რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის კახეთის რეგიონში და რა ბარიერებია?
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ კახეთში, საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად ახმეტის გამგეობა, ხოლო ყველაზე გახსნილად თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო დაასახელა. ორგანიზაციის წარმომადგენელი გოგა თუშურაშვილი გვეუბნება, რომ თვითმმართველობებს საჯარო ინფორმაციის გაცემა ჯერ მხოლოდ წინა წლებთან დაკავშირებით უწევთ, რა დროსაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ამიტომ მათი გახსნილობა საკმაოდ დიდია.
„მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე ყველაზე დიდი მაჩვენებელი თელავის საკრებულომ, ხოლო დაბალი ახმეტის გამგეობამ აჩვენა. ეს განპირობებულია იმით, რომ უწყებებს ამ ეტაპზე წინა წლების ინფორმაციის გაცემა უწევთ და არა საკუთარი მოღვაწეობის პერიოდისა“.
ბლოგერი ქრისტიანა გრიგორიანი ამბობს, რომ საჯარო ინფორმაციის მიღებას ის ადგილობრივი თვითმმართველობებიდან დაგვიანებით და ხშირად არასრული სახით ახერხებს. ბლოგერის თქმით, ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელიც მას ლაგოდეხის გამგეობამ მიაწოდა, ბეჭდისა და ხელმოწერის გარეშე იყო:
„პრობლემები არსებობს როგორც ვადების, ასევე ინფორმაციის სრულყოფილად მიღების კუთხით. მაგალითად, ჩემ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, რომელიც დაგვიანებით მივიღე, არ ჰქონდა ბეჭედი და არ იყო ხელმოწერილი. ის, ფაქტობრივად, დაუმოწმებელი იყო“.
ვადების დარღვევით მიღებულ საჯარო ინფორმაციაზე საუბრობს რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტი სოფო სარალიძეც. მისი თქმით, სატენდერო დოკუმენტაციის მიღება, რომლითაც მედიასაშუალება დაინტერესდა, კომპანიამ მხოლოდ 10 დღის შემდეგ, არაერთი სატელეფონო ზარის შედეგად, შეძლო, თუმცა ისიც - არასრული სახით. საჯარო ინფორმაციის მიღების კუთხით პრობლემები არ ჰქონია საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს კახეთში რომან ქევხიშვილს, თუმცა გარკვეულ ხარვეზებზე ისიც მიუთითებს:
სოფო სარალიძე: „ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია ტენდერებისა და საბიუჯეტო თანხების განკარგვის შესახებ, მაგრამ ინფორმაცია ჩვენთან დაგვიანებით, 10-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, მოვიდა, თუმცა მანამდე გვეუბნებოდნენ, რომ დოკუმენტს დათქმულ დროში კურიერი მოგვაწვდიდა“.
რომან ქევხიშვილი: „ზოგადად, ინფორმაციის მიღების მხრივ პრობლემა არ მაქვს. ეს ეხება კომენტარების ჩაწერასაც, თუმცა მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი შემაფერხებელი სეგმენტი პრესსამსახურებია, რომლებიც გამგეობებში ჰყავთ“.
„მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დიდ ნაწილზე გამგეობამ პასუხი დადგენილ ვადებში გასცა“ - ასეთია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოზიცია. კახა ჯამბურიას განმარტებით, გამგეობამ მხოლოდ ისეთი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე თქვა უარი, რომელიც პირის იდენტიფიცირებას ახდენდა.
„ჩვენ არ გვაქვს უფლება გავცეთ ასეთი ინფორმაცია: თანამდებობების დასახელება და პიროვნებების სახელი და გვარები, იმიტომ რომ ეს პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა“.
ა/ო „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში" ამბობენ, რომ, გასულ წლებთან შედარებით, საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაზრდილია, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მომდევნო წლებში გაირკვევა, თუ რამდენად ღია და გამჭვირვალეა ახლად არჩეული თვითმმართველობები.