უკრაინის მხარდაჭერა, საქართველოს პარლამენტში ჩხუბის ფონზე

უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია თბილისში

68 - მომხრე, არავინ წინააღმდეგი - კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული განცხადება 11 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდნენ უმცირესობის წარმომადგენლები. ”ნაციონალური მოძრაობის” დემარში მოჰყვა ფიზიკურ დაპირისპირებას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის, რაც, თავის მხრივ, უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის გამოსვლას მოჰყვა.

”საქართველოს პარლამენტი უცხადებს რა სრულ სოლიდარობას არჩევანის თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო”, - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ 11 დეკემბერს, გვიან საღამოს,
საქართველოს პარლამენტი მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობისა და დემოკრატიული სამყაროს ძალისხმევას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისა და მათი სუვერენიტეტის დაცვის მიზნით...
პარლამენტის განცხადება
დამტკიცებულ განცხადებაში, რომელიც დეპუტატებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ გააცნო. მასში გამოთქმულია რწმენა, რომ ”უკრაინის პოლიტიკური ლიდერები გამონახავენ ღირსეულ, მშვიდობიან და ხალხისთვის სასარგებლო გამოსავალს” და რომ ეს უკრაინელი ხალხის თავისუფალი არჩევანის მიხედვით უნდა გადაწყდეს. პარლამენტის განცხადებაში ნახსენებია რუსეთიც:

”საქართველოს პარლამენტი მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობისა და დემოკრატიული სამყაროს ძალისხმევას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისა და მათი სუვერენიტეტის დაცვის მიზნით და აცხადებს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში ამ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ ხელუყოფელი არჩევანის გაკეთების თავისუფლება და რუსეთს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას არა აქვს უფლება ჩაერიოს აღნიშნულ პროცესში”.

როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენებისა ”ჩვენი მოძმე ერის” - უკრაინის - ცხოვრებაში, საპარლამენტო უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა საქართველოს პარლამენტის განცხადებას. თუმცა, რომც სდომებოდა, უმცირესობა ამას მაინც ვერ გააკეთებდა, რადგანაც მან სხდომა პროტესტის ნიშნად ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში დატოვა, უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის გამოსვლის შემდეგ. დეპუტატმა ჯაჭვლიანმა თქვა, რომ დემოკრატიაში ორმაგი სტანდარტები მიუღებელია მისთვის და რომ პოლიტიკურ ოპონენტებს ამ კუთხით, ასე ვთქვათ, ხმის ამოღების უფლება არა აქვთ. ჯაჭვლიანის სიტყვები უშუალოდ გიორგი ბარამიძისკენ იყო მიმართული და მას შემდეგ, რაც გამომსვლელმა აფრასიძეების ოჯახთან დაკავშირებული სპეცოპერაცია გაიხსენა, გიორგი ბარამიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. ამის შემდეგ უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატების სიტყვიერი დაპირისპირება მასობრივ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ მანდატურებს დეპუტატების გაშველება საკმაოდ გაუჭირდათ.

ჩხუბის გამო გამოცხადებული მცირედი შესვენების შემდეგ, უმცირესობამ პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა. თუმცა ჩხუბამდე რამდენიმე მათგანმა მაინც მოასწრო გამოეხატა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მისამართით, დაგმეს ”ბოროტების იმპერიის” - რუსეთის - აგრესია და ისიც აღნიშნეს, რომ საქართველოს უკრაინის მხარდაჭერა და მის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა მოეთხოვება. მაგალითად, დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც პარლამენტარებს უკრაინის მხარდამჭერი განცხადების მიღებისკენ მოუწოდა, თქვა, რომ თუკი უკრაინაში თავისუფალი ხალხის ნება დამარცხდება, ეს ”ევროპული ცივილიზაციის მარცხი” იქნება:

გიორგი ბარამიძე

”ჩვენი მოვალეობაა, როგორც საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს პარლამენტის, სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს იმ მძიმე დროს, როდესაც რუსეთის მხრიდან ხორციელდება აგრესია ამ თავისუფლებისმოყვარე ერის მიმართ”.

ერთმანეთის მსგავსი პოზიციების მიუხედავად, უმრავლესობამ და უმცირესობამ ვერც 11 დეკემბერს მოახერხეს მიეღოთ ერთობლივი განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გავიხსენოთ, რომ საქართველოს პარლამენტში უკრაინის თემაზე დეპუტატებმა მწვავედ იკამათეს ვილნიუსის სამიტამდეც, კერძოდ, 27 ნოემბრის სხდომაზე - უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმის კვალდაკვალ.

იმ დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული განცხადება „’აღმოსავლეთის პარტნიორობის’ ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით” ზოგად სახეს ატარებს და მასში დადასტურებულია მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა თუ ევროპული ფასეულობების მისამართით. ამასთან, ტექსტში მოხსენიებული არ არის არც უკრაინა და არც რუსეთი, მაშინ როცა საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებულ განცხადების ტექსტში, რომელიც კენჭისყრის შედეგად ჩავარდა, აქცენტი რუსეთის წნეხსა და უკრაინაზე განხორციელებულ ზეწოლაზე კეთდებოდა. საპარლამენტო უმცირესობის ტექსტის მიუღებლობა უმრავლესობამ 27 ნოემბერს იმით ახსნა, რომ რუსეთის აგრესიასა და უკრაინის შეზღუდულ არჩევანთან დაკავშირებული მკაფიო აქცენტები შესაძლოა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აღქმულიყო. თანაც ჯერ ისევ წინ იყო ვილნიუსის სამიტი და უკრაინელი ხალხის იმედები ჯერ მთლად გადაწურული არ იყო.