სახელმწიფო საწარმოები საქართველოში

დღევანდელი სავალუტო პრობლემების ფონზე, საკმაოდ აქტუალური გახდა საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო პოლიტიკა, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიც უნდა იყოს ორიენტირებული ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე. ზოგმა ეს გაიგო როგორც სახელმწიფოს მიერ ბიზნესის კეთებაზე პასუხისმგებლობის აღებისა და მეტი სახელმწიფო საწარმოს შექმნისკენ მოწოდება, რაც სრულიად არაადეკვატური აღქმაა და, მეტიც, ეწინააღმდეგება კიდეც ამ მოსაზრების არსს.

სახელმწიფოს მიერ ბიზნესის უშუალოდ წარმოება დიდად ეფექტური საქმე რომ არ გახლავთ, ამას სახელმწიფო აუდიტის მიერ წელს გამოქვეყნებული „სახელმწიფო საწარმოების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტის“ შედეგებიც მოწმობს. აქ რამდენიმე ამონარიდს მოვიყვანთ ამ ანგარიშიდან:

„2012 წლისთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 1 129 სახელმწიფო საწარმო. აღნიშნული საწარმოების მართვისა და განკარგვის მიზნით, 2012 წელს დაფუძნდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამავე პერიოდში დაიწყო სახელმწიფო საწარმოების ლიკვიდაცია, გაკოტრება, შერწყმა, მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა და პრივატიზება. შედეგად, 2014 წლის ოქტომბრის მონაცემებით, დარჩენილია 344 სახელმწიფო საწარმო. ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვან და მომგებიან საწარმოებს ფლობს სს საპარტნიორო ფონდი, 310 საწარმო, რომელთა დაახლოებით 75% არ ფუნქციონირებს, რჩება სააგენტოს მმართველობის სფეროში, ხოლო დანარჩენი საწარმოები მართვის უფლებით აქვს გადაცემული სხვადასხვა სამინისტროს და კერძო თუ იურიდიულ პირებს.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 310 საწარმო ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება თავიანთი საქმიანობის სფეროებით. ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებად უნდა მივიჩნიოთ: სამედიცინო მომსახურება - 88 საწარმო; ტრანსპორტი, ტრანსპორტირება - 16 საწარმო; კომუნიკაცია - 3 საწარმო; წყალმომარაგება - 2 საწარმო; სამშენებლო სერვისები - 17 საწარმო; ტურიზმი - 13 საწარმო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გადაწყვიტა შეესწავლა სახელმწიფო საწარმოების მართვისა და განკარგვის პროცესი 2012 წლიდან 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფოს მმართველობითი ფუნქციები არ არის განსაზღვრული; საწარმოთა დაარსებისა და საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები არ არის შემუშავებული და დანერგილი, შესაბამისად - არ არის განსაზღვრული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საწარმოების სია; საქართველოში არ არსებობს კორპორაციული მმართველობის კოდექსი, სადაც ასახული იქნება საწარმოთა მართვის ძირითადი პრინციპები და საფუძვლები; საწარმოთა მართვის პრაქტიკა არ არის უნიფიცირებული, რეპორტინგის სისტემას აქვს მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და შიდა კონტროლის მექანიზმები არ არის დანერგილი; გარდა ამისა, არ არის შემუშავებული საწარმოების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და წახალისების სამართლიანი და ეფექტიანი სისტემა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი კონკურენტული გარემო, ხოლო საწარმოთა წმინდა მოგების გამანაწილებელი კომისიის შეკრება ხდება არარეგულარულად (აუდიტის პერიოდში კომისია შეიკრიბა მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს) და ბიუჯეტში გადასარიცხი თანხების დროულად მობილიზების ზომები არ არის მიღებული.

აღსანიშნავია ასევე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურსა და სსიპ შემოსავლების სამსახურთან სააგენტოს საწარმოთა ბაზის შედარებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა 75 სახელმწიფო საწარმო, რომელთა შესახებ ინფორმაციაც სააგენტოს არ მოეპოვებოდა“.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის სრულად გაცნობა კიდევ უფრო ამყარებს აზრს, რომ თავად სახელმწიფომ მინიმალურად უნდა იტვირთოს ბიზნესის მკეთებლის როლი. რადგან გარდა არაეფექტური მმართველობისა, ეს კორუფციის ერთ-ერთი წყაროც შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო კომპანიების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანისკენ უნდა იყოს მიმართული და არა პირიქით. მით უმეტეს, რომ იმავე აუდიტის ანგარიშში ნათქვამია:

„ქვეყნის სიდიდის, ეკონომიკური მდგრადობისა და ადმინისტრაციული რესურსების გათვალისწინებით, საქართველოში, მასზე მასშტაბით უფრო დიდ და განვითარებულ სახელმწიფოებთან შედარებით, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების რაოდენობა საკმაოდ დიდია“.