აუცილებელია საჯარო სამსახურის რეფორმა და არაფორმალური მმართველობის დასრულება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ „ეროვნული ანიტოკორუფციული სისტემის“ თაობაზე ანგარიში პრეზენტაცია გამართა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა არა ქვეყანაში კორუფციის დონის გაზომვა, არამედ იმ ინსტიტუტების სიძლიერის შეფასება , რომელთა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება გავლენას ახდენს კორუფციის პრევენციაზე. ანგარიში 12 სახელმწიფო ინტიტუტის მუშაობას აფასებს, რომლის თანახმადაც ცენტრალური საარჩევნო კომისია და აუდიტის სამსახური ანტიკორუფციული სისტემის ლიდერებად დასახელდნენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიში 2011-2015 წლების პერიოდს აფასებს. ნინო ხარაძე განავრცობს თემას.

„თუ 2015 წლის ანგარიშის შედეგებს ეროვნული ანტოკორუფციული სისტემის 2011 წლის შეფასებას შევადარებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი სახეზეა საარჩევნო ადმინისტრაციაში, მედიაში, სამოქალაქო სექტორში, სასამართლოში, ამასთან, მეტ-ნაკლები პროგრესი შეინიშნება სხვა ინტიტუტებშიც“,– ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში „ეროვნული ანიტოკორუფციული სისტემის“ თაობაზე.

თუმცა, ამავე ანგარიშის თანამხად, „2013 წლის ბოლოდან მოყოლებული, თავი იჩინა შესაძლო არაფორმალური მმართველობის ნიშნებმა, რაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ მთავრობაზე გავლენის შენარჩუნებაში გამოიხატა. პრემიერ- მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად, ჩანს, ივანიშვილი კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც პრობლემურია, რადგან, ოფიციალური თანამდებობის არქონის პირობებში, კანონით დადგენილი ანგარიშვალდებულების მექანიზმები ბიძინა ივანიშვილზე არ ვრცელდება", – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს პარლამენტის არაეფექტური ზედამხედველობის საკითხი მთავრობასთან მიმართებით. იკვეთება ასევე ყოფილი თანადებობის პირთა მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში პოლიტიკური მოტივაციის და სამართლის შერჩევითი გამოყენების ნიშნები, რაც ჩრდილს აყენებს სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხს.

მეტი ყურადღება უნდა მიექცეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ალბათ, უნდა ჩატარდეს უფრო ეფექტური საჯარო სამსახურის რეფორმა და საჯარო სამსახური უნდა გახდეს აპოლიტიკური...

კვლევის ავტორთა მოსაზრებით, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საჯარო სამსახურიდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა იმის მანიშნებელია, რომ „საქართველოში ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი პროფესიონალური საჯარო სამსახური. შეშფოთებას იწვევს ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის სავარაუდო შემთხვევები საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის პროცესში“.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც ღია და კონკურენტული ტენდერების გარეშე ხორციელდება.

როგორც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღანელი ეკა გიგაური ამბობს, სახელმწიფო მმართველობის სისტემის გასაჯანსაღებლად აუცილებელია რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვილილებების განხორციელება:

„მეტი ყურადღება უნდა მიექცეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ალბათ, უნდა ჩატარდეს უფრო ეფექტური საჯარო სამსახურის რეფორმა და საჯარო სამსახური უნდა გახდეს აპოლიტიკური. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავი უწყებების გაძლიერება არ ხდებოდეს და სხვა ინსტიტუტების გაძლიერებაზეც გაკეთდეს აქცენტი, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს არაფორმალური მმართველობის სისტემა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს და ვფიქრობთ, რომ, ზუსტად ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ჩვენ ვისაუბროთ საქართველოში დემოკრატიული მართვის სისტემაზე“.