როგორ მუშაობს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა - კანონმდებლობის ანალიზის შედეგები

თბილისი

საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა გახლავთ სახელმწიფო შესყიდვები, რომლის გამართულად მუშაობა კორუფციისგან დაზღვევისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამიტომ საინტერესოა, როგორია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის შედეგები, რომელიც მიმდინარე კვირას არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. ანგარიშში აღსრულების სისტემა ძირითადად პოზიტიურად არის შეფასებული, თუმცა ორგანიზაცია გამოყოფს პრობლემებს, რომლებიც შეფასების დროს გამოიკვეთა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ მომზადებული გამოკვლევის მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემას ეფექტიანობასთან დაკავშირებული ორი პრობლემა აქვს: წარუმატებელი (ჩავარდნილი) ტენდერების მაღალი რაოდენობა და პირდაპირი შესყიდვების მაღალი წილი". IDFI აღნიშნულ გამოკვლევაში შეფასებას აძლევს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის აღსრულებას.

კვლევის მიხედვით, 2011-2015 წლებში ელექტრონული ტენდერების თითქმის ერთი მესამედი (საშუალოდ 30 %) წარუმატებელი იყო. "საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ტენდერი წარუმატებლად შეიძლება ჩაითვალოს რამდენიმე შემთხვევაში: თუ შემსყიდველი ორგანიზაცია გააუქმებს ტენდერს, თუ ტენდერის მონაწილეებს შორის კვალიფიცირებული მიმწოდებელი ვერ იქნა ნაპოვნი ან, თუ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოხატა. ეს უკანასკნელი იყო ტენდერების 80 %-ის წარუმატებლობის მიზეზი. ხარვეზული დაგეგმვა და წლიურ ელექტრონულ გეგმაში ინფორმაციის ნაკლებობა არის წარუმატებლობის ასეთი მაღალი მაჩვენებლის სავარაუდო მიზეზი", - ნათქვამია გამოკვლევაში.

კვლევის მიხედვით, 2011 წლის შემდეგ, საშუალოდ, სახელმწიფო შესყიდვების 35%-ზე მეტი ჩატარდა პირდაპირი შესყიდვის პროცედურებით, რაც სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ადგილობრივი და საეთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის მიზეზი გახდა. თუმცა ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2016 წელს დადებითი ტენდენცია შეინიშნებოდა და 35 %-ით შემცირდა რაოდენობა პირდაპირი კონტრაქტებისა, რომლებიც 4 ყველაზე ხშირად გამოყენებული კანონით განმარტებული გამონაკლისის საფუძველზე დაიდო.

როგორც გამოკვლევაშია აღნიშნული, „ფასი-ხარისხის შეფარდება, 2016 წლის ზაფხულში ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის შემოღება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო 2010 წლის შემდეგ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა ალგორითმი, რომელიც ავტომატურად ითვლის შედეგს სხვადასხვა კრიტერიუმის შეფასების შემდეგ, კრიტერიუმების წონას კი თავად შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს. მათემატიკური ფორმულა ორეტაპიან შესყიდვას უფრო საიმედოსა და ეფექტიანს ხდის, თუმცა ეს პროცედურა პრაქტიკაში იშვიათად გამოიყენება. საქართველოში გამოცხადებული ტენდერების უმრავლესობას არ აქვს ხარისხის კომპონენტი და გამარჯვებული ფასის მიხედვით ვლინდება",- ნათქვამია გამოკვლევაში. აქედან გამომდინარე, IDFI ტენდერების წესებში გარკვეულ ცვლილებებსაც სთავაზობს ხელისუფლებას.