თბილისის საკრებულოს 29 სექტემბრის სხდომის გადაწყვეტილება გახდა მიზეზი იმისა, რომ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა 2 ოქტომბერს საკრებულო დატოვა და ამის შესახებ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე აცნობა. ამავე ნაბიჯისკენ მოუწოდა მან სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს. სოლოლაკის ქედისა და თავისუფლების მოედნის მახლობლად მდებარე მიწის ნაკვეთისათვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლა გააპროტესტეს თბილისის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. ისინი მოუწოდებენ დედაქალაქის მერს არჩევნებამდე შეაჩეროს საკითხის საბოლოო გადაწყვეტა.
Your browser doesn’t support HTML5
სექტემბრის ბოლოს გამართულ ხმაურიან საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მერობის კანდიდატებმა და გარემოს დამცველებმა სოლოლაკის ქედისა და თავისუფლების მოედნის მახლობლად მდებარე მიწის ნაკვეთისათვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლის საკითხის განხილვა უშედეგოდ გააპროტესტეს. საკრებულოს 25-მა წევრმა მხარი დაუჭირა პუშკინის სკვერთან მდებარე მიწის ნაკვეთისა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობისთვის სტატუსის შეცვლას, რათა იქ შესაძლებელი გახდეს მიწისქვეშა ავტოსადგომისა და გოლფის მოედნებისთვის საჭირო საირიგაციო სისტემის აშენება. ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის, საკრებულოდან წასვლის საბაბი გახდა. 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა მან ოპოზიციონერ კოლეგებს:
„29 სექტემბერს თბილისის საკრებულო იყო არა ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ხალხის პრობლემებზე უნდა მსჯელობდეს, არამედ იყო ერთი კაცის მომსახურე ბიურო. დაჩქარებულად, ფაციფუცით, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, თბილისის საკრებულომ ერთ ადამიანს დაურტყა ყველაფერზე ბეჭედი და მისცა ყველაფრის ნება. შესაბამისად, მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს და მოვუწოდებ ყველა კოლეგას, ოპოზიციონერს და არამხოლოდ ოპოზიციონერს, ვისაც აქვს ღირსების განცდა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, დატოვოს თბილისის საკრებულო, ვინაიდან ამით ყველა დაამტკიცებს, რომ ისინი არ არიან იმ ერთი კაცის ნოტარიული ბიუროს ყმები და ყურმოჭრილი თანამშრომლები“.
მის ამ მოწოდებას ენთუზიაზმით არ გამოხმაურებიან ოპოზიციონერი დეპუტატები. მეტიც, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა ალეკო ელისაშვილი, მათივე სიტყვებით, 29 სექტემბრის სხდომაზე გამოჩენილი პასიურობის გამო გააკრიტიკა. კრიტიკოსთა შორის არის მამუკა ახვლედიანი, „ევროპული საქართველოს“ წევრი:
„ბოლო სხდომაზე ალეკოს დამოკიდებულება ამ საკითხისადმი იყო სრულიად მიუღებელი, როდესაც ალეკომ არანაირი პოზიცია არ გამოხატა იმ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის საკრებულოში ხდებოდა, და საკრებულოს დატოვებაც ბოლო თვეში სრულიად არასწორია და არამართებულია“.
ამ კრიტიკას ალეკო ელისაშვილმა 2 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა:
„ხალხის ინტერესების დასაცავად სამი წელი ვიბრძოდი ისე, როგორც შემეძლო, საკრებულოშიც და საკრებულოს გარეთაც. არ ვიცი, კარგად გაიაზრონ ჩემმა კოლეგებმა, რა რეალობა შეიქმნა 29 სექტემბრის შემდეგ“.
თბილისის საკრებულოს დატოვებას არ აპირებენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის რესპუბლიკელები. ხათუნა სამნიძე თვლის, რომ ისინი საკრებულოში ვადის ამოწურვამდე, ანუ მომდევნო სამი კვირის განმავლობაში, უნდა დარჩნენ და საკითხების განხილვაში აქტიური მონაწილეობა განაგრძონ:
„ალეკო ელისაშვილი არის მერობის კანდიდატი, მას აქვს საკუთარი დღის წესრიგი და მისი საქმეა, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულოს წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰყავს ფრაქცია საკრებულოში და ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე, ვადის ამოწურვამდე, მივიღოთ მონაწილეობა ყველა საკითხის განხილვაში“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც მათ გზის გადაკეტვა და მერიაში შესვლა დააპირეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას, განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აქციის რამდენიმე მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. ინფორმაციას სამი პირის დაკავების შესახებ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოუწოდებენ თბილისის მერს არჩევნებამდე შეაჩეროს თავისუფლების მოედნისა და თაბორის მთის ნაწილისთვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლის საკითხი:
„ეს არ არის არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გასაპროტესტებელი, არც „ქართული ოცნების“, არც ლეიბორისტების, არც სხვა პარტიების. თბილისელებმა არ უნდა აიტანონ ის, რომ ერთ ადამიანს, ივანიშვილს, საკუთრებაში მიაქვს თბილისის ცენტრი, პუშკინის სკვერი, ხალხო! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს გადაწყვეტილება სისრულეში არ მივაღებინოთ. ძალიან მარტივი და კორექტული მოთხოვნაა, რომ გააჩერონ პროცესი, დეპუტატები შეგვიშვან ადმინისტრაციულ ორგანოში“.
დედაქალაქის მთავრობას თაბორის ქედის ნაწილისთვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შესაცვლელად მიმართა კომპანიამ, რომელიც „პანორამა თბილისის“ პროექტს ახორციელებს. პროექტის თანახმად, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, თაბორის მთაზე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, გოლფის მოედანი და სასტუმრო უნდა აშენდეს, რომელიც, მათი მტკიცებით, ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის. პროექტი შედგება ორი საკადასტრო ერთეულისგან, რომელთა მფლობელები ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები „ფინსერვისი 21” და „თაბორი რეზორთსი“ არიან. რაც შეეხება თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიას, ამავე პროექტის ფარგლებში იქ იგეგმება რამდენიმედონიანი ავტოსადგომის მშენებლობა.