საქართველოს მოლოდინი ნატოს საბოლოო გადაწყვეტილებების წინ

ვიდრე ნატოს ლიდერები უელსის სამიტზე კონკრეტულ და ერთიან გადაწყვეტილებებს მიიღებენ, საქართველოს მოლოდინი ჯერ ისევ წინასწარ გაკეთებულ განცხადებებსა და ვარაუდებს ეფუძნება. რამდენად ოპტიმისტურია ექსპერტების განწყობა საქართველოში, როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა MAP-ისთვის და რა მექანიზმებით უნდა შეაჩეროს ქვეყანამ რუსეთის მხრიდან სავარაუდო აგრესია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე?

უელსის სამიტის კვალდაკვალ გაძლიერდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და ქვეყანა კიდევ უფრო დაცული გახდება - ამ შინაარსის განცხადებები, დეტალების დაკონკრეტების გარეშე, ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა გააკეთა და გარკვეულწილად სწორედ ამაზე მიანიშნებს ნატოს ლიდერთა ცალკეული კომენტარებიც.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ მხრივ ენიჭება საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ 3 სექტემბერს, ესტონეთში ვიზიტის დროს წარმოთქმულ სიტყვებს, როდესაც პრეზიდენტი ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობის სიმტკიცეზე ლაპარაკობდა. „მეტი უნდა გავაკეთოთ ნატოს სხვა პარტნიორების, მათ შორის, საქართველოსა და მოლდავეთის დასახმარებლად, რათა გავაძლიეროთ ასევე მათი თავდაცვის უნარი“, - თქვა ობამამ ტალინში და მის ამ სიტყვებს მქუხარე ტაშიც მოჰყვა.

ოდნავ უფრო ადრე, კერძოდ, 1 სექტემბერს, საქართველოსთვის შესათავაზებელი ”არსებითი პაკეტის” გარშემო საუბრისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ძირითადი ელემენტები ჩამოთვალა და ამ ჩამონათვალში საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ერთმა კონკრეტულმა დეტალმა:

”სამხედრო წვრთნები ასევე შესაძლებელია ჩატარდეს საქართველოშიც - იმ კონკრეტული მიზნით, რომ ამ წვრთნებში ჩართული იყვნენ ნატოს პარტნიორები. ჩვენ ასევე განვიხილავთ საქართველოში სამხედრო საწვრთნელი ცენტრის შექმნის საკითხს - იმავე კონკრეტული მიზნით, რომ მასში ჩაერთონ ნატოს პარტნიორები. შესაძლოა ამ საწვრთნელ ცენტრს რეგიონალური მნიშვნელობა მიენიჭოს.”

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი მიესალმება, თუმცა მას, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ამგვარი შემოთავაზება დროში გაჭიანურებულად მიაჩნია და ამბობს, რომ ის საქართველოსთვის მნიშვნელობით, უბრალოდ, ვერ ჩაანაცვლებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას - MAP-ს:

”კი, ეს გააძლიერებს საქართველოს პარტნიორობას ნატოსთან, მაგრამ ის, ჩვენ რაც გვინდა, ანუ ნატოს მხრიდან ჩვენი უსაფრთხოების დაცვის რეალური პრაქტიკული ნაბიჯები, ეს ცენტრი ამ ეტაპზე ამას ვერ შეცვლის... საუბარია დღეებზე და თვეებზე, ისე სწრაფად იცვლება სიტუაცია... და სანამ ცენტრი აშენდება, სანამ ის ფუნქციონირებას დაიწყებს, ეს რეალური გამოსავალი არ არის ამ ეტაპზე. მშვიდობიანობის დროს ეს შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, მაგრამ ახლა მოქმედებაა საჭირო, მეტი არაფერი... ეს, რა თქმა უნდა, არ ცვლის არც MAP-ის მოცემას და არც ნატოს სრულუფლებიან წევრობას”.

სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი არ იზიარებს აზრს, თითქოს არსებით პაკეტში” შემავალ კომპონენტებს ნატო საქართველოს MAP-ის სანაცვლოდ, ერთგვარი მანუგეშებელი ჯილდოს სახით სთავაზობდეს. ანალიტიკოსი თვლის, რომ MAP-ს ამ ეტაპზე ალიანსი საქართველოს იმის გამო არ ანიჭებს, რომ ობიქტურად საქართველო არ არის ამისთვის მზად და რომ ამაში გასაკვირი არაფერია. დანარჩენს კი, რაც ახლა ხდება, ირაკლი მენაღარიშვილი ალიანსის თანმიმდევრული გეგმების ჯაჭვში განიხილავს:

”ნატოს აქვს აღებული ვალდებულება საქართველოს, როგორც პარტნიორის, წინაშე, რომ გააძლიეროს მისი თავდაცვისუნარიანობა. ეს ვალდებულება მას ყველა პარტნიორთან აქვს, ხოლო საქართველო ამ პარტნიორთა რიგში, მართლაც, ერთ-ერთი გამორჩეულია - მის მიერ შეტანილი წვლილითა და ერთგულების თვალსაზრისით... არის თუ არა ეს ნატოს ინტერესი? რა თქმა უნდა, არის. ამით ნატო არა მხოლოდ თავის მოკავშირეებს აძლიერებს სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, დემოკრატიული პრინციპების გაძლიერების გზით, ყოფილ კომუნისტურ სივრცეში იმ ღირებულებებს აფუძნებს, რომელზეც თითონ არის დამკვიდრებული”.

ირაკლი მენაღარიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს არ არის წვრილ მოგებაზე ორიენტირებული მიზანი, არამედ ”ეს არის ღირსეული მიზანი ღირსეული ალიანსისა”. მაგრამ საქართველო, რომელიც მუდმივად ადასტურებს ერთგულებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უალტერნატივო არჩევანის მიმართ, მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთის სავარაუდო აგრესიის შემაკავებელ მექანიზმებს საჭიროებს. ირაკლი მენაღარიშვილი დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ უელსის სამიტის კვალდაკვალ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებელი კონკრეტული ღონისძიებები გამოიკვეთება.

ასეთი ნაბიჯების ხილვას ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელიაც იმედოვნებს. როგორც ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, თავდაცვითი სისტემების მოწოდება ორმხრივ ფორმატში უფრო შეერთებული შტატებისგან არის მოსალოდნელი:

”ასეთი შემაკავებელი ფაქტორი შეიძლება იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის დამატებით საჰაერო თავდაცვის, ანტისატანკო და ანტიმობილური სისტემების გადაცემა და ამ სისტემების აქტიურად ჩართვა რეგიონალური უსაფრთხოების ფორმატშიც. ნატოს ფარგლებში არის როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები, ასევე არის ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატები. ორმხრივ ფორმატში შესაძლოა უფრო სწრაფად და დაჩქარებულად მოხდეს, მაგალითად, გარკვეული შესაძლებლობების გადმოცემა საქართველოსთვის - მაგალითად, საჰაერო და ანტისატანკო სისტემებისა აშშ-თან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში. ეს იქნება ასევე ძლიერი პოლიტიკური გზავნილი რუსეთის ფედერაციის მისამართით”.

დაბოლოს, კიდევ ერთი ინფორმაცია: პრეზიდენტ ობამას ესტონეთში ვიზიტის შემდეგ CNN-მა, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საჭოს ცნობებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია სექტემბრის ბოლოსთვის უკრაინის ტერიტორიაზე მრავალეროვანი სამხედრო წვრთნების ჩატარების თაობაზე. წინასწარი ინფორმაციით, პროცესში ჩართული იქნება 200 ამერიკელი სამხედრო და კიდევ 1000 სამხედრო უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ბრიტანეთიდან, კანადიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, მოლდავეთიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და ესპანეთიდან.