განსხვავებით, კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ უმცირესობა თანახმაა დღესვე ამოქმედდეს მომავალი კონსტიტუციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ”უკიდურესად კონსტრუქციული” შეთავაზება - ამ სიტყვებით შეაფასა მან უმცირესობის ნაბიჯი. როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული შეთანხმება გზას გაუხსნის მხარეებს შორის სხვა პრობლემური საკითხების დარეგულირებას - მათ შორის, მისი თქმით, დაპატიმრებების ტალღის შეჩერებასაც. როგორც უმცირესობის ლიდერი ამბობს, ეს არის ურთიერთობის ახალი ეტაპი, რომელიც საზოგადოების სტაბილურობისა და სიმშვიდის გარანტი იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ თანახმაა დაუყოვნებლივ ამოქმედდეს კონსტიტუციის ის ნაწილი, რომელიც, დავით ბაქრაძის თქმით, მთავრობას აწუხებს:

მიხეილ სააკაშვილი, დავით უსუფაშვილი და დავით ბაქრაძე პირველი მოლაპარაკების შემდეგ

”კერძოდ, ეს არის ურთიერთობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, მთავრობასა და პარლამენტს შორის, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის. ყველა ამ ნაწილთან ურთიერთობაში, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს მიმართულება მთლიანად ავამოქმედოთ დღესვე”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ

ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებების ვადამდე ამოქმედების შესახებ თურქეთში ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც მოიწონა. მხარეებს შორის 11 თებერვალს დაწყებულ დიალოგს, რომელსაც ავლაბრის რეზიდენციაში საფუძველი ჩაუყარეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი იმედის თვალით უყურებს. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მოლაპარაკებების პროცესში ის თავადაც ჩაერთოს.

შეგახსენებთ, რომ სანამ მხარეები სალაპარაკოდ მაგიდას შემოუსხდებოდნენ და სანამ უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ვადამდე ადრე ამოქმედების წინადადებით წარდგებოდა, კოალიცია ”ქართული ოცნება” გასული წლის ბოლოს ორი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა. ისინი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას ერთი კონკრეტული მიმართულებით ითხოვდნენ. მათ მიერ წარმოდგენილი ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობას ვერ დანიშნავს.
სანაცვლოდ ვითხოვთ, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ჩვენი დასავლური კურსის შეუცვლელობა და ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ - რაც ისედაც წერია იმ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომლებიც ახლა გვინდა, რომ ამოქმედდეს - საკონსტიტუციო კვორუმი...
დავით დარჩიაშვილი

რის სანაცვლოდ თანხმდება „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შეკვეცას მთავრობის დანიშვნის მიმართულებით? დავით უსუფაშვილი ამ კითხვაზე ზოგად პასუხს იძლევა:

”ბევრი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ადამიანები უფრო და უფრო რაციონალურად იქცევიან ხოლმე”, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

დავით დარჩიაშვილს კი, უმცირესობის წევრს, რადიო თავისუფლების იმავე კითხვაზე, თუ რის სანაცვლოდ დათანხმდება „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას, კონკრეტული პასუხი აქვს:

”სანაცვლოდ ვითხოვთ, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ჩვენი დასავლური კურსის შეუცვლელობა და ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ - რაც ისედაც წერია იმ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომლებიც ახლა გვინდა, რომ ამოქმედდეს - საკონსტიტუციო კვორუმი, ნაცვლად 2/3-ისა, გახდეს 3/4. ეს გამორიცხავს როგორც ადამიანებზე ნადირობას, რომ გადაიბირონ ჩვენი დეპუტატები, ისე გამორიცხავს იმას, რომ კონსტიტუცია მარტივად შეიცვალოს”, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

პოლიტოლოგი და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ძაბირაძე, ისევე როგორც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და, მათ შორის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, მიიჩნევს, რომ უზენაეს კანონში ფრაგმენტული ცვლილებების შეტანა არამიზანშეწონილია. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, კონსტიტუციის არსებული რედაქცია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის პირობებში უნდა გადაისინჯოს:

”ეს შესწორებები არის გარდაუვალი აუცილებლობა იმისათვის, რომ ყოველ დილას არ ველოდოთ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას. ანუ ეს ცვლილებები მეხამრიდია და მეტი არაფერი. „ქართული ოცნება“ ცდილობს პოლიტიკური სიტუაციის ხელოვნური აფეთქება არ მოხდეს. რეალურად, კონსტიტუცია თავიდან არის დასაწერი” .

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც შესაძლოა ვადაზე ადრე ამოქმედდეს, შერეული მმართველობის კონსტიტუციურ მოდელზე გადასვლას გულისხმობს. შემოდის შერეული მმართველობის ფორმა, რომელსაც ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო მოდელს უწოდებენ. სწორედ ამ ცვლილებებით გადადის მთლიანად პარლამენტის ხელში მთავრობის ფორმირების საკითხი, იზრდება მთავრობის უფლებამოსილებები და მთავრობის ხელმძღვანელის ძალაუფლება, მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს მთლიანად პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს. ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად შემცირებულია როგორც პარლამენტთან, ისე მთავრობასთან მიმართებით.