საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს, რა ადგილი უჭირავს საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსში, რადგან ამით წარმოდგენა ექმნება მის ადგილზე ზოგადად მსოფლიოში. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა, რომ 2017 წლის „გლობალური ინოვაციის ინდექსში“ მსოფლიოს 127 ქვეყანას შორის საქართველო, 34.39 ქულით, 68-ე პოზიციაზეა, რაც არცთუ საუკეთესო მაჩვენებელია და ძირითადად ჩამორჩება მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი რეიტინგში 59-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი - 82-ე, თურქეთი - 43-ე, რუსეთი - 45-ე, უკრაინა კი 50-ე ადგილზე. ამასთან, წინა წლის ინდექსთან შედარებით, საქართველო რეიტინგში ოთხი პოზიციით დაქვეითდა. კორნელის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა INSEAD-ისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინდექსი 82 კომპონენტისგან შედგება. აქედან ძირითადი კომპონენტია 7: ინსტიტუციები, ადამიანური კაპიტალი და კვლევები, ინფრასტრუქტურა, ბაზრის განვითარების დონე, ბიზნესის განვითარების დონე, ცოდნა და ტექნოლოგიები, შემოქმედებითი მიღწევები.
ინსტიტუციების კომპონენტში საქართველო 47-ე პოზიციას იკავებს, ბიზნესის გარემოს ნაწილში - 53-ე ადგილს, ბიზნესის წამოწყების სიმარტივით ქვეყანა მე-8 ადგილზეა, ხოლო გადასახადების გადახდის სიმარტივით - 20-ე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ნაწილში საქართველოს აღნიშნულ კომპონენტებში პოზიციები გაუმჯობესებული აქვს.
ადამიანური კაპიტალისა და კვლევის კომპონენტში საქართველოს 89-ე პოზიცია აქვს, ინფრასტრუქტურა - 74-ე პოზიცია, ბაზრის განვითარების დონე - 53-ე ადგილი, ბიზნესის განვითარების დონე - 101-ე ადგილი, ცოდნა და ტექნოლოგიები - 54-ე პოზიცია, შემოქმედებითი მიღწევები - 69-ე პოზიცია.
"გლობალური ინოვაციების ინდექსის" პირველ ხუთეულში აღმოჩნდნენ შვეიცარია, შვედეთი, ნიდერლანდები, აშშ და დიდი ბრიტანეთი.
შედარებით უფრო ოპტიმისტური მაჩვენებლები ჰქონდა საქართველოს European Chamber-ის კვლევის - „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესის წარმოებისთვის“- მიხედვით, რომელზეც ადრეც ვისაუბრეთ. ამ კვლევის თანახმად, საქართველო მე-20 ადგილს იკავებს.
2016 წელთან შედარებით, 2017 წელს საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა 4 პოზიციით, სარეიტინგო შეფასება კი 64.7-დან 68.6-მდე გაიზარდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეფასებით საქართველო ევროპის ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა: ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და საბერძნეთი.
ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს რეიტინგის მიხედვით, საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს რეგიონის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ბელორუსი, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი, მოლდოვა, რუსეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა.
„European Chamber-ის კვლევის ფარგლებში 46 ევროპულ ქვეყნაში ბიზნესის წარმოება შეფასდა, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსებს ეყრდნობა. European Chamber-ის კვლევა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსების საშუალო მაჩვენებელს იღებს და ზომავს ბიზნესის კეთების კონტექსტს ბიზნესგარემოს, კანონმდებლობის, ეკონომიკური პოლიტიკის, სოციალური კლიმატისა და ბიზნესზე მოქმედი რეგულაციების ჩათვლით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში მე-16 ადგილს, ხოლო Transparency International-ის კორუფციის აღქმის რეიტინგში 44-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში.