სახელმწიფო მოქალაქის წინააღმდეგ

ერთმა მოვლენამ შეიძლება რეალობას ნიღაბი ჩამოჰგლიჯოს. პოეტი ზვიად რატიანი 24 დეკემბერს კარგად დავიწყებულ ძველ რეიდში, ახლებურად კი, საპოლიციო ოპერაციაში მოყვა. პოლიციელები რამდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ სცემდნენ რატიანს, აწამებნენ და აგინებდენ მას, რასაც საპოლიციო ოქმის ენაზე ჰქვია „აყენებდნენ მძიმე ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას“. სისტემამ, იმის მაგივრად, რომ დამნაშავეები დაესაჯა, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში უკვე მერამდენედ სცადა მსხვერპლის დამნაშავედ გადაქცევა.

ამ ამბავმა გამოაჩინა:

რომ ჩვენ დღემდე მოქალაქეზე მოძალადე სახელმწიფოში ვხოვრობთ;

რომ სახელმწიფო არ ეკუთვნით საქართველოს მოქალაქეებს;

რომ მოქალაქე სახელმწიფოს წინააღმდეგ დაუცველია;

რომ რაც უფრო (სოციალურად, პოლიტიკურად, კულტურულად) დაუცველია მოქალაქე, მით უფრო უდანაშაულოდ შეუძლია სახელმწიფოს იძალადოს მასზე;

რომ სახელმწიფოს თუ დასჭირდა, მის წინააღმდეგ აამოქმედებს მთელ სისტემას, ფიზიკურად და მორალურად იძალადებს მასზე;

რომ სახელმწიფო ჩინოვნიკის და მოქალაქის დაპირისპირებაში სახელმწიფო ყოველთვის და ყოველ მიზეზ გარეშე დადგება საკუთარი აპარატის წევრის მხარეს მოქალაქის წინააღმდეგ.

ასეთი სახელმწიფო ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო საბჭოთა კავშირისაგან. სახელმწიფოს პატრონის გაგებით „მოქალაქე“ საბჭოთა კავშირს არ ჰყოლია. მას ჰყავდა ქვეშევრდომები, უფრო სწორად კი - ყმები, რომლებსაც სახელმწიფო ეპყრობოდა, როგორც პატრონი: აჭმევდა, მაგრამ მათი სიკვდილ-სიცოცხლის ამბავს წყვეტდა. სახელმწიფო გაიგივებული იყო სახელმწიფო აპარატთან. ვინც ამ აპარატში იყო, მართავდა, ვინც მის გარეთ იყო, იმართებოდა.

„მოქალაქესთან“ სახელმწიფოს ურთიერთობის ერთადერთი ფორმა იყო ძალადობა. ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოთქვამდა პოლიტიკურ პროტესტს, გაუჩინარდებოდა. ისინი, კი ვინც ასეთ პროტესტს არ გამოთქვამდნენ, ცხოვრობდნენ თანასწორობის და კეთილდღეობის ილუზიაში იქამდე, სანამ სისტემასთან რაიმე წინააღმდეგობაში არ მოყვებოდნენ.

სიტემა ნიშნავდა იმას, რომ სახელმწიფოს ძალაუფლების ყველა შტო -

აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო, ეკონომიკური და მედიური - ერთმანეთზე იყო გადაბმული, ერთად იყო შეკრული და ერთი (პარტიული) ცენტრიდან იმართებოდა.

ასეთი სახელმწიფო გვერგო მემკვიდრეობად და მისი რეფორმირება დღემდე ვერ შევძელით. და ასეთ, მოქალაქისგან გაუცხოებულ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ მანამდე, სანამ ვერ შევძლებთ.

პოლიციის ძალადობა სახელმწიფოს ძალადობის მხოლოდ ყველაზე ხილული და ყველაზე სასტიკი მხარეა. სახელმწიფოს ადამიანზე ძალადობის სხვა, უფრო დახვეწილი, მათ შორის ეკონომიკური ფორმები აქვს. ასობით მუშა დაიღუპა მშენებლობაზე და მაღაროებში იმის გამო, რომ ჩვენი კანონი არ იცავს შრომით უსაფრთხოებას. სახელმწიფო, ამ კანონის მიუღებლობით, ასობით ადამიანს სწირავს სასიკვდილოდ. „უბედური შემთხვევა“, „ეს პროფესია მან აირჩია“ ამ ძალადობის ევფემიზმებია. ეს სიტყვები არსებობს იმიტომ, რომ დანარჩენებმა რეალობა ვერ დაინოხან ან თვალი აარიდონ მას.

მოალაქეები ჯანყდებიან, როდესაც ძალადობა პირდაპირი და ხილული ხდება, ამიტომ სისტემა ძალადობას მალავს.

ასი და ათასი ასეთი შემთხვევა პოლიციისათვის უკვალოდ ჩაივლის. მსხვერპლი ვერ უჩივის პოლიციას. ეშინია მისი, ეშინია დაშინების, ზეწოლის, უარესის. მსხვერპლი ხმას კარგავს.

ზვიად რატიანის ამბავი გახმაურდა. გახმაურდა იმიტომ, რომ ზვიად რატიანი პოეტია. მწერალი საქართველოში მდიდარი არ არის. ლიტერატურა, განსაკუთრებით პოეზია, დაბალანაზღაურებადია. მაგრამ მწერალს და პოეტს საქართველოში ტრადიციულად აქვს ავტორიტეტის ფორმა, რომელსაც სოციოლოგები „სოციალურ კაპიტალს“ ეძახიან. ხალხი იცნობს მწერალს. ამიტომ ზვიად რატიანის ცემა სისტემამ ვერ დამალა.

რას აკეთებს სისტემა, როდესაც ვერ მალავს თავის დანაშაულს? მან მსხვერპლი დამნაშავედ უნდა გადააქციოს. მეთოდი ნაცადია.

24 დეკემბერს სისტემას ჯერ მარტო ერთი სახე აქვს: შინაგან საქმეთა სამინისტრო. მინისტრის მოადგილე განცხადებაში ცდილობს ბრალი მსხვერპლს დასდოს. ის ნასვამი იყო და იგინებოდაო. ასევე დაემუქროს: ჩუმად თუ არ იქნები(თ), ვიდეომასალას გავასაჯაროებთო.

პირველივე ეტაპზე სახელმწიფო ცდილობს საკუთარი ბრალი ტყუილით გადაფაროს. ტყუილი კი ესაა: რაც უნდა მთვრალი იყოს მოქალაქე, იგინებოდეს ან გინდაც ცდილობდეს წინააღმდეგობა გაუწიუს პოლიციელს, პოლიციელს არა აქვს მისი ცემის, წამების და შეურაცხყოფის უფლება. ეს დანაშაულია. ამ დანაშულს ვერ გააბათილებს მოქალაქის საქციელი, თუნდაც ბრალი.

გაჩუმებას არავინ აპირებს. მწერლები, გამომცემლები და ავტორები პრესკონფერენციაზე შსს-ს მოუწოდებენ, დასაჯონ დამნაშავეები და გაასაჯაროონ ვიდეომასალა, ანუ თავი დაანებონ მოქალაქეთა შანტაჟს და ილაპარაკონ სამართლის ენაზე.

რას აკეთებს სისტემა? ის ცდილობს გადაიბიროს საზოგადოებრივი აზრი და აგრესია მიმართოს მსხვერპლისაკენ. ესაა ჯერჯერობით ყველაზე დაუნდობელი და ცინიკური ნაწილი მოქალაქეზე სახელმწიფოს ძალადობის ტრაგედიაში.

ამ ეტაპზე უკვე პოლიცია აღარ გველაპარაკება თავის მუქარანარევ ენაზე. უკვე გამოსულია შინაგან საქმეთა მინისტრი და გაკეთებული აქვს ბუნდოვანი განცხადებები: რომ „საპოლიციო ოპერაცია“ შესაძლოა არაა კრიმინალის პრევენციის საუკეთესო ფორმა; რომ 40 000 პოლიციელის ერთდროულად სამსახურიდან დათხოვნა ძნელია და ახალ პოლიციას დრო დასჭირდება. მოგვიანებით, მწერლებთან, გამომცემლებთან და ავტორებთან შეხვედრაზე მოულოდნელად მოსული, ის დაჰპირდება მათ, რომ რეიდები აღარ იქნება, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს პარლამატს (რეიდების კანონიერება ისედაც არაერთმნიშვლოვანია. თან აღმოჩნდება, რომ პოლიცია კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსაც ვერ ასრულებს: მაგალითად, არ აქვს საკმარისი სამხრე კამერები, რომლებიც აუცილებელია საპოლიციო ოპერაციის ჩატარებისათვის). მინისტრი შესთავაზებს მათ თანამშრომლობას. მაგრამ თანამშრომლობა ვერ იქნება ერთ ჯგუფთან თანამშრომლობა, ის საჯარო უნდა იყოს და პირველ რიგში გულისხმობს მმართველი პარტიის პოლიტიკურ ნებას, გაატაროს რეფორმები.

პოლიციის მაგივრად ალაპარაკდება საზოგადოებრივი მაუწყებელი. საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება ერთადერთი (კიდევ ერთხელ გავუსვამ ამას ხაზს) ტელევიზია, რომელიც უკომენტაროდ გაუშვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამონტაჟებულ მასალას, სადაც ზვიად რატიანის გინება ისმის. ეს მასალა ფაბრიკაციაა: ფაბრიკაციაა არა იმიტომ, რომ დადგმულია. აქ რამდენიმესაათიანი ვიდეომასალიდან ისეთი სამწუთნახევარია ამოკრებილი, რომელიც ზვიად რატიანს ადანაშაულებს. ადანაშაულებს იმით, რომ ასიათასობით ქართველის აგრესიას მისკენ მიმართავს. „ესაა პოეტი?“, „მართლა საცემი ყოფილა“ - არის ის რეაქციები, რომლის გამოწვევაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას მიზანმიმართულად სწყურია. ის მართავს მაყურებლის აგრესიას. რატომ აკეთებს ამას? რომ ყურადღება გადაიტანოს მოძალადე პოლიციელებიდან მსხვერპლზე, ზვიად რატიანზე და ის ამჯერად განრისხებული ადამიანებს მიუგდო საჯიჯგნად.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სისტემის ნაწილი ხდება. ის არ ასრულებს თავის მოვალეობას, მისი მიზანი არა ინფორმაცია, არამედ პროპაგანდა ხდება. ამ მომენტში ის იქცევა სახელმწიფო ტელევიზიად და შსს-ს ძალადობაში მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მხარეს დგას. გავიმეორებ: ესაა ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც ამას უკომენტაროდ და მიზანმიმართულად, აგრესიის რატიანისკენ მისამართად აკეთებს (თუმცა გინება სხვაგანაც ისმის და ესეც დიდი შეცდომა და სენსაციისმოყვარეობა იმ კერძო ტელევიზიებისა, რომლებმაც ეს გააკეთეს). საზოგადოებრივის საქციელი ამასობაში უკვე დაგმო როგორც მისმავე სამეთვალყურეო საბჭომ, ასევე ეთიკის ქარტიამ. მწერლებმა, გამომცემლებმა და ავტორებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელს. მინდა ამ ბოიკოტისაკენ თქვენც მოგიწოდოთ იქამდე, სანამ საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ პასუხისმგებლობას საჯაროდ არ აღიარებს და არ გამოიტანს ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დასკვნებს.

მოქლაქის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამარცხვინო ჩართვაც ვერ აჩერებს პროტესტს. სასამართლო რატიანს ათავისუფლებს. მოსამართლე ცინიკურად დააყვედრის მას 2000-ლარიან ჯარიმას, მადლობა თქვი, რომ ახალ წელს სახლში შეხვდებიო. დამნაშავე პოლიციელების საქმე ჯერ „ძიების პროცესშია“.

სისტემა ამჯერად თავის ყველაზე ბნელ ძალებს, ტროლებს აამოქმედებს. ტროლების ამოცანა ამჯერად ზვიად რატიანის მხარდამჭერების დისკრედიტაციაა: „რა მწერლები ეგენი არიან, მწერლები ილია და აკაკი იყვნენ“, „სად იყვნენ ესენი სისხლიანი ცხრა წლის დროს“, „ესენი ჩანერგილი ნაცები არიან“, - ესაა ტროლების გზავნილები. თავი დავანებოთ იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი ხელმძღვანელი 2005-2008 წლებში მცხეთა-თიანეთის გუბერნატორი იყო, შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და ამ ხელისუფლების პასუხისმეგბლობას უნდა იზიარებდეს. მწერალთა და ავტორთა უმეტესობა ყოველთვის აპროტესტებდა სწორედ სისტემურ ძალადობას, ოღონდ ამას არ აკეთებდა პარტიული ნიშნით და რომელიმე პარტიის ინტერესებში (ზედმეტ შეკითხვებს წინასწარვე რომ ვუპასოხო, შემიძლია მივუთითო მკითხველს ჩემს ბლოგზე და რადიო თავისუფლების ჩემსავე ბლოგზე, ხოლო ვისაც გუგლში ძებნაც ეზარება, შევთავაზებ ამ ორ წერილს: „May violence be with you“ და „საქართველოს დამოუკიდებლობა. ოცი წლის შემდეგ“.

ტროლების გამოყენება სისტემის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში) მარცხის ნიშანია. ის უკვე ვეღარ ბედავს ვერც პოლიციური მუქარის ენაზე ლაპარაკს, ვერც „ობიექტურ ჟურნალისტიკაზე“ აქვს პრეტენზია და პირდაპირ მიმართავს უბინძურეს ფაბრიკაციებს.

ზვიად რატიანის შემთხვევა ტესტია მთავრობისათვის. სანდრო გირგვლიანის შემთხვევაში, სახელმწიფომ, მკაფიო არჩევანი გააკეთა: ის იცავს სისტემის ნაწილს (ამ შემთხვევაში) დამნაშავე პოლიციელებს და არა უდანაშაულო მოქალაქეს. ეს ტესტი თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ ჩააბარა. უახლოესი დღეები გამოაჩენს, რამდენად შეუძლია დღევანდელ მმართველ პარტიას სხვისი და საკუთარი შეცდომებიდან გაკვეთილის გამოტანა და რამდენად შესწევს სწავლის უნარი.

სისტემის მარცხი ერთ კონკრეტულ საქმეში მაინც არ ნიშნავს სისტემის შეცვლას ან ნგრევას. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ სისტემა პარტიული არაა - ის მოქმედებდა და მოქმედებს ყველა პარტიის პირობებში. სისტემა, მოქალაქეებისგან გაუცხოებული სახელმწიფო აპარატი, დაინგრევა მაშინ, როდესაც მოქალაქეები დაიბრუნებენ კონტროლს სახელმწიფო აპარატზე; როდესაც დამთავრდება ერთპარტიული მთავრობები და არაფორმალური მმართველობები; როდესაც ამოქმედდება ნამდვილი ადგილობრივი თვითმმართველობები; როდესაც ყველა მოქალაქეს, ვისაც ექნება ამის სურვილი, საშუალება მიეცემა, რეალურად განახორციელოს თავისი ინტერესები. ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ამის ნება არცერთ მთავრობას არ ჰქონია. ამიტომ ეს ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გავაკეთოთ. სოლიდარობით. ერთმანეთის მხარდაჭერით. ერთი მოქალაქე სისტემის წინააღმდეგ ყოველთვის დამარცხებულია.