საქართველო ბრიტანეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ფონზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი

დიდ ბრიტანეთს რუსეთთან დაპირისპირებაში სოლიდარობას უცხადებს დასავლეთი და ერთობლივი სანქციების შემოღების შესაძლებლობას განიხილავს. ბრიტანეთსა და რუსეთს შორის მწვავე დაპირისპირება მოჰყვა ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა, და მისი ქალიშვილის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლას. კრიზისის ფონზე, დიდი ბრიტანეთის მოთხოვნით მოწვეულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 14 მარტს დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯონათან ალენმა რუსეთი ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა. ამასთან, მან რუსეთის უკანონო ქმედებების კონტექსტში ახსენა საქართველოც. ჩნდება თუ არა დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების ფონზე შესაძლებლობა, რომ საქართველოს საკითხს მეტი ყურადღება მიექცეს?

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო ბრიტანეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ფონზე

საქართველო დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის დაპირისპირების კონტექსტში

14 მარტს საქართველო ორჯერ ახსენეს დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის დაპირისპირების კონტექსტში:

  • ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ის მუდმივად მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
  • ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯონათან ალენმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რუსეთის ქმედებებზე საუბრისას, კიდევ ერთხელ გაიხსენა უკრაინა, ყირიმი და საქართველო.

14 მარტს საქართველო ორჯერ ახსენეს დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის დაპირისპირების კონტექსტში. თავდაპირველად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში რუსეთის შესახებ გამართული დებატების შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ ის მუდმივად მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

მოგვიანებით ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯონათან ალენმა დიდი ბრიტანეთის მოთხოვნით მოწვეულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რუსეთის ქმედებებზე საუბრისას, კიდევ ერთხელ გაიხსენა უკრაინა, ყირიმი და საქართველო:

„რუსეთს ისტორიულად ახასიათებს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა - იქნება ეს მონტენეგროში გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა, განმეორებითი კიბერშეტევები სხვა სახელმწიფოებში თუ მცდელობა გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებზე. რუსეთს სჩვევია საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რაც ყველაზე აღმაშფოთებლად მოხდა ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და საქართველოში“.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური რუსეთი უარყოფს ბრალდებას და პროვოკაციას უწოდებს განცხადებებს, რომელიც სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლას შეეხება, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. გარდა ამისა, ლონდონმა მიწვევა გაუუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, ბრიტანელი მაღალჩინოსნები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები კი არ დაესწრებიან მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც ზაფხულში რუსეთში გაიმართება. გაერთიანებული სამეფოს მთავრობისავე გადაწყვეტილებით, გამკაცრდება რუსეთიდან ჩასული კერძო თვითმფრინავებისა და რუსეთის მოქალაქეთა საბაჟო კონტროლი და გაიყინება რუსეთის სახელმწიფო აქტივები, თუ დადასტურდა, რომ მათი გამოყენება საფრთხეს უქმნის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს.

ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადა აშშ-მა. პრეზიდენტის ადმინიტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთი პასუხისმგებელია ბრიტანეთის მოქალაქესა და მის ქალიშვილზე განხორციელებულ უგუნურ თავდასხმაზე და მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ. რუსეთის ასეთი ქმედება შეესაბამება იმ ქცევის მოდელს, რომლითაც რუსეთი სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის იგნორირებას ახდენს, ძირს უთხრის მთელ მსოფლიოში ქვეყნების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას და ცდილობს დასავლური დემოკრატიული ინსტიტუციებისა და პროცესების დისკრედიტირებას“.

მიხეილ ჯანელიძე

გაერთიანებულ სამეფოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც ვკითხულობთ:

"მკაცრად ვგმობთ ნერვულ-პარალიზებადი ნივთიერების გამოყენებით სოლსბერიში მომხდარ თავდასხმას. საქართველო ბრიტანელი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, გაერთიანებულ სამეფოს, სამართლიანობისკენ სწრაფვაში".

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის მხრიდან რუსეთის მისამართით გაკეთებული მწვავე განცხადებების კონტექსტში საქართველოს მოხსენიება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მორიგ აღიარებად მიიჩნიეს, საკითხი კი, ახლა მაინც თუ შეუერთდება კონსოლიდირებული დასავლეთის სანქციებს საქართველო და გამოიყენებს თუ არა ამას, როგორც ინსტრუმენტს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, კვლავ ღიად რჩება.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო ქაცარავას, რადიო თავისუფლება, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, ვერ დაუკავშირდა, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში კი მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს სიმართლის დადგენის აუცილებლობაზე, რითაც, ფაქტობრივად, იმეორებს რუსულ ნარატივს. ამგვარი ორაზროვანი განცხადება არის, როგორც მინიმუმ, არაკომპეტენტური და არის უპატივცემულობის გამომხატველი საქართველოს მოკავშირეებისა და, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთის მიმართ...
გიორგი კანდელაკი

„ბრიტანეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები და მათ შორის პრემიერ-მინისტრის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსთვის. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ბრიტანეთი ყოველთვის იყო საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი და არა მხოლოდ განცხადებების, არამედ პრაქტიკულ დონეზეც“.

ხელისუფლებას ამ მწვავე ფონზეც კი ძალზე თავშეკავებული განცხადების გამო უსაყვედურებს ოპოზიცია, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შინაარსი კი ორაზროვნად მიაჩნიათ „ევროპულ საქართველოში":

„მაშინ როცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და აშშ დარწმუნებით ხელს ადებენ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას ამ მტრული აქტის განხორციელებაში და პასუხისმგებლობას აკისრებენ მას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს სიმართლის დადგენის აუცილებლობაზე, რითაც, ფაქტობრივად, იმეორებს რუსულ ნარატივს. ამგვარი ორაზროვანი განცხადება არის, როგორც მინიმუმ, არაკომპეტენტური და არის უპატივცემულობის გამომხატველი საქართველოს მოკავშირეებისა და, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთის მიმართ“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

გიორგი ბადრიძე კი, საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში, რონდელის ცენტრის უფროსი მკვლევარი, ლაპარაკობს იმაზე, თუ რა ტიპის სანქციები შეიძლება იყოს ეფექტური რუსეთის მიმართ დასავლეთის კონსოლიდაციის კვალდაკვალ. მისი სიტყვებით, თუ დასავლეთი მწვავე განცხადებებიდან მწვავე ქმედებებზე არ გადავა, რუსეთზე სერიოზული გავლენის მოხდენის ალბათობა იკლებს:

„თუ დასავლეთის რეაქცია მხოლოდ განცხადებებით და მხოლოდ დიპლომატიური ჟესტებით შემოიფარგლება, როგორიც არის, მაგალითად, რუსეთში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე არწასვლა ან უმაღლეს დონეზე კონტაქტების შეწყვეტა, ეს რუსეთისთვის ყველაზე იდეალური შედეგია, ვინაიდან კრემლისთვის ყველაზე ხელსაყრელია იმის შეგრძნება, რომ არსებობს კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის და რომ აუცილებელია მტკიცე ხელი კრემლში. თუ ამ დიპლომატიას, ამ რიტორიკას არ მოჰყვა სერიოზული და საგრძნობი ნაბიჯები, არაფერი აქედან არ გამოვა“.

გიორგი ბადრიძე

საქართველოს კი, გიორგი ბადრიძის თქმით, უკვე ჰქონდა შანსი მიერთებოდა დასავლეთის სანქციებს 2014 წელს, როდესაც დასავლეთმა პირველად გააცნობიერა, რომ რუსეთისადმი დაყვავების პოლიტიკა არ მუშაობს და ის, რაც საქართველოში ხდებოდა, არ იყო ლოკალური გართულება, მაგრამ იმ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა ქვეყანა არ გამხდარიყო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი და ეს მაშინ, როდესაც დასავლეთმა დაიწყო რუსეთისათვის პასუხის გაცემა დაწესებული სანქციების სახით:

„საჭიროა საქართველოს დიპლომატიის გააქტიურება ჩვენს პარტნიორებთან - არა მხოლოდ „ტვიტერში“ სოლიდარობის გამოხატვა, არამედ აქტიური მუშაობა, რომელიც ჩვენმა დიპლომატებმა იციან, ეს გამოცდილება მიღებული აქვთ მრავალი წლის განმავლობაში. მაგალითად, არაღიარების პოლიტიკა იყო ჩვენი დიპლომატიის გამარჯვება, სწორედ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობის შედეგად. დღეს ჩვენ ახალ დონეზე უნდა ავიყვანოთ პარტნიორებთან მუშაობა იმისათვის, რომ რუსეთთან ლაპარაკის დროს დასავლეთმა საქართველო მწვავედ დააყენოს დღის წესრიგში“.