აკადემიკოს ანდრეი სახაროვს, რომელის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა 21 მაისს, მსოფლიო იცნობს, როგორც საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის დაუღალავ მებრძოლს.
დისიდენტური საქმიანობისთვის 1975 წელს მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
მას უწოდებდნენ „კაცობრიობის სინდისს“, რომელიც ებრძოდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და იცავდა ადამიანთა ღირსებას.
მაგრამ სახაროვი პროფესიონალი ფიზიკოსი იყო. ის საბჭოთა კავშირის ბირთვული პროგრამის განუყოფელი ნაწილი იყო და „საბჭოთა წყალბადის ბომბის მამადაც“ კი იწოდებოდა.
თავის მემუარებში სახაროვი იხსენებს, რომ ბირთვის გახლეჩის შესახებ ომის წინა პერიოდში გაიგო მამისგან, რომელიც თავადაც ფიზიკოსი იყო და ამ თემაზე ლექციას დასწრებოდა. მაგრამ ამ საკითხისადმი განსაკუთრებული ინტერესი გაუღვივდა მას შემდეგ, რაც შეიტყო ჰიროსიმაში 1945 წლის 6 აგვისტოს ატომური ბომბის ჩამოგდების შესახებ.
სახაროვი იხსენებს, რომ როცა გაზეთებში ამოიკითხა ეს ამბავი, მაშინ ამ ცნობამ უცებ შეცვალა მისი და ბევრი სხვა ადამიანის ბედი. „რაღაც ახალი და საშინელი შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, იმ უდიდესი მეცნიერების პროდუქტი, დისციპლინისა, რომელსაც მე ვაღმერთებდი“.
სახაროვი და მისი „ფენოვანი ნამცხვარი“
თავად სახაროვი საბჭოთა ბირთვულ პროგრამაში სამუშაოდ 1948 წელს აიყვანა პროფესორმა იგორ ტამმა. მოგვიანებით ის იხსენებდა: „არავის უკითხავს, მინდოდა თუ არა ამ სამუშაოში მონაწილეობა. ფაქტობრივად არჩევანი არ მქონია.“
რამდენიმე თვის შემდეგ ახალგაზრდა ფიზიკოსმა განავითარა სრულიად ახალი იდეა წყალბადის ბომბისა, რომელსაც ის „ფენოვან ნამცხვარს“ უწოდებდა. ეს იყო გარღვევა, რომელიც საბჭოთა კავშირს საშუალებას აძლევდა, შეექმნა საკუთარი წყალბადის ბომბი - ბევრად უფრო მძლავრი იარაღი, ვიდრე იმ პერიოდში არსებული ატომური ბომბები.
ასევე ნახეთ სახაროვი და საქართველოროგორც პრინსტონის უნივერსიტეტის წამყვანი ფიზიკოსი, პროფესორი ფრანკ ფონ ჰიპელი ამბობს, ამისკენ სახაროვს პატრიოტიზმმა უბიძგა.
„სახაროვი დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა კავშირს აშშ-ის ბირთვული იერიშის შემაკავებელი ბირთვული იარაღი ესაჭიროებოდა,“ უთხრა ჰიპელმა რადიო თავისუფლებას.
1949 წლის 29 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა თავისი პირველი ბომბი გამოცადა ყაზახეთში. მთლიანობაში საბჭოთა კავშირმა 80 ბომბი გამოცადა, მარტო 1958 წელს - 36.
„ჩვენ თქვენ დაგასამარებთ“
მაშინ, როცა აშშ-სა და სსრკ-ს შორის ურთიერთობები სულ უფრო იძაბებოდა ცივი ომის პერიოდში, საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა სახაროვს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ბომბის შექმნა შეუკვეთა. დასავლეთში ამ იარაღს „ცარ-ბომბის“ (“Царь бомба”) სახელით იცნობდნენ.
„‘ცარ-ბომბის’ გამოცდის მოტივაციის გასაგებად საჭიროა აშშ-სსრკ-ის იმდროინდელი მეტოქეობის კონტექსტის გათვალისწინება. 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანების დასაწყისში ბირთვული გამოცდები გამოიყენებოდა კვლევისთვის და ქვეყნის ძალის დემონსტრირებისთვის,“ ამბობს ფილიპ კოილი, რომელიც პრეზიდენტ ბილ კლინტონის მმართველობის პერიოდში აშშ-ის ბირთვული იარაღის გამოცდებს ხელმძღვანელობდა. ის 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ბირთვული იარაღის შექმნასა და გამოცდაზე.
მისი თქმით, 1959-1960 წლებში საბჭოთა ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის გაეროში ვიზიტი და მისი სიტყვები - „ჩვენ თქვენ დაგასამარებთ“ - ამერიკაში ბევრმა აღიქვა ბირთვულ მუქარად. 1954 წლის 1 მარტს აშშ-მა წყალბადის ბომბი გამოცადა და ამერიკის ყველა მანამდელ გამოცდებს გადააჭარბა - ბომბის სიმძლავრე 15 მეგატონა იყო. მაგრამ, როგორც კოილი შენიშნავს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, „ცარ-ბომბა“ თითქმის ოთხჯერ უფრო დამანგრეველი იყო.
Your browser doesn’t support HTML5
უპრეცედენტო სიმძლავრის ბომბი
მართალია ამ ბომბს „ცარ-ბომბას“ უწოდებენ, მაგრამ მისი ასაფეთქებელი მოწყობილობა სხვადასხვა ტექნიკური სახელითაა ცნობილი: „პროექტი 27000“, „ნაკეთობა 202“, RDS-220, „კუზკინა მატ“ და სხვ. ის უზარმაზარი იყო: სიგრძეში 8 მეტრი, სიმაღლეში 2 მეტრს აღწევდა და 24,5 ტონას იწონიდა.
საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების ფლოტში შემავალი Tu-95 ბომბდამშენები ძალზე პატარა იყო ამ ბომბის გადასაზიდად. ამიტომ საჭირო გახდა სპეციალურად ამ ბომბისთვის ერთი ბომბდამშენის აგება. რადგან „ცარ-ბომბა“ თვითმფრინავის კორპუსში ვერ დაეტეოდა, ის ქვემოდან დაამაგრეს.
„ცარ-ბომბა“ სხვა პრობლემებსაც ქმნიდა. იმისთვის, რომ მფრინავს შეძლებოდა დროზე გაცლოდა აფეთქების ადგილს და გადარჩენილიყო (საბჭოთა მეცნიერთა გამოთვლებით, ამის შანსი 50%-ს არ აღემატებოდა), ბომბს დაამაგრეს უზარმაზარი ერთტონიანი პარაშუტი, რომელსაც უნდა შეენელებინა მისი ვარდნა. ეს დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ბომბდამშენი და მეორე თვითმფრინავი, რომელიც აფეთქებას აკვირდებოდა და ფირზე იღებდა, გასულიყვნენ სახიფათო ზონიდან და არ დაღუპულიყვნენ.
აფეთქება მთელს მსოფლიოში იგრძნეს
1961 წლის 30 ოქტომბერს, დილით, „ცარ-ბომბით“ დატვირთულმა ბომბდამშენმა სტარტი აიღო უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე კოლის ნახევარკუნძულიდან და კიდევ უფრო ჩრდილოეთით გაფრინდა.
თვითმფრინავმა ბომბი ნოვაია ზემლიას არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულ სევერნის ნაპირებთან ჩამოაგდო ბარენცის ზღვაში. ის დედამიწის ზედაპირიდან 4000 მეტრ სიმაღლეზე აფეთქდა. ბომბდამშენი Tu-95 აფეთქების ტალღაში მოყვა მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების მომენტისთვის ის 100 კილომეტრზე მეტით იყო დაშორებული. თვითმფრინავმა 1000 მეტრი სიმაღლე დაკარგა, მაგრამ საბოლოოდ მფრინავმა მოახერხა მისი დამორჩილება და მშვიდობიანად დასვა მიწაზე.
აფეთქების სიმძლავრე 1570-ჯერ აღემატებოდა ჰიროსიმისა და ნაგასაკის აფეთქებებს ერთად აღებულს და 10-ჯერ აღემატებოდა მეორე მსოფლიო ომში გამოყენებული ყველა ჭურვის სიმძლავრეს. მისი დანახვა 1000 კილომეტრიდანაც შეიძლებოდა. აფეთქების შედეგად წარმოქმნილი სოკოს ფორმის ღრუბელი 70 კილომეტრზე აიჭრა ცაში. აფეთქებამ ფანჯრები შეაზანზარა ფინეთსა და ნორვეგიაშიც.
აფეთქებას წარმოუდგენელი ნგრევა მოჰყვა ნოვაია ზემლიაში. სოფელ სევერნიში, რომელიც აფეთქების ეპიცენტრიდან 55 კილომეტრით იყო დაშორებული, ყველა სახლი ნანგრევებად იქცა.
ცხადია, ამხელა დეტონაციის დამალვაც რთული იყო და უარყოფაც. აფეთქების მომენტში რეგიონში იმყოფებოდა აშშ-ის მზვერავი თვითმფრინავი. მას მოეპოვებოდა ტექნიკა, რომელიც შორს მომხდარი აფეთქებების შესახებ აგროვებდა მონაცემებს. მოგვიანებით ამ მონაცემებს ვაშინგტონში აანალიზებდნენ.
მაგრამ „ცარ-ბომბის“ შესახებ ათწლეულების განმავლობაში ძალზე ცოტა რამ იყო ცნობილი. შარშან რუსეთმა გამოაქვეყნა მანამდე გასაიდუმლოებული კადრები, რომლებზეც „ცარ-ბომბის“ გამოცდაა გადაღებული. ვიდეო YouTube-ზეა განთავსებული.
რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა უწყებამ, „როსატომმა“ ეს ვიდეო რუსეთის ბირთვული მრეწველობის 75 წლისთავის აღსანიშნავად გამოაქვეყნა.
შემქმნელიდან მოწინააღმდეგემდე
სახაროვმა ჯერ კიდევ „ცარ-ბომბის“ დეტონაციამდე დაიწყო ბირთვული იარაღის გამოცდების ეჭვქვეშ დაყენება. 1957 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ის შიშს გამოთქვამს საფრთხის თაობაზე, რომელსაც უქმნის კაცობრიობას დაბალი რადიაცია. სტატიაში ის დაასკვნის, რომ ერთმეგატონიანი ბომბის დეტონაცია 10 ათასი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა.
„გამოცდების შეწყვეტა პირდაპირ გადაარჩენდა ასიათასობით ადამიანის სიცოცხლეს,“ წერდა ის.
„ცარ-ბომბამ“ არა მხოლოდო სახაროვი გამოაფხიზლა, არამედ მთელ მსოფლიოში დააფიქრა მრავალი ადამიანი ასეთი გამოცდების საფრთხეზე.
„დიახ, ‘ცარ-ბომბა’ იყო მესიჯი აშშ-ისთვის, მაგრამ ამ ‘მესიჯმა’ ამერიკელები ისე შეაშინა, რომ ამერიკის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სხვა არჩევანი აღარ დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ბირთვული არსენალის არნახული მასშტაბის აღმშენებლობით ეპასუხა,“ გვიხსნის კოილი. „გარდა ამისა, ძალზე გაძლიერდა საერთაშორისო პროტესტი ატმოსფეროში ბირთვული იარაღის გამოცდის წინააღმდეგ და სახაროვს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული რადიოაქტიური ნალექის საფრთხე.“
გამოცდების წინააღმდეგ სახაროვის მუშაობა ბოლოს დაგვირგვინდა ბირთვული იარაღის გამოცდის ნაწილობრივი აკრძალვის ხელშეკრულებით, რომელსაც მოსკოვში 1963 წელს მოაწერეს ხელი აშშ-მა, საბჭოთა კავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა. ამ ხელშეკრულებით აიკრძალა ბირთვული იარაღის გამოცდა ატმოსფეროში, ღია სივრცესა და წყალქვეშ.
ასევე ნახეთ მცირე იმპერიალიზმი და ჰეგემონიურობის ლოგიკაროგორც ფონ ჰიპელი ამბობს, სახაროვი სხვებთან ერთად მოუწოდებდა საბჭოთა კავშირს, შეერთებოდა ხელშეკრულებებს, რომლებიც ზღუდავდა ბალისტიკური თავდაცვითი რაკეტების სისტემებს (1972), კრძალავდა საშუალო და ნახევრად საშუალო რადიუსის სახმელეთო რაკეტებს (1987), მათ შორის იყო ასევე პირველი ხელშეკრულება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ (1991).
1965 წელს სახაროვი დაუბრუნდა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკას და კოსმოლოგიის კვლევას და აღარ მონაწილეობდა ბირთვულ იარაღზე მუშაობაში.
„ვფიქრობ, მინიმუმ 1948 წლიდან მოყოლებული, სახაროვი იყო ადამიანი, რომელიც ხედავდა კაცობრიობის მისწრაფებების მორალურ და ადამიანის უფლებების ასპექტებს და ფლობდა ინტელექტუალურ უნარებს, ორიგინალური და ღრმა დასკვნები გამოეტანა ყოველ ჯერზე, როცა რაიმე პრობლემა ჩნდებოდა,“ ამბობს კოილი. „ცხადია, ცივი ომის გარიჟრაჟზე, ‘ცარ-ბომბამდე’ პერიოდში, არც კი გაჩენილა შეკითხვები ბირთვული იარაღის მორალურობის, ბირთვული იარაღისგან მომდინარე საფრთხეების, ან ‘გამალებული შეიარაღების საშინელი დანახარჯების’ შესახებ, როგორც ამას თავად სახაროვი წერდა.“
მოგვიანებით სახაროვისა და სხვებისთვის ნათელი გახდა, რომ ვალდებული ვართ ასეთ რაღაცებზე ვიფიქროთ და ეჭვქვეშ დავაყენოთ წარსულის შეზღუდული აზროვნება.“