გასული, 2013 წლის, ბიუჯეტის 632 მილიონი ლარის გარღვევის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და წარმოქმნილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება. სწორედ ამიტომ მიმოვიხილავთ დღეს, 2014 წლის 6 თვის თავზე, საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების მიმდინარე ტენდენციებს.
სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის 27 ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულმა შემოსავლებმა 3, 908 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმიური მაჩვენებლის 95 პროცენტია. შესაბამისად, ამ მონაცემებზე დაყრდობით, შემოსულობების ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 170 მილიონი ლარი დააკლდა.
თუმცა ეს დანაკლისი გადასახადების მობილიზების კუთხით არ შექმნილა. 27 ივნისის მდგომარეობით, მობილიზებულია საგადასახადო შემოსავლების გეგმიური მაჩვენებლის 102 პროცენტი. გადასახადების მობილიზების კარგი მაჩვენებელი გამოწვეული იყო წლის დასაწყისში მაღალი ეკონომიკური ზრდით და დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მაღალი ზრდის ტემპებით.
თუმცა ბიუჯეტს ფული მაინც დააკლდა და ეს დანაკლისი ძირითადად გრანტების მუხლის შეუსრულებლობამ განაპირობა. 5 თვის მონაცემებით, გრანტების მუხლით მისაღები თანხების მხოლოდ 46,5 პროცენტი იქნა ჩამორიცხული. შეფერხებით სრულდებოდა ასევე სხვა შემოსავლების მუხლით მისაღები შემოსავლების მობილიზება, კერძოდ, შემოსავლები საკუთრებიდან - 5 თვის მდგომარეობით, მობილიზებული იყო გეგმის მხოლოდ 39,7 პროცენტი. 53-პროცენტიანი ათვისება იყო ფინანსური აქტივების კლების (სესხის აღების) მუხლით. 5 თვის მდგომარეობით, 34,7 პროცენტით იყო ათვისებული საგარეო ფინანსური ვალდებულებების მიღებით მოზიდული სახსრების 6 თვის გეგმა. საგარეო ფინანსური ვალდებულებების ეს მხარე გულისხმობდა საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტის მიღებას ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ამჯერადაც შეფერხებულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
6 თვის მაჩვენებლით, შემოსულობების მსგავსად, დანაკლისით შესრულდა გადასახდელების, ანუ ხარჯების, მუხლიც. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან ათვისებულ იქნა, ანუ დაიხარჯა, 3,850 მლნ ლარი, რაც 6 თვის გეგმის 88 პროცენტია. ფუნქციონალურ ჭრილში, დანაკლისით არის თანხები ათვისებული კაპიტალური დანახარჯების, ე.წ. არაფინანსური აქტივების, ზრდის კუთხით - 40 პროცენტამდე შესრულების მაჩვენებლით, ფინანსური აქტივების ზრდის (სესხის გაცემის) კუთხით 50-პროცენტიანი შესრულებაა, სხვა ხარჯების მუხლით - 6 თვის გეგმის 61 პროცენტი შესრულდა.
როგორც ვხედავთ, ისევ შეფერხებებია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, მათ შორის - საერთაშორისო გრანტებით განსახორციელებელ პროექტებშიც. ინფრასტრუქტურული ტიპის პროექტები ეკონომიკის მასტიმულირებელი საშუალებებია და პირდაპირ აისახება გადასახადების სახით მობილიზებული შემოსავლების შესრულებაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით თანხების აუთვისებლობა, სავარაუდოდ, უარყოფით გავლენას იქონიებს ეკონომიკური ზრდის ინდიკატორებზე.