5 თებერვალს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირის ამჟამინდელ და სამომავლო ურთიერთობებზე მსჯელობდნენ. ასოცირების საბჭოს მეოთხე სხდომაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი, თავმჯდომარეობდა, მონაწილეობდა საქართველოს დელეგაცია, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. სხდომის შემდეგ გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი, რომელზეც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ძირითადად დადებითად შეაფასა ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის შედეგები, თუმცა ხაზი გაესვა რეფორმების გაგრძელების აუცილებლობასაც. ბრიუსელი საქართველოს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველო-ევროკავშირი
- 2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 37 %-ით გაიზარდა.
- 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ იქნა 450 მილიონი ევრო რეფორმების მხარდასაჭერად.
- ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში 77,5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება გამოიყო აგრარული სფეროს განვითარებისთვის.
„ჩვენი ურთიერთობა ბრწყინვალეა და ჩვენი პარტნიორობა მიმდინარეობს შესანიშნავად“, - განაცხადა 5 თებერვალს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ. ხოლო ასოცირების საბჭოს მეოთხე სხდომას, რომელიც წინ უსწრებდა ბრიფინგს და რომელმაც დაგეგმილ ქრონომეტრაჟს თითქმის ერთი საათით გადააჭარბა, მოგერინიმ „ძალიან ინტენსიური და პოზიტიური უწოდა“. როცა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველო-ევროკავშირის მიღწევებზე ლაპარაკობს, ხაზს უსვამს ბოლო წლების სამ ძირითად მიღწევას: ასოცირების შეთანხმების გაფორმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედებას და სავიზო ლიბერალიზაციას, რომლის სიკეთითაც 170 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. ხაზი ესმება თავისუფალი ვაჭრობის შედეგებსაც:
„ვნახეთ, რომ საქართველოში წარმოებულ უფრო მეტ პროდუქტს ყიდულობენ და აფასებენ ევროკავშირის მოქალაქეები. ჩვენ უკვე გავხდით საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და 2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 37 %-ით გაიზარდა. ეს აჩვენებს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას მართლაც აქვს დიდი შედეგი და თუკი საქართველოს მთავრობა გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას, სარგებელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ასევე, სამუშაო ადგილების შექმნისა და სავაჭრო შესაძლებლობების თვალსაზრისით“.
ფედერიკა მოგერინი კონკრეტულ გამოწვევებს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ არის გამოწვევები ასოცირების შეთანხმების განხორციელების გზაზე და რომ რეფორმირება სრულად უნდა შესრულდეს. ყურადღება მახვილდება შიდა პოლიტიკისა და დემოკრატიის განვითარების პროცესში შესასრულებელ ამოცანებზე:
ჩვენ ვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულებას და თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროში ვუახლოვდებით ევროკავშირის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებს...გიორგი კვირიკაშვილი
„(საბჭოს სხდომაზე) ჩვენ განვიხილეთ საკონსტიტუციო რეფორმის შედეგი და ასევე შედეგი ადგილობრივი არჩევნებისა, რომელიც იყო კონკურენტუნარიანი. ჩვენ დავინახეთ, რომ დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ჩვენ შევთანხმდით საჭიროებაზე, რომ უფრო მეტად იყოს გარანტირებული ინკლუზიური პოლიტიკური გარემო, ხელშეწყობილ იქნეს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია, დაცულ იქნეს კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. ევროკავშირი კვლავაც დაგეხმარებათ ამ სამუშაოს შესრულებაში“.
საქართველოში რეფორმები აუცილებლად რომ გაგრძელდება, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო სრულად იზიარებს ევროკავშირის სტანდარტებს:
„ჩვენ ვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულებას და თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროში ვუახლოვდებით ევროკავშირის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებს. ნოემბერში ჩვენ მივიღეთ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ამბიციური დღის წესრიგი პრიორიტეტების გრძელი სიით, რომელიც 2020 წლის ჩათვლით უზრუნველყოფს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას“.
ჩვენი ურთიერთობა ბრწყინვალეა და ჩვენი პარტნიორობა მიმდინარეობს შესანიშნავად...ფედერიკა მოგერინი
პრემიერის გამოსვლაში გამოიკვეთა მადლიერება იმისთვის, რომ 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ იქნა 450 მილიონი ევრო - სწორედ რეფორმების მხარდაჭერისთვის; ხოლო ENPARD-ის მე-3 ფაზის ფარგლებში 77,5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება გამოიყო, რაც აგრარული სფეროს განვითარებისთვის არის გამიზნული. 5 თებერვლის ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებოდ აღნიშნა საქართველოს მიზანი, რაც ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება:
„ჩვენ ერთად ავაშენეთ უფრო ძლიერი ურთიერთობის მტკიცე საყრდენი, რომელიც ქმნის ძალიან იმედის მომცემ მომავალს უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის. ჩვენ ვართ მზად და გვაქვს მოტივაცია სრულად გამოვიყენოთ არსებული ჩარჩოების პოტენციალი და, ასევე, გამოვიკვლიოთ შესაძლებლობები ევროკავშირთან მაქსიმალური ინტეგრაციის მისაღწევად. ამ მიზმის მისაღწევად ჩვენ ვმუშაობთ ამბიციურ საგზაო რუკაზე, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ევროპული დღის წესრიგის ძირითად საყრდენ ბოძებს. ჩვენ ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, რათა მივდიოთ ყველა იმ ასპექტს, რომელიც დღეს ჩვენ განვიხილეთ“.
ის, რამაც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები შეიძლება გააფუჭოს და წინ არ წასწიოს, დემოკრატიული განვითარების პროცესის შეჩერებაა და ეს კარგად იციან ექსპერტებმა. თუმცა იმისათვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, საჭიროა იმ ევროპული სტანდარტების მაქსიმალურად გაზიარება, რასაც ასოცირების შეთანხმება ასახავს. როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ევროკავშირი არაფერს გვაძალებს:
„იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და ქვეყნის სხვა ამბიციებზე, საჭიროა ასოცირების გეგმის სრულყოფილად შესრულება. რეალურად, ეს რეფორმები საქართველოს სჭირდება, ქვეყანას სჭირდება და ისინი იმიტომ კი არ უნდა შევასრულოთ, რომ ევროკავშირმა გვთხოვა... ეს რეფორმები წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც შეიძლება საქართველომ გაიღოს როგორც საკუთარი განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციისთვის, ასევე საქართველოს ევროპეიზაციისთვის. საკითხს ასე თუ დავაყენებთ და ასეთ რეჟიმში თუ ჩავდგებით, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას სამომავლოდ უფრო სერიოზული შანსი ექნება, ვიდრე ის ერთი შეხედვით დღეს გამოიყურება“.
იმისათვის, რომ ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი შესრულდეს, მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო და, კორნელი კაკაჩიას თქმით, ხელისუფლება არ უნდა მოერიდოს არაპოპულარული რეფორმების გატარებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რისგანაც ის რიგ შემთხვევებში თავს იკავებს.
5 თებერვალს ფედერიკა მოგერინიმ საგანგებოდ გაუსვა ხაზი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. ამ ჭრილში მან ახსენა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის როლი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ევროკავშირის თანათავმჯდომარეობის მნიშვნელობა და ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის საქმიანობა საქართველოში. ფედერიკა მოგერინის თქმით, უნდა გაგრძელდეს და უფრო ინტენსიური გახდეს ერთობლივი ძალისხმევა იმისათვის, რომ მოცულ იქნეს მოსახლეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საზოგადოების ყველა სექტორის ჩართულობით.