პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე კვირას განიხილა და მხარი დაუჭირა რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტს, რომლებიც სხვადასხვა სფეროს ფინანსურ მხარდაჭერას და ამ მხარდაჭერაში ცვლილებებს ითვალისწინებს.
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულება „საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვი“ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ შესაძლებლობებს იძლევა.
Your browser doesn’t support HTML5
ამ ხელშეკრულების თანახმად, ბანკები, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ პროექტებს სესხის სახით დააფინანსებენ. პროექტები მებაღეობისა (მეთხილეობის ჩათვლით) და მეღვინეობის მიმართულებითაც დაფინანსდება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შექმნის მთლიან ციკლს მოიცავს. პროგრამას სოფლის მეურნეობის პროდუქტების მართვის სააგენტო განახორციელებს.
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტი)“ სასესხო შეთანხმების მიხედვით, EBRD-მა საქართველოს, სესხის სახით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ხიდის მშენებლობისთვის 6 მლნ. ევრო გამოუყო. სესხის ხანგრძლივობა 15 წელს შეადგენს. მათ შორის 3 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია EURIBOR-ზე. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
კიდევ ერთი დოკუმენტი გახლდათ საგრანტო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოს, გრანტის სახით, დაახლოებით, 1 მლნ. აშშ. დოლარი იმ პირობით გამოუყო, რომ ეს თანხა, შესაძლოა, გაზრდილიყო ან შემცირებულიყო. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს თანამონაწილეობა, დაახლოებით, 333 ათას აშშ დოლარს შეადგენდა, რომელიც ასევე გრანტის თანხის გაზრდის ან შემცირების შესაბამისად შეიცვლებოდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, დოკუმენტში განხორციელებული ცვლილებით, USAID-ის მიერ გამოყოფილი საგრანტო თანხა 1 მლნ აშშ დოლარით იზრდება. შესაბამისად, იზრდება საქართველოს თანამონაწილეობაც.
კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა საგრანტო შეთანხმებაში „დემოკრატიული
კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა -განვითარების მიზნის შესახებ“. USAID-ის გადაწყვეტილებით, გრანტის მთლიანი თანხა, დაახლოებით, 6,52 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა.
კომიტეტის სხდომაზე განხორციელებული კიდევ რამდენიმე ცვლილების თანახმად, USAID-ის მიერ გამოყოფილი ჯამური თანხის 13,1 მლნ აშშ დოლარით გაზრდა იგეგმება, რაც, შესაბამისად, 57,2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. 14 მლნ 970 ათასი აშშ დოლარით იზრდება, ასევე, საგრანტო თანხის ოდენობა. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი მიმართულებები რჩება იგივე, რაც ძირითადი საგრანტო შეთანხმებით იყო განსაზღვრული. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი მიმართულებებით: კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება, განათლება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა და გარემო. შესაბამისად, ყოველი მათგანისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა იზრდება. მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისათვის განსაზღვრული საგრანტო თანხა გაიზარდა ერთი მილიონ 700 ათასი აშშ დოლარის ოდენობით და 3 მლნ 260 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ პროექტებისა, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს საერთაშორისო დახმარებით - დახმარებით, რომელიც ქართული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.