საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან, ემანუელ  მაკრონისგან ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა  გადაიბარა

19 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან, ემანუელ მაკრონისგან ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა გადაიბარა. ცერემონია გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე, ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე გაიმართა. საქართველო 75 ქვეყნისგან შემდგარ ორგანიზაციას მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე უხელმძღვანელებს. რა ვალდებულებებს აკისრებს მას ეს პოზიცია და რა პრიორიტეტები გამოიკვეთა სამოქმედოდ? თემაზე ნონა მჭედლიშვილი ისაუბრებს.

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს მთავრობა მის მიერ განსახორციელებელ ოთხ პრიორიტეტულ მიზანს გამოკვეთს. კერძოდ, საუბარია მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფაზე, მოქალაქეებზე ორიენტირებული მმართველობის ხელშეწყობაზე, გამჭვირვალობასა და კორუფციასთან ბრძოლასა და საჯარო მომსახურების მიწოდებისას ინოვაციური იდეების დამკვიდრებაზე. როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს ღიაობისა და დემოკრატიის განვითარებისკენ მიმართულ გლობალურ მოძრაობაში და ეს პატივი საამაყოა ქვეყნის მთავრობისთვის.

„აღმაფრთოვანებს ის წარმატება, რომელსაც OGP-ის წევრი ქვეყნები მსოფლიოს გარშემო აღწევენ. აღმაფრთოვანებს მოსახლეობის მზაობა, გააკონტროლოს საკუთარი ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი გაკვეთილის სწავლა მოგვიხდება – არა მხოლოდ ერთმანეთის ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან, არამედ ჟურნალისტების, მეწარმეების და კარგი მმართველობის სფეროში არსებული სხვა ლიდერებისგან“.

საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე საუბრისას კი გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საკუთარი ხედვების ჩამოყალიბებისას საქართველოს მთავრობამ იხელმძღვანელა კითხვებით, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემების ხელმისაწვდომობას, კორუფციასთან წარმატებულ ბრძოლას, სერვისების მიწოდების გაუმჯობესებასა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

საქართველოსთვის მომავალი ერთი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, აღნიშნავს, თავის მხრივ, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი:

„საქართველოსთვის 75 ქვეყნის ნდობა, რომ ის გამხდარიყო მათი წარმომადგენელი სახელმწიფო, წარმომადგენელი და მთლიანად ხელმძღვანელი პარტნიორობის არის, რა თქმა უნდა, იმის ნიშანი, რომ საქართველოს რეფორმებმა, საქართველოს სწორ გზაზე სიარულმა, დემოკრატიის გზაზე პროგრესმა მას მისცა ის როლი, რასაც ხელმძღვანელის როლი ჰქვია. რა თქმა უნდა, ეს დიდი ნდობაა, დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ მზად ვართ ჩვენს ხალხთან ერთად ეს რეფორმები ჩვენს სხვა პარტნიორებს გავაცნოთ და გავიზიაროთ მათი საუკეთესო გამოცდილებაც“, – ამბობს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი.

ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნის პასუხისმგებლობაზე აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი, რომლის თანახმადაც, გარდამავალ პერიოდში, როდესაც დემოკრატიასთან მიმართებით გლობალური ძვრებია, საქართველოს ევალება გახდეს ლიდერი მსოფლიო მასშტაბით და საკუთარი მაგალითით აჩვენოს, რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმები კარგი მმართველობის კუთხით:

„საქართველო ერთი წლით გახდა, ფაქტობრივად, უზარმაზარი, გლობალური ქვეყნების კოალიციის ლიდერი, კოალიციის ერთობის, პარტნიორობის, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში დაინერგოს უკეთესი მმართველობა, უფრო დემოკრატიული მმართველობა დამყარებული ისეთ პრინციპებზე, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული დემოკრატიის სხვადასხვა ფორმები. სწორედ საქართველომ უნდა მოახდინოს ეგრეთ წოდებული ფასილიტაცია სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რომ მათაც დანერგონ ეს კარგი პრაქტიკა, გააფართოვოს ეს პარტნიორობა, ახალი წევრები მოიზიდოს და გახდეს მაგალითი“.

როგორც ლევან ავალიშვილმა აღნიშნა, ღია მმართველობის პარტნიორების ხელმძღვანელები იყვნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი. შესაბამისად იგი ამბობს, რომ საქართველოსთვის დიდი მიღწევაა, რომ ის მმართველობის კარგი პრაქტიკის კუთხით იქნა არჩეული, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები არსებობს. მათ შორის, მაგალითად, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, 2016 წლის ანგარიშის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად იუსტიციის სამინისტრო დაასახელა. ინსტიტუტმა, ამასთან დაკავშირებით, დასკვნის სახით შენიშნა, რომ ერთმანეთთან შეუთავსებელია, ერთი მხრივ, ღია მმართველობის პარტნიორობის მაკოორდინირებელი უწყება იყო, მეორე მხრივ კი, ყველაზე დახურულ დაწესებულებად ცხადდებოდე. ლევან ავალიშვილი იმედოვნებს, რომ შეიცვლება ინფორმაციის გაცემის ის პრაქტიკა, რომელიც არა მარტო იუსტიციის სამინისტროს აქვს და ქვეყანაში დამკვიდრდება იმაზე მაღალი სტანდარტები, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაშია. მიღწევები გვაქვს, მაგრამ ახლა გაცილებით მეტი მოგვეთხოვება – ამბობს იგი.

ღია მმართველობის პარტნიორობა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივის შედეგად, 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში დაფუძნდა. საქართველო მას იმავე წელს შეუერთდა. 2018 წლის მეორე ნახევარში, თავმჯდომარეობის ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს უმასპინძლებს.