ქუთაისის მერიას საშტატო ერთეულების ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებენ

ქუთაისი

ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგისთვის შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის“ ქუთაისის მერიას მიმდინარე წლიდან ახალი სამსახურების შექმნასა და დასაქმებულთა საშტატო ერთეულების ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ ნაწილთან ერთად ხელოვნურად გაზრდილ შტატებზე ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებიც საუბრობენ, რაც, მათივე აზრით, იმითაა გამოწვეული, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში თანამდებობებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ინარჩუნებენ.

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციათა ადგილობრივი ოფისები საჯარო სამსახურებში საკადრო პოლიტიკის მონიტორინგს აწარმოებენ და მოქალაქეთა მიმართვიანობისა და გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე დასკვნებს მოკლე დროში დადებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორის თამარ ჭარბაძის განმარტებით, ქუთაისის მერიის სამსახურებიდან თანამშრომელთა დათხოვნის ფაქტი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, თუმცა იმერეთის მუნიციპალიტეტებში სამსახურის პირადი განცხადების საფუძველზე დატოვების ცალკეული შემთხვევები გამოვლინდა.

თამარ ჭარბაძის განცხადებით, იმერეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობებიდან ორგანიზაციამ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს და მიიღეს 2012 წლის 1 ივნისიდან მიმდინარე წლის 1 თებერვლამდე და რა იყო ამის საფუძველი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მსგავსად, საჯარო სამსახურებიდან უკანონოდ ან უსამართლოდ გათავისუფლებულთა, ან პირადი განცხადების საფუძველზე დათხოვნილთა შესახებ კვლევას აწარმოებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ოფისიც. ოფისის ხელმძღვანელის თამარ ფაჩულიას განცხადებით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე იმ მოქალაქეთა მიმართვიანობა, რომლებიც საჯარო სამსახურიდან თავს უკანონოდ გათავისუფლებულად მიიჩნევდნენ, მეტი იყო.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტებში ხშირია შემთხვევები გამგებლის მიერ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვებისა. თამარ ფაჩულიას განცხადებით, მსგავს შემთხვევებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი არეგულირებს და აუცილებელია მისი ნორმების დაცვა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადგილობრივი ოფისის მიერ იმერეთის მასშტაბით გამოთხოვილი ინფორმაცია საჯარო სამსახურებიდან თანამშრომელთა დათხოვნის შესახებ დამუშავების სტადიაშია და კვირის ბოლოს ორგანიზაციის საერთო ანგარიშში ჩაიდება, რაც, იურისტების აზრით, საზოგადოებას დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას მისცემს.